Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის რეაქცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე


რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 70 პროცენტზე მეტით გაიმარჯვა დმიტრი მედვედევმა

- კანდიდატმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობდა. როგორც ჩვენს გადაცემებშიც არაერთხელ გვითქვამს, არჩევნების ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, ამდენად მას არავინ გაუკვირვებია უცხოეთში.

ევროკომისიის პრესმდივანმა ამადეუ ალტაფაი ტარდიომ ბრიუსელში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე წაიკითხა ნაწყვეტი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებიდან:
[ტარდიოს ხმა] “მინდა, ევროკომისიის სახელით, მივულოცო პრეზიდენტად არჩეულ დმიტრი მედვედევს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა. რუსეთის ფედერაციამ და ევროპის კავშირმა მნიშვენლოვან წინსვლას მიაღწიეს თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით - რუსეთის ფედერაციაში, ევროპის კავშირში, ევროპის კონტინეტზე და მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად”.

ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადებისაგან განსხვავებით, აშკარა კრიტიკა ჟღერდა ევროსაბჭოს წარმომადგენლის, ანდრეას გროსის გამოსვლაში: ის რუსეთში არჩევნებზე ევროსაბჭოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი იყო და დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა: [გროსის ხმა] “რუსეთის ფედერაციაში 2008 წლის 2 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასახავს ნებას ელექტორატისა, რომლის დემოკრატიული პოტენციალიც, სამწუხაროდ, არ იქნა რეალიზებული”.

ევროსაბჭოს წარმომადგენელმა უწინარეს ყოვლისა გააკრიტიკა ის გარემოება, რომ მასმედიაში და, ზოგადად, საჯაროდ გამოჩენის საშუალება ყველა კანდიდატს თანაბრად არ ეძლეოდა. ამასთან, ევროსაბჭოს სამეთვალყურეო მისიის ბრიტანელმა წევრმა, ნაიჯელ ევანსმა გამოთქვა შეფასება, რომ მედვედევი არჩევნებში ისედაც გაიმარჯვებდა, განსაკუთრებული ხელშეწყობის გარეშეც - თუმცა ასე დიდი სხვაობით ვერ გაუსწრებდა კონკურენტებს.

კრიტიკა გამოითქვა შეერთებულ შტატებშიც: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოხემაურნენ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაბმული დემოკრატი კანდიდატები ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა. კლინტონის თქმით, ის, თუ როგორ იქნა არჩეული მედვედევი არის დიდი უკუსვლა დემოკრატიულობის თვალსაზრისით რუსეთში. ბარაკ ობამამ სიტყვა “გაწბილება” ახსენა - არჩევნები, მისი თქმით, არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი.

ვაშინგტონის ადმინისტრაციის პრეს-მდივნებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი - მათი განმარტებით, ჯერ საარჩევნო პროცესის დასრულებას ელოდებიან.

რაც შეეხება დადებით გამოხმაურებას: ის გავრცელდა ბელგრადიდან. პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა მედვედევის “დიდ გამარჯვებაზე” ალაპარაკდა და მას “გულთბილი და მეგობრული მილოცვა გაუგზავნა”. ამ მხარდაჭერის ფონია, თავის მხრივ, რუსეთის მხარდაჭერა სერბიის მიმართ კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დასავლეთთან დაპირისპირებაში. და კიდევ ერთი დადებითი შეფასება - ის გაავრცელა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამეთვალყურეო მისიამ. მისიის შეფასებით, არჩევნები იყო “თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე”. ამ შინაარსის განცხადება დღეს მოსკოვში გაკეთა სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ნაურუზ აიდაროვმა.

დმიტრი მედვედევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 17 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG