Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა დატვირთული იყო


გასული კვირა დატვირთული იყო

მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენებით: ნათელი მოეფინა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ბურუსით იყო მოცული. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე მოილაპარაკეს. ასევე, მოსკოვში გაცხადდა, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს. გასულ კვირას არ შედგა ოპოზიციის შიმშილობის მასობრივი აქციები და საქართველო კარვების ქალაქად არ გადაიქცა. დღეს მინდა ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გაუწყოთ.

ბოლო დღეების მანძილზე საქართველო მოუთმენლად ელოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში დსთ-ს ლიდერთა არაოფიციალურ სამიტზე გამგზავრებას. ამ სამიტის დროს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ნათელი უნდა მოეფინა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული რთული ურთიერთობისთვის. ეს მართლაც ასე მოხდა. მოსკოვი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ქართული პროდუქციისთვის სხვა ეკონომიკური ბარიერების გაუქმებაზე დათანხმდა. მოლაპარაკებათა სხვა შედეგების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე საუბრობს:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”უახლოეს მომავალში ქართველი და რუსი ექსპერტები დაიწყებენ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის აუცილებელი პროცედურის საკითხების განხილვას. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა საფოსტო კომუნიკაციების აღდგენასა და სავიზო შეზღუდვების მოხსნას მოქალაქეთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც ვერ იღებენ ვიზას რუსეთის საელჩოში და, გარდა ამისა, დაჩქარდება ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის პროცესი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ მოსკოვი იმ პირობებზეც დაიყოლია, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლისათვის თბილისის მხარდაჭერას განაპირობებს. როგორც ცნობილია, საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თუ რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრებზე გახსნილი საბაჟო პუნქტების ლეგალიზებასა და ერთობლივ კონტროლზე დათანხმდება. ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალურ მოსკოვს არაფერი გამოუცხადებია.

სამაგიეროდ, ცნობილი გახდა კრემლის პოზიცია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველოში ბევრი შიშობდა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ფონზე რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას ცნობდა. მით უმეტეს, რომ მსგავსი გაფრთხილება და მუქარა ხშირად ისმოდა რუსეთის პოლიტიკოსებისა და სეპარატისტული რეგიონების ლიდერების მხრიდანაც. სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის ვიზიტი მოსკოვში კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაემთხვა და წინ უსწრებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტს. აი, რა განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”გზა, რომელიც ახლა დაიწყო კოსოვომ, ჩვენ გავიარეთ 17 წლის წინ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს უფრო მეტი სამართლებრივ-პოლიტიკური და ისტორიული საფუძველი გვაქვს დამოუკიდებლობისთვის, ვიდრე კოსოვოს.”

ამ განცხადებიდან ორიოდე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია გაავრცელა. რუსეთი კოსოვოს აღიარების საპასუხოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებსო, ნათქვამია განცხადებაში.

ეს რომ ასე იქნება, ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაადასტურა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ პირველი, რაც ნათლად ითქვა, რუსეთი არ ცნობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.”

სანაცვლოდ, რუსეთი აცხადებს, რომ მომხრეა საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ვერ ხედავს საქართველოს ნატოს ბლოკში შესვლის აუცილებლობას. საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია შიშობს, რომ სააკაშვილი პუტინს, ურთიერთობების დათბობის სანაცვლოდ, ნატოს საკითხში პასიურობას დაჰპირდა. თუმცა ამ ეჭვის დასაბუთება არავის უცდია. ოპოზიცია გასულ კვირას უფრო შიდა პრობლემების გადაწყვეტით იყო დაკავებული.

ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებს გაუჭირდათ იმაზე შეთანხმება, საჭირო იყო თუ არა 22 თებერვალს შიმშილობის აქციის დაწყება და საქართველოს კარვების ქალაქად გადაქცევა. არადა, ასეთი მუქარით ჯერ კიდევ გასული კვირის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გამოვიდა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”მთელი საქართველო გადაიქცევა კარვების ქალაქად, სანამ ჩვენ, საბოლოო ჯამში, არ მივაღწევთ გამარჯვებას...”

ოპოზიციამ 22 თებერვლის აქციამდე 1 დღით ადრე შიმშილობისთვის განკუთვნილი კარვების პრეზენტაციაც კი მოაწყო, თუმცა 22 თებერვლის აქცია კარვების გარეშე დაიწყო.

ოპოზიციის ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს აცნობეს, რომ გვიან ღამით მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან შიმშილობის აქციაზე. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანების წინაშე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”მე დღეს გადავწყვიტე, მოგმართოთ, რომ შევაჩეროთ შიმშილობის აქცია. მე მივიღე მტკიცე გარანტიები ნონო ბურჯანაძისგან, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულდება.”

გაირკვა, რომ შიმშილობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა, არსებითად, გვიან ღამით ლევან გაჩეჩილაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა განაპირობა.

რადიო ”თავისუფლებამ” რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს სთხოვა განემარტა, რა მოხდა ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ და რა მყარმა გარანტიებმა შეაცვლევინა ოპოზიციის ერთიან ეროვნულ საბჭოს გადაწყვეტილება:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო სივრცე გადავიდა დასვენების რეჟიმში, ჩვენ ვაგრძელებდით მუშობას. ამ დროს შედგა სატელეფონო საუბარი ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძეს შორის და ამ საუბარმა განაპირობა შედეგი. ”

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საუბარში დაზუსტებული იქნა ვადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო... ითქვა, რომ სულ მალე, მომავალი კვირის სამშაბათს, დაკომპლექტდება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭო და საბჭოს დაკომპლექტებისთანავე მაუწყებლის ხელმძღვანელი მოიხსნის უფლებამოსილებას. ხოლო რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მისი საკითხიც გადაწყდება მარტში, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პარალელურად.

თუმცა ნათქვამთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ვადებზე ლაპარაკი იყო ნინო ბურჯანაძის მიერ 21 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაშიც. შესაბამისად, ნინო ბურჯანაძე რაიმე დამატებითი გარანტიების გაცემის ფაქტს უარყოფს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”დამატებითი გარანტიები არ ყოფილა და არც იქნება, იმიტომ რომ განცხადებები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ, არის თავისთავად გარანტია და თავისთავად მყარი სიტყვა.”

ერთიანი ეროვნული საბჭო ხელისუფლებას ვადას 14 მარტამდე აძლევს. თუ ამ დრომდე არჩევნების თავისუფლად ჩატარებისთვის საჭირო პირობები არ შეიქმნება, ოპოზიცია კვლავ ქუჩაში გამოვა.

გასული კვირის მიწურულს საქართველოს არჩევნების საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზეც განიხილეს, რომელსაც საქართველოში 5 იანვარს ჩატარებული არჩევნების მონიტორინგის შედეგები ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ელსი ჰასტინგსმა 4 წუთიან მოხსენებაში გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დადებითად შეაფასა:

[ბურჯანაძის ხმა] ”ბატონმა ჰასტინგსმა დადებითად შეაფასა დინამიკა, რომელიც საქართველოში არჩევნების დროს იყო. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.”

ეუთოს სესიას არ ესწრებოდნენ ქართველი პარლამენტარები ოპოზიციის კვოტიდან, მათ შორის, არც პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი. ოპოზიციონერი პარლამენტარის თქმით, ვენაში ჩასვლას მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეუთომ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც ცნო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. თუმცა დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმართ ეუთოს და სხვა ევროპულ სტრუქტურებს უფრო პრინციპული მიდგომა ექნებათ:

[დავით ზურაბიშვილი] ”არ გეუბნებით, რომ გააყალბეთ არჩევნები და არ ხარ შენ პრეზიდენტი, მაგრამ, სამაგიეროდ, კეთილი ინებე და საპარლამენტო არჩევნები ჩაატარე წესიერად. ასე რომ, ახლა უფრო სხვა სიტუაციაა, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. იმიტომ რომ, ის მაინც პირადად სააკაშვილს ეხებოდა და აქ ლაპარაკია იმაზე, თუ ოპოზიცია რამდენად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ძალთა თანაფარდობა აისახოს ისეთი, როგორიც რეალურად არის. ასეთი მოთხოვნა იყო ძალიან მკაცრი, ეს ნამდვილად ვიცი.”(სტილი დაცულია)

საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის უფრო მეტი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა, ვიდრე ეს იყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG