Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ რელაქსაციის პროცესი დაიწყო.

ეს სასიამოვნო ტენდენცია როგორც საგარეო ურთიერთობებში, კერძოდ კი, რუსეთთან დამოკიდებულებაში, ისე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთმიმართებაში შეიმჩნევა”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი და განაგრძობს: ”შიდა პროცესებში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვასა და კრიზისის თავიდან აცილებაში დიდი როლი შეასრულა, ერთი მხრივ, ხელისუფლების კონსტრუქციულმა პოზიციამ, რაც დოკუმენტურად 21-პუნქტიან მემორანდუმში აისახა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის შემხვედრმა ნაბიჯმა, რომელიც კარვების გაშლაზე უარის თქმასა და პოლიტიკურ ოპონენტებთან დიალოგის განახლებაზე თანხმობაში გამოიხატა”, - წერს ”24 საათი”.

ამ თემას სხვა გაზეთებიც უბრუნდებიან. ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან, რომელიც ამბობს: ”ჩვენ ვერ ვხედავთ აქციების პრობლემას, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიყვანოთ, მოვხსნათ დაძაბულობა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ხალხს ექნება შანსი არჩევნების გზით შეცვალოს თავისი ხელისუფლება”, ამბობს ბაღათურია და დასძენს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებას გაუჭირდება თავისი პირობების შეუსრულებლობა და რომ, მეორე მხრივ, აქციების განახლებას წინ არაფერი უდგას.

ამავე თემაზე ”საქართველოს რესპუბლიკა” ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. ის ამბობს: ”მოსახლეობამ რამდენჯერმე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიცია რადიკალური არ არის. ხმები დაირხა, არიქა, ოპოზიცია რაღაც გარიგებაზე მიდისო, ანუ მოსახლეობა ოპოზიციის მიმართაც აგრესიული გახდა, რადიკალიზმის მოთხოვნით, და ოპოზიციამაც რადიკალური რეაქცია გამოიწვია. აი, ასე შეიძლება ხალხმა თავის პოლიტიკურ ლიდერებს შეცდომა დააშვებინოს. ხალხს დაუფიქრებლობა ეპატიება, მაგრამ პოლიტიკოსებს სჭირდებათ ფიქრი და ხანდახან გმირობაც, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგან. ეს ვაჟკაცობა ამ ეტაპზე ოპოზიციას ნამდვილად ეყო”, - ფიქრობს რამაზ საყვარელიძე, რომლის კომენტარებსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.

”24 საათში” დღეს ქვეყნდება აგრეთვე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ილკა კანერვას წერილი. ”საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მომზადებული ეუთოს დამკვირვებელთა მისიის შუალედური ანგარიში წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომლის გათვალისწინება მაისის საპარლამენტო არჩევნებს სანიმუშოს გახდის ეუთოს მონაწილე ყველა ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს შეისწავლონ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები და შეასრულონ ისინი თანმიმდევრულად, მიუკერძოებლად და ეფექტურად”, - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

”რეზონანსის” ფურცლებიდან ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანი გიორგი თარგამაძე წინა დღით გაზეთ ”ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებულ ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუში წაყენებულ ბრალდებებს უპასუხებს. ”მე ვთვლი, რომ ის არის არასწორად ინფორმირებული და ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ძალიან ზერელე ინფორმაციის მქონე ადამიანების განწყობის გავლენის ქვეშ, რომლებიც ზნეობისა და მორალისაგან ძალიან შორს არიან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამდენად თავგადადებული ვიყავი მე ამ ტელევიზიისთვის და ამას მე არავის არ ვამადლი”, - ამბობს გიორგი თარგამაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ალია” იუწყება, რომ რამდენიმე დღეში ვალერი გელბახიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კოდუასა და პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის საფუძველზე ერეკლე კოდუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრვას მოითხოვს კოდექსის 145-ე მუხლით, რაც დანაშაულის პროვოცირებას გულისხმობს.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG