Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა


30 იანვარს პარიზის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის საქმის მოსმენა გერმანიაში 4 იანვარს დასრულდა.



საფრანგეთი ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირებისა და პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხებს 27 თებერვალს განიხილავს. მანამდე კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარიზში ერთ–ერთ ქართულ ოჯახში იცხოვრებს.

პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას ექს-მინისტრის თანამოაზრეები იმის უტყუარ წინაპირობად მიიჩნევენ, რომ საფრანგეთი ირაკლი ოქრუაშვილის პირობითი გათავისუფლების შემდეგ მის სასარგებლოდ გადაწყვეტს როგორც საქართველოში ექსტრადიციის, ისე მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხს. ექსტრადიცია სასამართლოს კომპეტენციაა, პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე კი შესაბამისი სამსახური იმსჯელებს. ეს ორი პროცედურა 27 თებერვალს პარალელურ რეჟიმში გამხორციელდება. რაც შეეხება ამ პროცედურების დასრულებამდე ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საფუძველს, ადვოკატ ეკა ბესელიას განმარტებით, ეს მოხდა დაცვის მხარის შუამდგომლობით, შემდეგი ძირითადი არგუმენტების გათვალისწინებით:

[ეკა ბესელიას ხმა]“განთავისუფლების ძირითადი საფუძველი იყო პირველი ის, რომ არ არსებობდა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნის კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლები, რომ მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება იქნებოდა უკანონო; მეორე არგუმენტი გახლდათ ის, რომ შევთავაზეთ ჩვენ ერთი ქართული ოჯახი, საფრანგეთში მცხოვრები, რომელიც თანახმაა, რომ დროებითი თავშესაფარი გაუწიოს ბატონ ოქრუაშვილს, ანუ ამ ოჯახის საშუალებით იქნება კომუნიკაცია შესაძლებელი, და ასევე გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოვიშველიეთ ჩვენ საფრანგეთის მართლმსაჯულების წინაშე, რომ ძალიან ბევრი ბრალდება - მათ შორის, წარდგენილი ხუთი ბრალდებიდან ოთხი ბრალდება - იქნა უარყოფილი და იქნა მითითებული, რომ ეს ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი.“(სტილი დაცულია)

ადვოკატი ეკა ბესელია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თავადვე უარყოს ბრალდებები ირაკლი ოქრუაშვილის მიერ თანხის მითვისების, უფლებამოსილების გადამეტების, გულგრილობის, ფულის გათეთრების შესახებ და შეწყვიტოს პოლიტიკური მოძრაობის - „ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერის პოლიტიკური დევნა.

სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ამ უწყების თავკაცი ეკა ტყეშელაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ, მტკიცებულების თვალსაზრისით, საქმე ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის თაობაზე მყარია. საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 30 იანვარს პარიზის სასამართლომ განიხილა ირაკლი ოქრუაშვილის არა ბრალეულობის, არამედ აღკვეთის ღონისძიების საკითხი და პატიმრობა რამდენიმე სავალდებულო პირობით შეუცვალა, კერძოდ, ჩამოართვა პასპორტი, აუკრძალა პარიზისა და მისი შემოგარენის დატოვება, აეროპორტებისა და რკინიგზის სადგურების მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოება, ყველა ტიპის კომუნიკაცია, რომელმაც, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საფრანგეთში მისი საკითხის განხილვის პროცესზე. ირაკლი ოქრუაშვილი კვირაში 2–ჯერ უნდა გამოცხადდეს შესაბამისი პოლიციის განყოფილებაში და, გამოძახების შემთხვევაში, ასევე - სასამართლოში. ამ სავალდებულო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარიზის სასამართლო ოქრუაშვილისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ესაა განმარტება პარიზის სასამართლოს 30 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აკეთებს. გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია ამასთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრეთა ოპტიმიზმი გადამეტებულია, რადგან პარიზის სასამართლოს 30 იანვრის გადაწყვეტილება ტექნიკური საკითხია და ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მოხსნას:

[ნიკა გვარამიას ხმა]“ საფრანგეთის მხარე თვითონ წყვეტს მართლმსაჯულების პროცესი ექსტრადიციასთან დაკავშირებით როგორ განახორციელოს. თუ ის საჭიროდ ჩათვლიდა, რომ ამისთვის საჭირო იყო ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა,დატოვებდა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, რომ ეს არ არის აუცილებელი და შესაძლებელია ალტერნატიული ღონისძიებებით ამის უზრუნველყოფა, ასე გააკეთებდა. ნუ, ასეც მოიქცა. ექსტრადიციის საკითხთან ეს არავითარ კავშირში არ არის.“

27 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომას პარიზში საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელიც დაესწრება. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ეკა ბესელიას ირაკლი ოქრუაშვილისათვის საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის ერთ–ერთ მთავარ პირობად მიაჩნია ევროპული კონვენცია, რომელიც კრძალავს იმ პირის ქვეყანაში ექსტრადირებას, სადაც მას პოლიტიკური დევნა ემუქრება, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი კი ეჭვქვეშ დგას.
XS
SM
MD
LG