Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული პრესის განხილვის მთავარი საგანი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შიმშილობისათვის დაწყებული მზადება გახდა.

”24 საათმა” კოსოვოს მოწინავე გვერდის ორი სტატია დაუთმო - ერთში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ ამ საკითხის მიმართ, მეორე სტატია კი ევროპის მომავალს ეხება. ”24 საათი” წერს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, არ აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა ცალმხრივ რეჟიმში, ღია კარის მტვრევას ჰგავს - ოფიციალური თბილისი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ისედაც არ აპირებს.

”რეზონანსი”, დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეგიონების რწმუნებულებს დაავალა, არ დაუშვან რეგიონებში კარვების დადგმა. გაზეთის ინფორმაციით, ეს დავალება საქართველოს პრეზიდენტმა შაბათს, სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრისას, გასცა. ”რეზონანსი” წერს: შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ საუბარი მიმდინარეობდა საგაზაფხულო სამუშაოებზე და სხვა ”საყოფაცხოვრებო” თემებზე. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, თუ რომელიმე რეგიონში კარვები მაინც დაიდგმება, ადგილობრივი პოლიციის უფროსი და რწმუნებული თანამდებობებს გამოემშვიდობებიან”. - სრულად სტატიის წაკითხვა დღვანდელ ”რეზონანსში შეგიძლიათ.

”რეზონანსი” აგრეთვე გაესაუბრა ”ეროვნული საბჭოს” წევრ თინა ხიდაშელს და ჰკითხა, უნდა ველოდეთ თუ არა 22 თებერვალს კარვების გაშლას და შიმშილობის დაწყებას. ”შიმშილობა იმ შემთხვევაში არ დაიწყება, თუ ვნახავთ, რომ მემორანდუმში ჩამოყალიბებული დებულებების შესრულებისაკენ ნაბიჯი იდგმება”, - უპასუხებს თინა ხიდაშელი და დასძენს: ”იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ შეცდომებზე მაინც ისწავლა რაღაც. ამდენად, დარბევას გამოვრიცხავ.”

”ალია” კი ცდილობს გაარკვიოს, სად ცხოვრობს ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი. გაზეთის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლი 5 დღის წინ გამოიცვალა - ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბინას სამთავრობო დაცვაც მოუხსნეს და პრეზიდენტის კორტეჟიც აღარ ცხოვრობს. ”ალიამ” სცადა შეემოწმებინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის უკან მდებარე სახლში გადაბარგდა. ეს სახლი, ”ალიას” ინფორმაციით, პრეზიდენტის ძმას და ბაბუას ეკუთვნის. გაზეთი იუწყება: ”ადგილზე მისულებს სააკაშვილების სააგარაკე ადგილას დაცვა არ დაგვხვდა. რამდენადაც იქ, ძირითადად, აგარაკებია, ამიტომ გასაუბრება ვერავისთან შევძელით. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც აშკარა იყო, რომ სააკაშვილს აქ ბინა არ დაუდვია”, - წერს ”ალია” და გვპირდება, რომ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომავალ ნომერში ეცდება.

”ალია” აგრეთვე წერს, რომ ექსკლუზიურად მოიპოვა სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის, მოხსენების ნაწილი, რომელიც ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, პატიმართა სიკვდილიანობას და ექიმების არაპროფესიონალიზმს ეხება. სახალხო დამცველმა შემაჯამებელი მოხსენება პარლამენტს ამ დღეებში უნდა წარუდგინოს. ”ალიას” მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ”ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის 21-30 წლის ასაკის პატიმრებზე. გარდაცვლილთაგან 2 ქალი იყო, 99 -კაცი”, - წერს გაზეთი. ”ალიას” მოჰყავს აგრეთვე სოზარ სუბარის მოხსენებაში აღნიშნული კონკრეტული შემთხვევები, როდესაც პატიმრის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობამ ან გულგრილობამ გამოიწვია. გაზეთი სულ 8 ასეთ შემთხვევას განიხილავს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG