Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''სამართლის მაძიებელ სტუდენტთა მოძრაობა'' ირანელებს ისრაელის ძალოვანი სამსახურების სამი მაღალი რანგის პირის მოკვლისკენ მოუწოდებს


ექსტრემისტულად განწყობილ ირანელ სტუდენტთა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მილიონ დოლარზე მეტს გადაუხდის მას, ვინც სიცოცხლეს გამოასალმებს ისრაელის ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის სამ პირს:

თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაკს, უშიშროების სამსახურ "მოსადის" ხელმძღვანელს მეირ დაგანსა და სამხედრო დაზვერვის უფროსს ამოს იადლინს. სტუდენტთა რა ჯგუფზეა საუბარი და რამ გამოიწვია მისი წევრების ასეთი რისხვა? პასუხებს ამ კითხვებზე დავით კაკაბაძისგან მოისმენთ.

"სამართლის მაძიებელ სტუდენტთა მოძრაობა" - ასე ეწოდება ჯგუფს, რომელიც ირანელებს ისრაელის ძალოვანი სამსახურების სამი მაღალი რანგის პირის მოკვლისკენ მოუწოდებს. ცნობილია, რომ ამ მოძრაობას ახლო ურთიერთობა აკავშირებს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან. ამის დასტურად თუნდაც ის გამოდგება, რომ მოძრაობის შეკრება, რომელზეც ჯილდოს დაწესების ამბავი გამოცხადდა, მთავრობის კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში გაიმართა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯგუფის წევრთა შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ჰასან რაჰიმპურ აზღადი, მემარჯვენე პოლიტოლოგი და წევრი ორგანიზაციისა, რომლის სახელწოდებაც თავად მეტყველებს მის ორიენტაციაზე: "პრეზიდენტ აჰმადინეჟადის აზრების გამავრცელებელი საბჭო". აზრები კი პრეზიდენტ აჰმადინეჟადს მართლაც მრავლად მოსდის. მათგან ალბათ ყველაზე გახმაურებულად უნდა ჩაითვალოს მოსაზრება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა არ მომხდარა.

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ იმ შეკრებას, რომელზეც "სამართლის მაძიებელ სტუდენტთა მოძრაობამ" დიდძალი ფულადი ჯილდოები დააწესა ისრაელის სამი მაღალი რანგის ოფიციალური პირის მოკვლისთვის: ეჰუდ ბარაკის თავი 400 ათას დოლარად არის შეფასებული, ხოლო მეირ დაგანისა და ამოს იადლინისა - 300-300 ათასად.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი დაფინანსების წყაროზე. მოძრაობამ ირანელებს მიმართა, ამ წამოწყების დასაფინანსებლად დონორობა იკისრონ და საკუთარი თირკმლები ჩააბარონ. მაგრამ ზოგიერთი ცნობით, სტუდენტთა მოწოდებას მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. რაც შეეხება ბარაკის, დაგანისა და იადლინის მოკვლის მოწოდების მოტივაციას, მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი ღაზის სექტორში ისრაელის არმიის მიერ ამას წინათ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე. ამ ოპერაციას ასზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა; დაიღუპა, აგრეთვე, ოთხი ისრაელი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი.

რადიო "თავისუფლების" სპარსული სამსახური, რადიო "ფარდა", დაუკავშირდა მორტეზა ფირუზაბადის, იმ შეკრების თაოსანს, რომელზეც სამი ისრაელი ლიდერის მოკვლისთვის ჯილდოების დაწესების ამბავი გამოცხადდა. ფირუზაბადიმ ინტერვიუზე უარი განაცხადა.

[მორტეზა ფირუზაბადის ხმა] "ჩვენ არ ვაძლევით ინტერვიუებს რადიო "ფარდას", თქვენი პატრონები ჩვენებისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. ჩვენ არ ველაპარაკებით ქვეყნის გარეთ მოქმედ არც ერთ საინფორმაციო საშუალებას. შეგიძლიათ, პირდაპირ ასე თქვათ: რადიო "ფარდას" ინტერვიუს არ ვაძლევთ."

მაშინ ჩვენმა ირანელმა კოლეგებმა კომენტარი სთხოვეს თეირანის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს სადეღ ზიბაკალამს. მისი თქმით, "სამართლის მაძიებელ სტუდენტთა მოძრაობა" მთავრობის მიერ ოფიციალურად აღიარებული არ არის, მაგრამ, როგორც პროფესორი ფიქრობს, უფრო სწორი იქნებოდა ამ ექსტრემისტული ჯგუფის საქმიანობის აკრძალვა.

[სადეღ ზიბაკალამის ხმა] "როცა ქალთა რომელიმე ჯგუფი ქუჩაში შეიკრიბება, რათა ქალთა უფლებების დასაცავად ხელმოწერები შეაგროვოს, ამ ჯგუფის წევრებს ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის საბაბით აპატიმრებენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, როცა სხვა თავყრილობებისას ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მართლაც ექმნება საფრთხე, სისტემა ამაზე სრულებით არ რეაგირებს."

ისრაელთა თავებისთვის ჯილდოების გამოცხადების ამბავი "სამართლის მაძიებელ სტუდენტთა მოძრაობის" წევრებმა კოლეგებს უმაღლეს სასწავოებლებში პლაკატების გამოკვრით ამცნეს. თუმცა, როგორც თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი ჰამიდ აბედინი ამბობს, ამ მოწოდებებს ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას.

[ჰამიდ აბედინის ხმა] "უნივერსიტეტში ვნახე მათ მიერ გაკრული პლაკატი, მაგრამ არა მგონია, მან რაიმე გავლენა მოახდინოს სტუდენტთა საერთო აზრზე. როგორც წესი, სტუდენტებს არ მოსწონთ ასეთი რამეები. ამას ისინი მთავრობის ოფიციალური პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ."
XS
SM
MD
LG