Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისი მოლოდინია რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების არაფორმალური შეხვედრის წინ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს.

შეხვედრა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არაფორმალური სამიტის პარალელურად წარიმართება და, უმთავრესად, ქვეყნებს შორის დაგროვილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პრობლემების განხილვას მიეძღვნება. თუმცა თბილისში ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, რა გზას აირჩევს რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების არაფორმალური შეხვედრის საკითხი მოსკოვში 20 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციაზე, გადაწყდა. საქართველოს ხელისუფლება სასიამოვნოდ გააკვირვა რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის ჯერ ჩამოსვლის ფაქტმა, ხოლო შემდეგ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ რუსეთი არასოდეს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. კიდევ ერთი სასიამოვნო გზავნილი თბილისისთვის გახდა ლავროვის ნათქვამი, მოსკოვი საქართველოსთვის სანქციების გაუქმებას აპირებსო. მოსკოვის ტაქტიკამ მიზანს მიაღწია. მეორე ვადით არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა ინტონაცია შეცვალა და რუსეთთან ურთიერთობის ”სუფთა ფურცლიდან” დაწყების შემხვედრი იდეით გამოვიდა. 24 იანვარს სტრასბურგში მყოფმა სააკაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ახალი ურთიერთობის წინაპირობები ასე ჩამოაყალიბა:

[მიხეილ სააკაშვილი] ”ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მოვხსნათ ყველა გამაღიზიანებელი, მოვხსნათ ეკონომიკური ემბარგო, მოვხსნათ ეკონომიკური ბარიერები, სავიზო, ადამიანებს შორის ერთმანეთის ურთიერთობის, და ჩვენ დაჩემებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია არა გვაქვს. ეს არის დაკავშირებული კონკრეტულ სასაზღვრო საკითხებთან. მაგრამ ყველა ეს საკითხი არის გადაწყვეტადი მაშინ, როცა იქნება კეთილი ნება. თუ არ იქნება კეთილი ნება და ყველაფერი უნდა დარჩეს ისევ აგრესიულ რაკურსში, რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი საკითხის გადაწყვეტაც კი იქნება ნერვოზულობისა და გაღიზიანების საგანი ქვეყნებს შორის.”(სტილი დაცულია)

”ნერვოზულობისა” და ”გაღიზიანებისათვის” კი საბაბი სულ მალე გამოჩნდა. 17 თებერვლის შემდეგ, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი პრეცედენტზე და გაისმა მუქარები, რომ მოსკოვი იძულებული გახდება ცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 21 თებერვალს მოსკოვში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ეკონომიკური საკითხების გარდა, უპირველესად იმის გარკვევა მოუწევს, თუ რა გზას აირჩევს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა:

[კოტე გაბაშვილი] ”უნდა დაველოდოთ პუტინის და სააკაშვილის შეხვედრას და მაშინ ბევრად უფრო ცხადი იქნება ვითარება, პუტინის დამოკიდებულება. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ პუტინს საპრეზიდენტოდ რჩება რაღაც 10 დღე და მოდის ახალი პრეზიდენტი. ესეც გარკვეული ფაქტორია, რომელმაც შეიძლება თავისი დაღი დაასვას. რას იზამს პუტინი? უნდა, რომ შედარებით კარგი ფიზიონომიით დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და ეს ასპარეზი? ყველა ვარიანტში მას უნდა ნორმალური ფიზიონომია, ნორმალური სახე შეინარჩუნოს ევროპის წინაშე.” (სტილი დაცულია)

14 თებერვალს პრეზიდენტის რანგში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რუსეთს აშფოთებს ” საქართველოს ხელისუფლების კურსი, რომელიც კონფლიქტების ძალისმიერი გზით გადაჭრისკენ არის მიმართული. აი, რა უნდა ავიცილოთ თავიდან. ამას ვაკეთებთ როგორც ჩვენს ქართველ კოლეგებთან დიალოგში, ისე საერთაშორისო დონეზეო." საქართველომ კი 15 თებერვალს ნატოს გენერალურ მდივანს ოფიციალური თხოვნით მიმართა, ჩართოს ქვეყანა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG