Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის დელეგაცია ორი დღის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიას პულსს გაუსინჯავს


ორშაბათს გვიან ღამით, 10 საათზე,

საქართველოს ევროკავშირის დელეგაცია, ე.წ. ”ტროიკა”, ეწვევა. საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის გარდა, ევროპის ბლოკის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობისა და პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება კი, თავის მხრივ, შეეცდება ევროკავშირის დელეგაციისაგან მიიღოს პასუხი შეკითხვაზე, თუ როდის ამოქმედდება საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი.


საქართველოში ევროპელი სტუმრების ნამდვილი აღლუმია. დღის პირველ ნახევარში ქვეყანას სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ანდრუს ანსიპი ეწვია, დღის ბოლოსთვის კი ქვეყანაში ევროპკავშირის ”ტროიკის” წევრების - სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი რუპელის, საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხების ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერისა და სხვა ოფიციალური პირების ჩამოსვლას ელოდებიან. ამ ორივე ვიზიტს ერთი რამ აქვს საერთო - ესტონეთიც და ევროკავშირიც დაინტერესებულია, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და არ განმეორდეს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული ხარვეზები. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხში ის პრაქტიკულადაც დაეხმარება საქართველოს და, ესტონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაციას გამოგზავნის.
საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა ევროკავშირსაც აინტერესებს. ევროპის ბლოკს დამკვირვებლების გამოგზავნაც შეუძლია და სურვილი აქვს ამომრჩეველთა სიების მოწესრიგებაშიც დაეხმაროს საქართველოს. თუმცა ჯერ კიდევ 19 იანვარს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რატომ ვერ ახერხებს ამ საშინაო დავალების შესრულებას თავად საქართველო:

[პეტერ სემნები] ”ძალიან ნაადრევი იქნება იმის თქმა, თუ როგორ შეძლებს ევროკავშირი ამის ხელშეწყობას. მეორე - ასევე ერთგვარად ტექნიკური ხასიათის - ასპექტი, რომელიც აგრეთვე საჭიროებს გამოსწორებას, არის ის, თუ როგორ ჯამდება ამომრჩეველთა ხმები. ესეც სუსტი მხარეა. მე ვახსენე აგრეთვე გარემო, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა და ისიც გამოსასწორებელია. ჩვენ ვსაუბრობთ აგრეთვე საარჩევნო კომისიების მომზადების საკითხზე (როგორც უბნების, ისე სხვა დონეებზე). შესაძლოა, კარგი ყოფილიყო ადგილობრივ მეთვალყურეთა დამატებითი მომზადებაც. პირადად მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი მეცადინეობა საარჩევნო უბნების წევრებისა და მეთვალყურეებისთვის პარალელურად უნდა ტარდებოდეს. ისინი ერთი სტანდარტით უნდა მუშაობდნენ. ერთს უნდა ესმოდეს მეორე რას აკეთებს.”

როცა ქვეყანა ვერ თუ არ ატარებს სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს, ეს უკვე აღარ ესმის ევროკავშირს. თანაც, თუკი სიტყვით ეს ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და თანაც ღებულობს ისეთ ხელშესახებ სიკეთეს, როგორიცაა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი ევროპის კავშირის ქვეყნებთან.

[გიორგი ბარამიძე] ” სამეზობლო პოლიტიკის ხილული შედეგი ერთი ის არის, პირველ ყოვლისა, რომ საქართველოს აქვს ე.წ. ”ჯი-ეს-პი პლუსის” რეჟიმი ვაჭრობაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დამზადებული გარკვეული კატეგორია - ეს არის 7200 დასახელების პროდუქცია - შეიძლება შევიდეს ევროკავშირში გადასახადების გარეშე და ასევე კვოტირების გარეშე. აქედან ძალიან ბევრი პროდუქცია საქართველოში ჯერ კიდევ არ იწარმოება. ეს კი იმას ნიშნავს და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიცია.”(სტილი დაცულია)

განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია კონფერენციაზე, სახელწოდებით ”ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში”. კონფერენცია სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” 5 თებერვალს, საღამოს, გაიმართება და მასზე კიდევ ერთხელ დაისმება შეკითხვა, თუ როდის ამოქმედდება საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ შარშან ვარაუდობდა.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG