Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები გრძელდება


კვირას სომხეთში ოფიციალურად დაადასტურეს რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი:

გამარჯვება ერგო პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანს. მაგრამ ოპოზიცია ამ შედეგს არ ცნობს და არ ეგუება - ერევანში დღესაც გაგრძელდა საპროტესტო აქცია ათასობით დემონსტრანტის მონაწილეობით.

ერევანში შეკრებილ დემონსტრანტებს სჯერათ, რომ -რომ არა გაყალბებული არჩევნები - გამარჯვება წილად ხვდებოდა ყოფილ პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს და არა მის მეტოქეს სერჟ სარქისიანს. შესაბამისად, ტერ-პეტროსიანი არჩევნების შედეგის გასაჩივრებას აპირებს და ახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.

ტერ-პეტროსიანს მხარდამჭერები აღმოაჩნდა სახელისუფლო ბანაკშიც. საპროტესტო გამოსვლებმა ერევანში ძალა მოიკრიბა გასული კვირის ბოლოს, როცა ოპოზიციას მხარში ამოუდგა რამდენიმე ოფიციალური პირი. მაგრამ მათი ნაწილი უკვე დაითხოვეს, რამდენიმე კაცი კი დაპატიმრებულია. მათ შორის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, გაგიკ ჯანგირიანი, რომელიც დაკავებამდე ერთი დღით ადრე, პარასკევს პროტესტის ნიშნად გადადგა.

როგორც იუწყებიან, სროლაც კი ატყდა, როცა პოლიციელებმა ჯანგირიანის მანქანა გააჩერეს. ჩხრეკის დროს, ოფიციალური ინფორმაციით, ოთხ პისტოლეტს და ერთ სანადირო თოფს მიაგნეს. მომდევნო დღეს, კვირას, პოლიციამ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავა: არამ კარაპეტიანი და სუმბათ აივაზიანი. კარაპეტიანი პარტია “ახალი დროების” ლიდერია, აივაზიანი - საგადასახადო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი. მათ იარაღის უკანონოდ ფლობაში ადანაშაულებენ.

[ლიზ ფულერის ხმა] “თუ იარაღის უაკნონო ფლობის ბრალდება არ დადასტურდა, მაშინ ნათელია, რომ მას იყენებენ საიმისოდ, რომ გაამყარონ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მიერ შაბათს, პოლიციისა და არმიის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გამოთქმული ბრალდება, რომ ტერ-პეტროსიანი გეგმავს შეთქმულებას ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რითაც იგულისხმება, რომ ის უარს არ იტყვის არც ძალადობაზე”, ამბობს ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი, ლიზ ფულერი.

ოპოზიციის ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი კი დარწმუნებულია ბოლო დაპატიმრებების პოლიტიკურ მოტივაციაში: [ლევონ ტერ-პეტროსიანის ხმა] “პირველ რიგში, ეს არის აშკარად პოლიტიკური საკითხი. ამას გარდა, ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს სხვა ოფიციალური პირების დაშინებას, რათა მათ ჯანგირიანის მაგალითს არ მიბაძონ”.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დაპატიმრებულ მომხრეებზე ვილაპარაკეთ, ახლა თანამდებობებიდან განთავისუფლებულების შესახებ: ოპოზიციისადმი მხარდაჭერის გამო დაითხოვეს სომხეთის საგარო საქმეთა სამინისტროს 9 თანამდებობის პირი - მათ შორის მინისტრის მოადგილე არმენ ბაიბურთიანი, აგრეთვე სამინისტროს პრეს-მდივანი და ელჩები იტალიასა და ყაზახეთში.

ოპოზიცია ახლა ერევნის ცენტრში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ არ შესრულდა მისი მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. მაგრამ ჩვენი რადიოს ექსპერტის, ლიზ ფულერის ვარაუდით, მთავრობა უკან არ დაიხევს. [ლიზ ფულერის ხმა] “სერჟ სარქისიანს აზარტული თამაშის მოყვარულის რეპუტაცია აქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მტკიცე ნერვები აქვს და დაელოდება, როდის დაუშვებს შეცდომას მოწინააღმდეგე მხარე. ვფიქრობ, სარქისიანი და ქოჩარიანი დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მათს მხარეზეა და თუ უბრალოდ, მოიცდიან - ერთი-ორი კვირა, შესაძლოა ცოტა მეტიც - საპროტესტო გამოსვლები თანდათან მინავლდება.”

უცხოეთის პოზიციას რაც შეეხება - სომხეთში არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები, უმეტესწილად, შეესაბამებოდა ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მიუხედავად გაუმჯობესების საჭიროებისა. ამასთან, ხმების დათვლის პროცესი უარყოფითად შეფასდა ეუთოს მეთვალყურეების მიერ დათვალიერებული საარჩევნო უბნების 16-მდე პროცენტში.

და მაინც, არჩევნებისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ევროკავშირმა, ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა - მართალია, პირადად სარქისიანისთვის არ მიულოცავს - მაგრამ სომეხ ხალხს მიულოცა აქტიურ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები. პირადად სარქისიანმა კი მილოცვები მიიღო რუსეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებისაგან.
XS
SM
MD
LG