Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტების ქრისტიანულ-დემოკრატიული არჩევანი


საქართველოს ჭრელ პოლიტიკურ სპექტრს 7 თებერვალს კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, ”ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა”, შეემატა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიული მოძრაობის ძირითად ბირთვს წარმოადგენს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”იმედის” რამდენიმე ყოფილი ჟურნალისტი, რომლებსაც სერიოზული კონკურენციის პირობებში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი ყველაზე უფრო თანმიმდევრული ქრისტიანები და დემოკრატები არიან.

ტელეკომპანია ”იმედის” ცნობილი წამყვანი გიორგი თარგამაძე, რომელიც დიდ ჟურნალისტიკაში დიდი პოლიტიკიდან მოვიდა, კვლავ პოლიტიკურ მოღვაწეობას უბრუნდება. 7 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება ”ქრისტიანულ- დემოკრატიული მოძრაობა” ოფიციალურად წარდგა საზოგადოების წინაშე როგორც ახალი ტიპის პარტია, რომელმაც უნდა იბრძოლოს ტრადიციული ქართული ფასეულობების დასაცავად. პრეზენტაციამდე გიორგი თარგამაძე რადიო ”თავისუფლებას” ახალი მოძრაობის მიზნებზე ესაუბრა:

[გიორგი თარგამაძე] ”ქართული ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და ჩვენი ინდივიდუალიზმის გადარჩენისათვის, რასაც ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა ამ გლობალიზაციის ეპოქაში, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სიძლიერეს და მის ხელშეუვალობას. ხელისუფლება, რომელიც 4 წლის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოში, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ასუსტებდა და ანადგურებდა ყველა ტრადიციულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, სასამართლოს, მედიას, არჩევნებს. და ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზანი არის ასეთი დემოკრატიული ინსტიტუტების გადარჩენა და გაძლიერება.”(სტილი დაცულია)

ახლად შექმნილ ”ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას” ხალხში უკვე შეარქვეს ”ჟურნალისტების პარტია”. ერთი მხრივ, მოძრაობის ძირითად ბირთვს, მართლაც, ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტები, წამყვანები და პროდიუსერები შეადგენენ. მეორე მხრივ კი, ალბათ, ასე უფრო მოსახერხებელია და არავის აერევა უკვე არსებულ ”ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში”, რომელიც საქართველოში 80-იანი წლებიდან მოქმედებს. თანაც, გიორგი თარგამაძეს და მის მომხრეებს აქვთ ამბიცია, რომ ისინი უფრო უკეთ შეძლებენ ევროპული დემოკრატიული და ქრისტიანული ფასეულობების ცხოვრებაში დამკვიდრებას. როგორც გიორგი თარგამაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ახალი მოძრაობა ხელისუფლების ოპონენტი იქნება სახელმწიფოს შიდამოწყობის საკითხებში. თუმცა, რაც შეეეხება ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში, ”ქრისტანულ-დემოკრატიულ მოძრაობას” აქაც სრულიად ერთმნიშვნელოვანი მიდგომა აქვს:

[გიორგი თარგამაძე] ”თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების შემადგენელ სახელმწიფოთა საკმაოდ დიდ ნაწილში სწორედ ეს პოლიტიკური მიმდინარეობა, იდეოლოგია ფლობს გავლენას, მე მიმაჩნია, რომ არათუ წინააღმდეგობაში მოდის, არამედ, პირიქით. მთავარი ამოცანა, თვითმიზანი არ არის ნატოში ან რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ჩვენი გაწევრიანება. არამედ მთავარია მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომელიც ნატოში გაწევრიანებისათვის ჩვენთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად გამოკვეთილად ქრისტიანული იდეოლოგიისა, ახალი მოძრაობა საკუთარ რიგებში კარს გაუღებს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც მთავარია დემოკრატიული ფასეულობების დაცვა. რაც შეეხება მომავალ პარტნიორებს, გიორგი თარგამაძე მჭიდროდ ითანამშრომლებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან, ქართველ ჟურნალისტებთან, არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, რომლის დამარცხებასაც ახლად შექმნილი ”ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა” გაზაფხულზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში ან ცალკე, ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიებთან ალიანსში შეეცდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG