Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივ აირზე ტარიფი არ გაზრდილა, - აცხადებენ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში


ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, – განმარტავენ ”ყაზტრანსგაზ-თბილისში”,

რომლის მიმართ მოსახლეობის პრეტენზიები ბოლო დროს, ძირითადად, გადასახადის გაზრდილი ოდენობის გამო დაგროვდა. გადასახადის გაზრდილ ოდენობას თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში, ძირითადად, აირის მოხმარების პერიოდის ერთჯერადი, მექანიკური გახანგრძლივებით ხსნიან.

აღნიშნავენ იმასაც, რომ იანვარში აბონენტებთან ბინაზე მისულ ქვითრებში გადასახადის სიდიდე განაპირობა თავად მოსახლეობის მიერ ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების ზრდამაც. დეკემბერსა და იანვარში დედაქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და, ბოლო წლებთან შედარებით, 40-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა.

თუმცა, ამ განმარტებების მიუხედავად, არ არის გამორიცხული, რომ ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” სასამართლოში მოპასუხის როლში აღმოჩნდეს.

სარჩელზე, რომელიც სასამართლოში უახლოეს ხანში შევა, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია მუშაობს. ლეიბორისტები კომპანია ”ყაზტრანსგაზ–თბილისს” მოსახლეობისათვის დამატებითი გადასახადის დაკისრებასა და ტარიფის გაზრდაში ადანაშაულებენ:

[სოსო შატბერაშვილის ხმა]“ არ შეესაბამება ტარიფის რაოდენობა დანახარჯს. ტარიფი გამოდის სადღაც 55 თეთრამდე, 52–55 თეთრი, - დაახლოებით ასეა გადაანგარიშებული - და როდესაც დიდი თანხაა, ბევრმა არ აიღო კალკულატორი და არ გადაიანგარიშა ეს ყველაფერი. ვინც ეს გააკეთა, მოგვაკითხა ჩვენ და ჩვენ გავხადეთ ეს ცნობილი მასმედიისათვის.“

ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი იოსებ შატბერაშვილი, რომელიც, ერთი მხრივ, იზიარებს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” განმარტებას საანგარიშო პერიოდის ერთჯერადი ზრდისა და, შესაბამისად, ამ გზით დაგროვილი ნამატი გადასახადის შესახებ, მეორე მხრივ კი, ამტკიცებს, რომ ინკასატორები მომხმარებელთან დახარჯული აირის ჩვენების ასაღებად წინასაარჩევნო დღეებში ხელისუფლების დავალებით არ მივიდნენ, რათა მოსახლეობაში გაღიზიანება არ გამოეწვიათ.ლეიბორისტთა ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაზგამანაწილებელ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ მთელ ამ საქმეში გაუგებრობა არა არჩევნებმა, არამედ ახალი წლის დღესასწაულმა გამოიწვია. აი, რას ამბობს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა სარია:

[ეკა სარიას ხმა]“ მივიდნენ ინკასატორები, მაგრამ არ მივიდნენ ახალი წლის, შობისა და ბედობის დღეებში. ისინი მივიდნენ 8 იანვრიდან. ასე რომ, ამ ანათვლებში ახლა არის მინიმუმ 38 დღის მონაცემი. ზოგან ეს გაიჭიმა და არის 40–45 დღის მონაცემები. ანუ, თუ მოუწიათ ამ თვეში თვე-ნახევრის, ანუ 45 დღის, გადასახადი, შესაბამისად, თებერვალში რომ მიიღებენ, იქ იქნება 15 დღის. ანუ ეს დაბალანსდება ამ ხარჯით.“(სტილი დაცულია)

როგორც ეკა სარია განმარტავს, როდესაც მოსახლეობას იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაანგარიშებული ქვითარი მიუვა, თავად დარწმუნდება, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაზრდილი არ არის და ძველ ნიშნულზე, 50, 2 პროცენტზე, რჩება. ჩვენებაში ნაწილობრივ აისახება ვაუჩერების საფუძველზე ჩარიცხული თანხებიც.

[მამუკა კიკალიშვილის ხმა]“ვაუჩერების თანხის დიდი ნაწილი უკვე ჩარიცხული აქვთ ჩვენს აბონენტებს და, შესაბამისად, ის თანხა მათ გამოაკლდათ მოხმარებული გაზის რაოდენობის თანხიდან. დარჩენილი ნაწილი, ვისაც ველოდებით, მათი თანხებიც ჩაირიცხება ჩვენს ანგარიშებზე. შესაბამისად, ქვითარში, რომელიც მათ მიუვათ, გამოკლებული იქნება ვაუჩერის თანხის ღირებულება და კომპენსაცია.“(სტილი დაცულია)

ამბობს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა კიკალიშვილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლოეს ხანში, შესაძლოა, კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მოპასუხე მხარეც კი აღმოჩნდეს. ლეიბორისტული პარტიის გარდა, ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მომჩივნად, შესაძლოა, პარტია „მომავალი საქართველოც“ მოგვევლინოს. პარტია აპირებს ამ დღეებში გენერალურ პროკურატურას ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია ”ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ მოსახლეობისათვის დამატებითი გადასახადების დარიცხვის საკითხზე მიმართოს. პარტიის ხელმძღვანელი გიორგი ლაღიძე არ გამორიცხავს, რომ ცალკე სარჩელი ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” წინააღმდეგაც მომზადდეს:

[გიორგი ლაღიძის ხმა]“ ქვითრებში არის თანხები გაბერილი, საკითხი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. საუბარია ძველი დავალიანებების დარიცხვების სახით ამოღებაზე. ასე იქცევა ”ყაზტრანსგაზ-თბილისიც” და მე ამას დავადასტურებ დოკუმენტურად.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG