Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა


ალექსანდრ კაზულინი ამჟამად ერთადერთი პოლიტიკური პატიმარია ბელორუსიაში - მას შემდეგ, რაც ასევე პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული

6 პირი გაანთავისუფლეს. კაზულინმა სწორედ ციხეში შეიტყო მეუღლის გარდაცვალების ამბავი და კვირას შიმშილობა გამოაცხადა მოთხოვნით, მიეცეს მეუღლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება.

ალექსანდრ კაზულინი მეორედ აცხადებს შიმშილობას მას შემდეგ, რაც 2006 წლის ივლისში დააპატირეს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზების ბრალდებით. ოპოზიციონერი ახლა იმუქრება, რომ სამშაბათიდან სითხის მიღებასაც შეწყვეტს, თუ არ მიეცემა გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ირინა კაზულინა შაბათს გარდაიცვალა მკერდის კიბოთი.

ბელორუსიის კანონით, დაშვებულია პატიმრის დროებით განთავისუფლება ოჯახის წევრების დაკრძალვაზე დასასწრებათ, მაგრამ ვიტებსკის იმ ციხის შემთხვევაში, რომელშიც კაზულინია მოთავსებული, ნებართვას მინსკიდან ელოდებიან. მინსკში კი ჯერაც არ გაუციათ პასუხი კაზულინის ქალიშვილების, ვოლჰასა და იულიას მიმათვაზე ციხიდან მამის დროებით გამოშვების შესახებ. აი, რა თქვა ჩვენი რადიოს ბელორუსულ სამსახურთან ინტერვიუში კაზულინის ყოფილმა ადვოკატმა იჰარ რინკევიჩმა:

[რინკევიჩის ხმა] “ბევრი გვირეკავს რეგიონებიდან, გვეუბნებიან, რომ მზად არიან დედაქალაქში შეიკრიბონ. მაგრამ ჩვენ მათ მოვუწოდებთ, ამას ნუ გააკეთებენ, რადგან გვჯერა, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება საიმისოდ, რომ კანონს პატივი სცეს და ალექსანდრ კაზულინს მისცეს ოჯახის ნახვის შესაძლებლობა”.

კაზულინს 5,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. პირველად შიმშილობა უშუალოდ დაპატიმრების შემდეგ, 2006 წლის ზაფხულში გამოაცხადა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული მმართველობის წინაღმდეგ პროტესტის ნიშნად. მაშინ შიმშილობამ 53 დღე გასტანა. ახლა კი, თუ კაზულინი მართლაც უარს იტყვის სითხის მიღებაზეც, რასაც სამშაბათიდან აპირებს, თუ ცოლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს, ის უმწვავესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება: მშრალ შიმშილობას ორგანიზმი კვირაზე მეტხანს ვერ უძლებს.

კაზულინის მდგომარეობისადმი ინტერესი აქამდეც გამორჩეული იყო - განსაკუთრებით მას მერე, რაც ბოლო კვირებში ხელისუფლებამ მოულოდნელად გაანთავისუფლა 6 პატიმრი, რომელთაც დასავლეთი სინდისის პატიმრებად მიიჩნევდა. ესენი არიან ბიზნესმენები იური ლეონოვი და მიკალაი აუტუხოვიჩი, ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები არტურ ფინკევიჩი და ზმიცერ დაშკევიჩი, ჟურნალისტი ალექსანდრ ზდვიჟკოვი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანდრეი კლიმოვი.

მათგან ბოლო იყო ჟურნალისტი ალექსანდრ ზდვიჟკოვი, რომელიც 22 თებერვალს გაანთავისუფლეს. როგორც მან ჩვენს რადიოს უთხრა, ციხეში გატარებული სამი თვე საკმარისი იყო ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებისთვის: [ზდვიჟკოვის ხმა] “ჯანმრთელობა აღარ მივარგა. მძიმე გრიპი გადავიტანე თითქმის უწამლებოდ, რამაც სმენაზე იქონია გავლენა. მინდა შემოწმება გავიარო და რაც შესაძლებელია, აღვიდგინო. ნახევარი კბილები დავკარგე”.

საგულისხმოა, რომ ბელორუსიის ლიდერებს არ დაუზუსტებიათ 6 პატიმრის განთავისუფლების კონკრეტული მოტივები. აი, როგორ უპასუხა ოპოზიციური ახალგაზრდული ფრონტის ლიდერმა არტურ ფინკევიჩმა ჩვენს რადიოს შეკითხვაზე, მაინც რატომ გამოუშვეს ციხიდან? [ფინკევიჩის ხმა] “ეს რატომ მოხდა? ახალგაზრდული ფრონტის აქტივისტები და ჩემი ბედით დაინტერესებული ადამიანები ყოველ დღე გამოთქვამდნენ პროტესტს ჩემს დასაცავად. სოლიდარობა, რეპრესირებულთა დაცვის კომიტეტი, ალექსანდრ მილინკევიჩისა და ინა კულაის ხელმძღვანელობით, დიპლომატიური არხებით მუშაობდნენ და ლობირებას უწევდნენ ამ გადაწყვეტილებას. ეს ნაბიჯი შეგვიძლია ავხსნათ აგრეთვე როგორც ლუკაშენკას მცდელობა, დათმობებზე წავიდეს ევროპასთან”.

ცნობილია, რომ ევროპას და აშშ-ს მართლაც არაერთხელ მოუთხოვიათ ბელორუსიისაგან, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატურად მოიხსენიებენ ხოლმე, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, დისიდენტების რეპრესირების შეწყვეტა. ცნობილია ისიც, რომ ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.

ახლა აშკარაა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკა პატიმრების განთავისუფლების შემდეგ - ამ ნაბიჯს მან კეთილი ნების ჟესტი უწოდა - დასავლეთისაგან საპასუხო ნაბიჯებს მოელის. მიმდინარე თვეში, რამდენიმე პოლიტიკური პატიმრის გამოშვების შემდეგ ლუკაშენკამ განაცხადა - ახლა ჯერ ევროკავშირზეა, მან უნდა აჩვენოს კეთილი ნებაო.
XS
SM
MD
LG