Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


31 იანვარს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესა და კაბინეტის დანარჩენ 17 წევრს მხარი 141-მა დეპუტატმა დაუჭირა. სესიას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია ოპოზიცია, რომლის წევრებიც არ ცნობენ არც პრემიერ-მინისტრისა და არც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.

[საქართველოს ჰიმნი]

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია ეროვნული ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. დეპუტატებმა, ვიდრე გენერალურ პროკურორად ეკა ტყეშელაშვილს დაამტკიცებდნენ, ხოლო ბრალდებულ ვალერი გელბახიანს დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიდნენ, კენჭი უყარეს პარლამენტის დადგენილებას.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „საქართველოს პარლამენტი ადგენს, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ნდობა გამოეცხადოს სამთავრობო პროგრამას „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ და მთავრობის შემადგენლობას. გთხოვთ მოემზადოთ კენჭისყრისათვის. გმადლობთ. გადაწყვეტილება მიღებულია! მთავრობის პატივცემულო წევრებო, გილოცავთ ამ მაღალი ნდობის გამოცხადებას და გისურვებთ წარმატებას.“

ლადო გურგენიძის მთავრობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას მხარი დარბაზში მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თავის ერთსაათიან გამოსვლაში, ძირითადად, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკის სტიმულირების გზებზე ისაუბრა. გურგენიძის თქმით, დაკანონდება პროფიციტური ბიუჯეტი და ერთნიშნა ინფლაცია, ხოლო გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება:

[ლადო გურგენიძის ხმა] „ჩვენი პროგრამა მოიცავს 2009 წლის პირველი იანვრიდან გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე გადასახადისა, რომელიც ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან ობლიგაციებიდან მოდის; გაუქმებას ფასნამატზე მოგების გადასახადისა, გაუქმებას დივიდენდზე გადასახადისა, თუკი ეს არის დივიდენდი, გადახდილი ლიკვიდური საჯარო კომპანიის მიერ. ხოლო ხუთი წლის მანძილზე ეს სამი შეღავათი გავრცელდება საერთოდ ყველა ტიპის აქტივზე და ეს მოხდება იმის კვალდაკვალ, რაც საშემოსავლო გადასახადი შემცირდება. ამ წუთას არის 25 პროცენტი, დაიწევს 15 პროცენტამდე. შედეგად ყველა ამ გადასახადის დაწევისა ჩვენ მივიღებთ ყველაზე ლიბერალურ საგადასახადო ფონს მთელს აღმოსავლეთ ევროპაში.“

შედეგად, ლადო გურგენიძის გათვლებით, საქართველოში უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა და 200 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, მთავრობა აპირებს სოციალურ დანახარჯებზე ბიუჯეტის დაახლოებით მესამედის მიმართვას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამ და სხვა მუხლებმა საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მოწონება დაიმსახურა.

[დეპუტატის ხმა] „აი, ასეთი ჩამოყალიბებული, პროფესიონალური და ძლიერი გუნდი არ ჰყოლია არც ერთ პრეზიდენტს.“

[დეპუტატის ხმა] „ბატონო ლადო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან მოკლე დროში ძალზე ეფექტური სამთავრობო პროგრამის შემუშავებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროგრამაში გაწერილი მუხლები და მონაცემები მართლაც დათვლადია.“

[დეპუტატის ხმა] „უპირველესად, მინდა მწუხარება გამოვხატო იმის გამო, რომ განხილვას არ ესწრება ოპოზიცია და ამ მშვენიერი დოკუმენტის განხილვაში არ იღებენ მონაწილეობას.“

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობისაგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობა დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა. რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ეს მთავრობა მიგვაჩნია დროებით მთავრობად, იმიტომ რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ იქნება სულ სხვა ბალანსი. ჩვენ გვაქვს იმის რწმენა და იმედი, რომ ოპოზიცია იქნება მეტად წარმოდგენილი და, ალბათ, უმრავლესობაშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მთავრობას ვუყურებთ როგორც დროებითსა და გარდამავალს.“
სხვანაირად ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ-სამ თვეში ახალი მთავრობა ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონის გაუმჯობესებას შეძლებს და, შესაბამისად, ამომრჩეველიც მოქმედ ხელისუფლებას სიღარიბის დაძლევის ხუთწლიანი პროგრამის განხორციელების საშუალებას მისცემს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG