Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დაკრძალეს


დღეს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თბილისში, მისი რეზიდენციის - ყოფილი რიტუალების სასახლის - ეზოში, დაკრძალეს.

ბადრი პატარკაციშვილი 12 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სარეის საგრაფოში, ქალაქ ლიზერხედში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედარი თბილისში 26 თებერვალს სპეცრეისით ჩამოასვენეს. მის ხსოვნას პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო.

28 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციასთან, რომელსაც თავად უწოდა არკადია, ცნობილი ბიზნესმენის პატივსაცემად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ მისი პოლიტიკური თანამებრძოლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესპარტნიორები, დელეგაცია ისრაელიდან და მეგობრები რუსეთიდან. უცხოეთიდან დაკრძალვაზე ჩამოსულთა შორის არ აღმოჩნდნენ ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი და ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც საქართველოს საელჩო ისრაელში ვიზის გაცემაზე თანხმობას მხოლოდ 7 დღის ვადაში დაჰპირდა. ბერეზოვსკიმ საქართველოს ვიზის მისაღებად რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულოსაც მიმართა, მაგრამ პასუხისათვის იქაც ერთი კვირა ითხოვეს.

[ბორის ბერეზოვსკის ხმა]“ 20 წელი, ჩემი ცხოვრების მესამედი, მე ბადრისთან ერთად გავატარე. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ბადრის, მისი მტრების ჩათვლით, თავიანთი ცხოვრების ბოლომდე ვერ დაივიწყებენ მისი სულის სითბოსა და სიღრმეს. ის დაგვეხმარა ყველას, უკეთესები გავმხდარიყავით.“

განუცხადა რადიო „იმედს“ ბორის ბერეზოვსკიმ. ბორის ბერეზოვსკის დარად, ბადრი პატარკაციშვილის არაერთ დადებით თვისებას აღნიშნავდნენ ისინიც, ვინც შეძლო ეგრეთ წოდებულ რიტუალების სასახლეში მისვლით უშუალოდ მიეგო პატივი ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნისადმი. მათ შორის არიან ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი.

[მამუკა ხაზარაძის ხმა]“ კარგი მეგობარი იყო. პირველ რიგში, ქართველი, თბილისელი კაცი იყო და უსაზღვროდ უყვარდა ეს ქვეყანა და საქართველო და, მე ვფიქრობ, ამის ნერვიულობის ნიადაგზეც მოხდა, სამწუხაროდ, ის, რაც მოხდა.“

{ირაკლი ბათიაშვილის ხმა]“ ძაან დიდი დანაკლისია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი. ბადრი პატარკაციშვილმა იცხოვრა როგორც კაცმა და კაცურად მოკვდა.“

ბადრი პატარკაციშვილის სკანდალური ბიზნესსაქმიანობა რუსეთში დაიწყო. საქართველოში იგი 2001 წელს დაბრუნდა. იყო ჰოლდინგ „იმედიას“ დამფუძნებელი, ტელეკომპანია „იმედის“ აქციების მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, „ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის” დირექტორი, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს ხელისუფლებასთან მისი აშკარა დაპირისპირება 2006 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნესმენთა ფედერაციის სხდომაზე მან საქართველოს მმართველი ელიტა ბიზნესმენთა უფლებების დარღვევასა და ვარდების რევოლუციის შემდეგ აღებული დემოკრატიზაციის კურსის იგნორირებაში დაადანაშაულა. იმავე სხდომაზე მან მთელი საზოგადოების წინაშე პირადად აიღო პასუხისმგებლობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სიმართლის გამომჟღავნებაზე:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა]“არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია ”იმედმა” გააჟღერა. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა ”იმედის” ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას. ბატონებო, თუ ამას დავთანხმდები მე, როგორ გაგისწოროთ ამის შემდეგ თვალი თქვენ, სანდრო გირგვლიანის დედას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მის მეგობრებს.“

განაცხადა 2006 წლის 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციის სხდომაზე ბადრი პატარკაციშვილმა. ამ გამოსვლას მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ახალი ლიდერისა და შესაძლო სპონსორის განცხადებები უწოდა. მოგვიანებით კი ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესამბიციები ეტაპობრივად პოლიტიკურ ამბიციებშიც გადაიზარდა. გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მან მიიღო ოპოზიციის დაფინანსების გადაწყვეტილება, ღიად უჭერდა მხარს ხელისუფლების შეცვლის კამპანიას, მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც საარჩევნო ხმების დაახლოებით 7 პროცენტი დააგროვა.გეგმავდა საკუთარი პოლიტიკური პარტიით მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებშიც. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილი, დაუსწრებლად, ბრალდებულის სახით მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას ბრალი სახელმწიფო შეთქმულებისა და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ედებოდა იმ სამხილის საფუძველზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელი სპეცსამსახურების დახმარებით მოიპოვა. ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლები და ოჯახი გამოძიების ბოლომდე მიყვანასა და მისი სახელის რეაბილიტაციას ითხოვენ. ცნობილი ბიზნესმენის დაკრძალვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან.


XS
SM
MD
LG