Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა კოსოვოს სახიფათო პრეცედენტის ფონზე


რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა ვერ გახდება პრეცედენტული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში,

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ამ განცხადებისა ბოლომდე არ სჯერა. ამიტომაც ალაპარაკდნენ თბილისში ძალისმიერი გეგმის ამოქმედებაზე, თუკი რუსეთი მაინც ცნობს თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამ ანტიკრიზისული გეგმის არსებობა აისახა ქართული არმიის შეიარაღებაზეც, რომელიც უხვად მომარაგდა თანამედროვე შეტევითი საბრძოლო ტექნიკით.

24 იანვარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე გამართული სამხედრო აღლუმი, რომელსაც ყველა ქვეყანაში შოუს ელფერი აქვს, საქართველოში ძალების სერიოზულ დემონსტრაციად იქცა. ამ აღლუმზე პირველად გამოჩნდა ქართული შეიარაღებული ძალების ახალი შენაძენი - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ლარ-160, რომლის სროლის მანძილი 45 კილომეტრს აღწევს. სამხედრო ჟურნალ”არსენალის” ცნობით, აღნიშნული საარტილერიო დანადგარები, რომელიც საბრძოლო მონაცემებით და სროლის სიშორით ბევრად აღემატება საბჭოურ ”ურაგანებს”, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისრაელში შეიძინა. პარალელურად ისრაელის სპეციალისტები აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი სხვა საბჭოური საბრძოლო ტექნიკის მოდერნიზებაზე. ლაპარაკია სხვა სახის შეტევითი შეიარაღების შესყიდვაზეც, რაც ჯერ საიდუმლოს წარმოადგენს. მაგრამ რაც უკვე აღარ არის საიდუმლო, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ნება, სამხედრო ძალის გამოყენებით წინ აღუდგეს საქართველოს ანექსიას, თუკი რუსეთი ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

[მიხეილ სააკაშვილი] ”საქართველოს აღარ აქვს არც ერთი გასაცემი ტერიტორია, არც ერთი კილომეტრი დასაკარგავი მიწა და ეს არის ჩემი გულწრფელი, მეგობრული და გულღია გაფრთხილება, ყველასადმი გაკეთებული, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღითა ადრე.”(სტილი დაცულია)


მიხეილ სააკაშვილის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის კვირაძალზე გაკეთებული ეს მინიშნება 17 თებერვლის შემდეგ კიდევ უფრო განავრცეს და დააკონკრეტეს მისმა პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ყველაზე უარესი სცენარისთვისაც:

[კოტე გაბაშვილი] ”თუ ჩვენ დავდექით იმის წინაშე, რომ ჩვენ გვართმევენ ტერიტორიის ამ ნაწილს, მაშინ საქართველომ შეიძლება მიმართოს აბსოლუტურად უკიდურეს ზომებს, რადგან საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს არასოდეს დათმობს. ის საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ის იქნება ჩვენი.”(სტილი დაცულია)

სიტყვა ”ომი” სულ უფრო ხშირად გაისმის საქართველოში კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რასაც რუსეთი პრეცედენტულად მიიჩნევდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართებით. 18 თებერვლის სატელევიზიო გადაცემა ”პრაიმ-ტაიმში” დასმულ შეკითხვაზე, თუ რა უნდა ქნას საქართველომ, თუკი რუსეთი ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მოქალაქეთა უმრავლესობა ომის გზას მიემხრო.
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მოსკოვი თანამეგობრობის სივრცეზე სერიოზული კონფრონტაციის კატალიზატორი გახდება. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა სააგენტო ”რეგნუმს” განუცხადა, რომ გამორიცხავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ”ამით ჩვენ დსთ-ში სერიოზული კრიზისის პროვოცირებას მოვახდენთ”,- განაცხადა გავლენიანმა რუსმა პოლიტიკოსმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG