Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე ოპოზიციის საპროტესტო აქტივობები


გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო სამი თვის მანძილზე განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა

მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე. სხვადასხვა გათვლებით, საქართველოში არ განხორციელდა დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ამას დაემატა ოპოზიციის მოწოდებები სხვადასხვა კომპანიის პროდუქციის ბოიკოტირების შესახებ.

საქართველოში ბოლო სამი თვის მანძილზე შექმნილ ბიზნესისთვის არასტაბილურ გარემოს თან დაერთო, აი, ასეთი მოწოდებებიც:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ეს ბიზნესმენები... თქვენ ხო არ გაგიჟდით, ხალხო, ვის აფინანსებთ თქვენ, რას აკეთებთ თქვენ? მე შენგან კოკა-კოლას ვყიდულობ, თემურ ჭყონია, შენ ამაში მოგებას ნახულობ, მერე სააკაშვილთან ეს ფული მოგაქვს და მე ის რეზინის ტყვიებს მესვრის და ხელკეტებს მირტყამს თავში... თქვენ გაგიჟდით, საერთოდ?! რას აკეთებთ?!”

ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭორს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ორიოდე კვირის წინ გააკეთა. მას მხარი აუბა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ:

[კახა კუკავას ხმა] ”თუ ისინი არიან ქართული ბიზნესი, ეროვნული ბიზნესი და მათ თავიანთი მომხმარებელი სჭირდებათ, მაშინ თავიანთი მომხმარებლების წინააღმდეგ გაზი და დუბინკები არ უნდა დაუფინანსონ ხელისუფლებას. თუ ფიქრობენ, რომ ხალხის გარეშე, მარტო ხელისუფლების კეთილგანწყობა საკმარისია ქართული ბიზნესის საკეთებლად, ზოგადად, ვნახოთ, მომხმარებლების გარეშე როგორ გააკეთებენ.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ასეთ განცხადებებს რამდენიმე მეწარმემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიზნესი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამ თემას ახლახან საერთაშორისო სავაჭრო პალატა დაუბრუნდა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრის გიორგი ისაკაძის კომენტარი:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ჩემდა სამწუხაროდ, მე მოვისმინე რამდენიმე უპასუხისმგებლო განცხადება, რაც გაკეთდა ბიზნესთან მიმართებაში ოპოზიციის მხრიდან. ბიზნესი არის ნეიტრალური. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ალბათ, გარკვეულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და ყველას ჩვენ-ჩვენი ხედვა უნდა დავანახვოთ, ამ მოქმედებებს - ხშირ შემთხვევაში, რადიკალურს - და განცხადებებს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის.”

ისაკაძესთან ერთად ოპოზიციის ქმედებები გააკრიტიკა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლმა.

მისი თქმით, აქციების გამართვის მუქარა ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესგარემოს, ეს სიღარიბეს კიდევ უფრო გაამწვავებს და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია იქნება. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ოპოზიცია? მისი ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის, პასუხი:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”არა, არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. ჩვენ გვაქვს უფლება, როცა თავში გვირტყამენ, ამაზე პროტესტი განვაცხადოთ. ჩვენ მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ახლა საინვესტიციო გარემოზე მე ვარ პასუხისმგებელი? თავში ნუ მირტყამ და არავითარი საინვესტიციო გარემო არ გაფუჭდება.”

ქართული ბიზნესისა და პოლიტიკური ოპოზიციის ურთიერთობა ჯერ კიდევ გასული წლის 7 ნოემბრის მოვლენებამდე გაფუჭდა. მაშინ საქართველოში მოქმედი ასამდე მსხვილი ბიზნესმენი შეიკრიბა და ქვეყნის ეკონომიკაზე პოლიტიკური დესტაბილიზაციის უარყოფითი გავლენის შესახებ სპეციალური მიმართვა მიიღო. მას შემდეგ პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდა და ამის გამო, სხვადასხვა გათვლებით, საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაგეგმილი ინვესტიცია აღარ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG