Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის პოლიტიკური “მკვდრეთით აღდგომა”


აშშ-ის ყოფილი პირველი ქალბატონი ჰილარი კლინტონი სამშაბათს გამარჯვებული დაემშვიდობა თავის

ამომრჩევლებს, პირველ რიგში, ოჰაიოს შტატში - დაემშვიდობა გამარჯვებული და ახალი იმედებით აღსავსე, რადგან გასული კვირების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ბრძოლაში მისი წარმატებისა ცოტასღა სჯეროდა. მასმედია უკვე ჰილარის პოლიტიკურ ნეკროლოგებს აქვეყნებდა, როცა ერთმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა გამოაცხადა, “კლინტონი დღეს მკვდრეთით აღდგაო”.
დემოკრატიულ პარტიას ლამის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მთელი ძალები ბარაკ ობამასკენ წარემართა, რათა გზა თეთრი სახლის დასაკავებლად მისთვის მოემზადებინა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერშია. ახლა იქ ტარდება ეგრეთ წოდებული პრაიმერები, როცა პარტიები შინა არჩევნებს ატარებენ საკუთარი კანდიდატის წარსადგენად. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი თითქოს გამოკვეთილია - ეს, ალბათ, ვეტერანი პოლიტიკოსი ჯონ მაკეინი იქნება. დემოკრატებს თანაბარი ძალის, მაგრამ სხვადასხვა ხასიათისა და ღირსების წარმომადგენლები აღმოაჩნდათ და მათ შორის ბრძოლამ დრამატული სახე მიიღო. აღფრთოვანებულმა თავისი წარმატებით ოჰაიოს შტატში, ჰილარი კლინტონმა სამშაბათს ამომრჩევლებს მიმართა:

(კლინტონის ხმა)
“საითაც ოჰაიო მიდის, იქით მიდის ქვეყანა, ეს ქვეყნის განახლებაა, ეს საარჩევნო კამპანიის განახლებაა, ოჰაიოელებმა ეს ხმამაღლა და ცხადად თქვეს. წინ მივდივართ, მტკიცედ მივდივართ...”

ამ ბოლო გამარჯვებამ, რომელიც, ოჰაიოს გარდა, ტეხასსა და როდ აილენდში შედგა სამშაბათს, კლინტონს თამამად შეიძლება ათქმევინოს, რომ ის უფსკრულის პირას იყო, მაგრამ არ გადავარდა. ამ მხრივ, მიმომხილველები მას ადარებენ მეუღლეს, ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს, რომელიც მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა 1992 წელს და შემდეგ, კვლავ გამარჯვებულმა, თავის თავს “დაბრუნებული ბიჭი” უწოდა. ამომრჩეველთა ქცევისა და პარტიული პოლიტიკის მკვლევარი ოჰაიოს უნივერსიტეტში პოლ ბეკი ამბობს, რომ, თეთრ სახლში პრაქტიკანტ გოგონასთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, ბილ კლინტონმა თავის დროზე პარტიის შიგნით პატივისცემა შეინარჩუნა:

(ბეკის ხმა)
“ჩემი აზრით, ეს მათი სიკერპეა - მძიმე დარტყმის მიუხედავად, მეორე დღეს ბრძოლას აგრეძელებენ. ეს ახასიათებდა ბილს და ასე მოქმედებდა ჰილარიც სამშაბათს.”

ახლა ეს თვისება გამოვლინდა განსაკუთრებით, რადგან თებერვალში, როგორც ვთქვით, ჰილარი კლინტონი ლამის უკვე, ასე ვთქვათ, ჩამოწერეს - ერთნი ამბობდნენ, რომ აღარ აპირებს ბრძოლასო, სხვები ფიქრობდნენ, რომ სწორად მოქმედებს, მაგრამ “ობამას ფენომენი” აღმოჩნდა დაუძლეველიო.

ბარაკ ობამას წარმატება რომ დაუჯერებელი იყო, ამაზე ლაპარაკობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ბობ ჰაკფელდტი. მისი თქმით, ჰილარი კლინტონი შესანიშნავი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ სუსტი კანდიდატია.

ჰაკფელდტის ანალიზის მიხედვით, იყო კარგი კანდიდატი, ნიშნავს გქონდეს აშშ-ის პრეზიდენტისათვის აუცილებელი უნარები: უნდა შეგეძლოს შენი საქმე ხალხის საქმედ წარმოაჩინო და ეს უნდა იმეორო და იმეორო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი კანდიდატი და კარგი პრეზიდენტი ერთი და იმავე მახასიათებლის მატარებელია. ჰილარის, ამ მხრივ, სიძნელეები ჰქონდა - ის მიაგნებდა ხოლმე თავის სათქმელსა და ინტონაციას, შემდეგ კი კვლავ კარგავდა.

ასეთია კალიფორნიელი პროფესორის შეფასება და, მართლაც, პრაიმერის ბოლო ეტაპზე ყოფილმა პირველმა ლედიმ თავისი ხმა კვლავ მონახა - მისი წინასაარჩევნო კამპანიის სტილი მკვეთრად შეიცვალა. ბოლო ხანს ის მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდა, თუ რა სურს მომავალში როგორც პრეზიდენტს, დაიწყო ობამას განსაკუთრებით დაუნდობელი კრიტიკა. ამ კრიტიკის ერთმა პუნქტმა, რომ ობამას ადმინისტრაცია ქვეყნის ბავშვებს ვერ შეუქმნის უსაფრთხოებას, ამ სამ შტატში გამგონი და დამჯერი ნახა. ხალხმა ტეხასსა და ოჰაიოში ირწმუნა, რომ კრიზისის პირობებში, ომის დროს, კლინტონი უკეთესად გაუძღვება ქვეყანას, ვიდრე ობამა. ოჰაიოში, რომელიც ეკონომიკურად ჩამორჩენილი შტატია, სადაც დიდია უმუშევრობა, ამომრჩეველთა 80 პროცენტს ოჯახების ფინანსური დახმარების პრობლემა აწუხებს. ოჰაიოელი ექსპერტი ბეკი ამბობს, ჰილარი კლინტონმა ხალხს აჩვენა, რომ ის არის მებრძოლი მათი უფლებებისათვის, მათი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მუშებს განსაკუთრებით აღელვებთ.

(ბეკის ხმა)
“მათ ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ ვიღაცამ აუცილებლად უნდა იბრძოლოს მათი საქმისათვის, ჰილარი კლინტონმა კი, ამ მხრივ, კარგად იმუშავა და სწვდა მათ ფარულ გრძნობებს.”

ამ ეტაპზე ბარაკ ობამა კვლავ უსწრებს ჰილარი კლინტონს. ბოლო გამარჯვებამ კლინტონი წინ წასწია, მაგრამ, რიცხობრივი მონაცემებით, ობამა კვლავ უსწრებს მეტოქე ქალბატონს. იმისთვის, რომ კანდიდატი გახდე, დემოკრატიული პარტიის 2025 დელეგატი უნდა მოგემხროს. ახლა კლინტონს 1447 მომხრე ჰყავს, ობამას კი - 1542, ანუ 95-ით მეტი. ამ ეტაპზე ისეთი პირი უჩანს, რომ აგვისტოში გადაწყდება დემოკრატი კანდიდატის ბედი ეგრეთ წოდებული 700 “სუპერდელეგატის” მიერ. ესენი არიან პარტიის ლიდერები და არჩეული ოფიციალური პირები, რომლებიც კენჭს უყრიან ორივე კანდიდატს.

ცხარე ბრძოლა გრძელდება საკუთრივ დემოკრატ კანდიდატებს შორის. გუშინ ობამამ მოუწოდა კლინტონს დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს საგადასახადო დეკლარაცია, როგორც ეს თვითონ გააკეთა. ობამას მრჩეველმა ამ მოთხოვნას ასეთი კომენტარი დაურთო: “რასაც დათეს, იმას მოიმკიო”.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG