Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭო შეიკრიბა


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თვალსაჩინო შედეგი აქვს:

კონსენსუსის გზით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელი ორგანოების ახალი სახეებით დაკომპლექტების პროცესი. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ ახალი გენერალური დირექტორი 4 აპრილამდე უნდა აირჩიოს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცნობილი გახდა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს პირველ სხდომაზე, რომლის სამუშაო დღის წესრიგი ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვით შემოიფარგლა. მათ რიგშია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის არჩევაც.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ სტუდია „მარაოს“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი ტრიპოლსკი აირჩიეს, მის მოადგილედ კი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლევან გახელაძე. როგორც მოგვიანებით, კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას, ირაკლი ტრიპოლსკიმ გვითხრა, საბჭოს წევრების არჩევანი ტელევიზიისა და რადიოს სპეციფიკის ყველაზე უკეთ მცოდნეებზე შეჩერდა:

[ირაკლი ტრიპოლსკის ხმა]“ჩვენი პროფესია ეს არის. მე ახლა ტელევიზია და კინო უფრო ვიცი, რადიო - ბატონმა ლევანმა და ასეც მოხდა. მე, მართალი რომ გითხრათ, არანაირი კონსულტაცია არსად არ მქონია და არავისთან, თუ დამიჯერებთ ასეა, და მოსალოდნელი იყო ჩემი თავმჯდომარედ არჩევა, იმიტომ რომ, ცუდად გამოდის, მაგრამ აქ ჩემს კონკურენტს ვერ ვხედავდი. გამომდინარე სპეციფიკიდან, მე ვერ ვხედავდი ჩემს კონკურენტს. მე დიდი ხანი, მთელი ცხოვრება, ტელევიზიაში ვმუშაობ. ლევან გახელაძემ რადიოს სპეციფიკა ჩემზე უკეთ იცის და ამიტომ ის მოადგილეა.”(სტილი დაცულია)

გვითხრა ირაკლი ტრიპოლსკიმ, რომლის შეფასებითაც, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქართულ მენტალიტეტსა და ზნეობაზე დაფუძნებული ტელევიზიის შენებაა. ამ ზოგადი განმარტების მიღმა კონკრეტული ამოცანები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე საბჭო ინტენსიურ შეკრებებს გეგმავს.

[მიშა ჭიაურელის ხმა]“ შემდეგ სხდომაზე ყველა ჩვენს ხედვას წარმოვადგენთ, შევაჯერებთ და მაშინ მოგახსენებთ. თორემ ახლა ძალიან ძნელია, იცით. ჯერ უნდა შევისწავლოთ აქ რა ხდება, კიდევ ერთხელ გადავხედავთ, შევაფასებთ, რა არის უფრო მიზანშეწონილი, რომელი გადაცემები იქნება - საბავშვო, ლიტერატურული, მუსიკალური, სპორტული. ძალიან ბევრია. ჩვენ მოვიტანთ ჩვენს ხედვებს, გავითვალისწინებთ. მთავარია ეს იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.“(სტილი დაცულია)

სამეურვეო საბჭოს წევრის მიხეილ ჭიაურელის განმარტებით, პირველ რიგში გამოსასწორებელია ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ქართული მეტყველების დონე. გიორგი ანჩაბაძე კი ამ ეტაპზე ორ მთავარ პრიორიტეტს გამოყოფს:

[გიორგი ანჩაბაძის ხმა]“ საბჭოს მუშაობა, მე მიმაჩნია, რომ მან უნდა თვალყური ადევნოს, ჯერ ერთი, ბიუჯეტის ხარჯვა როგორ მიმდინარეობს, როგორ მიმდინარეობს სამაუწყებლო პოლიტიკის განხორციელება. და ნუ, მერე, ალბათ, გზადაგზა კიდევ რაღაც გამოჩნდება.“(სტილი დაცულია)

გიორგი ანჩაბაძეს, სპეციალური კენჭისყრის შედეგად, მამუკა ფაჩუაშვილსა და ზურაბ ხარატიშვილთან ერთად, სამეურვეო საბჭოში უფლებამოსილების ვადა 2 წლით განესაზღვრა. 6 წლიანი ვადით სამეურვეო საბჭოში არჩეულნი არიან ირაკლი ტრიპოლსკი, მიხეილ ჭიაურელი და ირმა სოხაძე, ხოლო ოთხწლიანი ვადით - მარინე ვეკუა, ბაკურ სულაკაური და ლევან გახელაძე.
”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ ასევე პირველ შეკრებაზე დააკმაყოფილა მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ და დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან გიორგაძე დანიშნა. ამასთან, საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღების ვადა 15 მარტამდე განისაზღვრა, ერთი თვის ვადაში კი, სავარაუდოდ, ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, კონკურსის წესით, სამურვეო საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით არჩეული ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება.
XS
SM
MD
LG