Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში


თბილისში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო კონფერენციამ „საქართველოს ევროპული გზა“,

რომლის მიზანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება იყო. კონფერენცია შედგებოდა სამი სესიისგან და მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა და კონფლიქტები. ამ უკანასკნელი მიმართულებით კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ერთ–ერთი მთავარი ამოცანა კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკურ პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართვაა.

ევროკავშირს შეუძლია იყოს სერიოზული მოთამაშე ქართულ–ოსური და ქართულ- აფხაზური კონფლიქტების მოგვარების საქმეში. - შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი გზავნილი, ერთი მხრივ, ევროკავშირისკენ, მეორე მხრივ კი, კონფლიქტების მონაწილე მხარეებისკენ.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, როგორც იმ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია რეალურად დიდი როლი ითამაშოს აფხაზებისა და ოსების დარწმუნებაში იმ საკითხში, რომ ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში გაცილებით უფრო ეფექტურია და უფრო მომგებიანი ყველა მხარისთვის. ასევე ევროკავშირი შეიძლება იყოს ერთ–ერთი გარანტორი, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, მათი განვითარების, შენარჩუნებისა და კარგად ყოფნისა, როგორც აფხაზური ეთნოსისა, ისე ოსური ეთნოსისა და, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის უზარმაზარი წყარო სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, საგანმანათლებლო პროექტებისთვის, ეკონომიკური განვითარების პროექტებისთვის.“(სტილი დაცულია)

ამბობს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, ევროკავშირ–საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის სწორედ იმ სესიის მოდერატორი, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხს შეეხებოდა.

კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და სარეაბილიტაციო პროექტებით ევროკომისია საქართველოში 1998 წლიდან მუშაობს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი გაწევრიანდნენ ევროკავშირში და, შესაბამისად, იგი საზღვრებითაც მოუახლოვდა საქართველოს, დადგა დრო, რომ აქტიურ მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესებშიც ჩაერთოს. ასეთია თემურ იაკობაშვილის მოსაზრება, ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსურ მოლაპარაკებათა ფორმატისა და კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური პროცესის სასურველი ინტერნაციონალიზაციის ფონზე.

[პატრიცია ფლორის ხმა]“ რა თქმა უნდა, კონფლიქტების მოგვარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია იმ ინსტრუმენტების გადახედვა, რომლებიც ხელთა აქვს ევროკავშირს კონფლიქტების დასარეგულირებლად, რაც, რასაკვირველია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ნიშნავს - ისევე როგორც მხარეთა შორის ნდობის აღდგენას, რეაბილიტაციას, ეკონომიკურ გაჯანსაღებას.“

ამბობს საქართველოში გერმანიის ელჩი პატრისია ფლორი.ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის 2006 წლის 14 ნოემბერს შეთანხმდა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია. კონფერენციები, მათ შორის, თბილისში 5–6 თებერვალს გამართული კონფერენცია ორიენტირებულია ორმხრივი თანამშრომლობის შედეგებზე, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების კუთხით. კონფერენციის მონაწილე, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დირექტორი დავით დარჩიაშვილი ამბობს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა]“ რაღაც ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცალმხრივი, არასრული და, თვითონ კონფლიქტის რეგულირების, ემოციების დაცხრობის თვალსაზრისით, ჯერ შედეგი არ არის. მაგრამ ყველა ის ნაბიჯი, რაც იდგმება, მე მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც სწორი მიმართულებითაა. უბრალოდ, დამატებითი ნაბიჯები უნდა. აუცილებელი იყო კოდორში წესრიგი და აუცილებელი იყო დროებითი ადმინისტრაცია, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ უნდა რაღაცა, რაც გააადვილებს უკვე ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობას.”(სტილი დაცულია)

როგორ წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას ცხინვალსა და სოხუმთან ურთიერთობის გაადვილება, უახლოეს ხანში გამოჩნდება იმ დოკუმენტით, რომელსაც რეინტეგრაციის ხედვაც შეიძლება ეწოდოს. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა ევროპელებს რეგიონის სტატუსის განსაზღვრაში დახმარება სთხოვა:

[დიმიტრი სანაკოევის ხმა]“ ევროპის დახმარება გვჭირდება, მათი კონსულტაციები აუცილებელია, ჩვენ მათთან კონსულტაციებს განვაგრძობთ, რათა სამხრეთ ოსეთში ევროპული ტიპის მოდელი შეიქმნას.“

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლებიც, მათ შორის, მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა]“ ევროკავშირმა გარკვეული როლი უნდა ითამაშოს იმისთვის, რათა შეჩერდეს გაუცხოების პროცესი და ყველა პრობლემატური საკითხი გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების გზით. ეს არის საწინდარი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG