Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ”რეზონანსი” 7 ნოემბერს აქციის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ გაზეთმა ვერ მოიძია ინფორმაცია

, თუ ზუსტად რამდენი დაზარალებული მკურნალობს დღეს საავადმყოფოებში, მაგრამ შეიტყვეს, რომ რამდენიმე მათგანი ამჟამადაც მძიმედაა. თბილისის პროკურატურაში 65 საჩივარია შესული, თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ ისინი ამ ეტაპზე ექსპერტიზას ელოდებიან. გაზეთი წერს: ”ზოგიერთ დაზარალებულს პრესასთან საუბარი მაინცდამაინც არ სურს. სრული ჭეშმარიტებისათვის უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც არც პრესა - მით უმეტეს, ტელევიზიები - მათი ბედით დიდად არ ინტერესდება.” ”რეზონანსი” რამდენიმე დაზარალებულსაც გაესაუბრა. 19 წლის ნიკა დიდიშვილი, რომელიც 7 ნოემბერს რიყეზე შემთხვევით აღმოჩნდა, გარბოდა, როდესაც ძლიერმა ბიძგმა რამდენიმე მეტრით გადააგდო. ის იხსენებს: ”ვიგრძენი, როგორ გამოგლიჯა ხორცი, წავიქეცი და ვეცადე ფეხზე დადგომა. დავინახე, ხორციდან ძვლები როგორ იწეოდა. ვიღაც გამვლელებმა ამიყვანეს და რაღაც პერიოდი წამიღეს. მერე რამდენიმეს შეეშინდა, გაიქცნენ. მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ჩემთან. ყვირილი დაიწყო, მომეხმარეთო.” სრულად სტატიას დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ. აქვე გაეცნობით სხვა დაზარალებულთა მონათხრობებსაც.

”24 საათი” ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ დიალოგზე წერს და აღნიშნავს: ”მას შემდეგ, რაც კობა დავითაშვილმა, ერთიანი ეროვნული საბჭოს სახელით, მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა, მდომარეობა კრიტიკული გახდა. მართალია, ნინო ბურჯანაძემ სიტუაციის განმუხტვა თითქოს მოახერხა, მაგრამ არსებითი პროგრესი მაინც არ შეინიშნება.” გაზეთი კიდევ ერთხელ განიხილავს ოპოზიციის მოთხოვნებს, ხელისუფლების პოზიციას, კომენტარებს და ასკვნის, რომ რეალურად დიალოგი არ მიმდინარეობს, 15 თებერვალი კი სულ უფრო ახლოვდება.” თუ ამ დრომდე კონსენსუსი არ იქნება მიღწეული, შემდგომში შეთანხმების მიღწევა კიდევ უფრო გაძნელდება და მოვლენები ქუჩის სცენარით განვითარდება”, - წერს ”24 საათი”.

”ახალი თაობა” კი მომღერალ ეთერ კაკულიას გაესაუბრა. ინტერვიუს სათაურია: ”ეთერ კაკულიას პარლამენტარობაც მოუნდა”. მომღერალი გაზეთთან საუბარში აცხადებს: ”ასეთ დაძაბულ და ნეგატიურ სიტუაციაში ხომ არის საჭირო ერთი მხიარული, ლაღი და გულღია ადამიანი. ყველაფერს დავარეგულირებ და გადაწყვეტილებასაც მივიღებ.”


  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG