Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების რესურსი


გაერთიანებული ოპოზიცია დედაქალაქის მერიისგან შიმშილობის აქციის ნებართვის კიდევ ათი დღით გაგრძელებას ითხოვს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვების რაოდენობამ 20–ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდა, მოშიმშილეთა საერთო რაოდენობა მაინც იზრდება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მასშტაბით მოშიმშილეთა რიცხვი უახლოეს დღეებში 1000 ადამიანს მიაღწევს. არსებობს თუ არა ასეთ ფონზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაგრძელების რაიმე შანსი?

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მეხუთე დღეს ოპოზიციას ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლის განწყობა არ შესუსტებია. მით უფრო, რომ 12 მარტს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დემოკრატიულ ფრონტში“ დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციის შემდეგ ითქვა, რომ მხარეებს შორის დიალოგი აღარ გაიმართება და, მოვლენების გამწვავების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება. რაც შეეხება ამ განცხადებების მიღმა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო კონკრეტულ შედეგებს, 12 მარტს, ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე „მომავლის პარტიის“ დროშა დემონსტრაციულად მხოლოდ იმის გამო ჩამოხსნეს, რომ პარტიის თავმჯდომარე გია მაისაშვილი, „მრეწველთა“ ლიდერ გოგი თოფაძესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ნატოში საინტეგრაციოდ და სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება აფხაზეთთან დიალოგის წარმოების მიზნით. გია მაისაშვილს გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მათი ტერმინით რომ ვთქვათ, ორ ფრონტზე თამაში არ აპატია:

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ არჩევნები არალეგიტიმური იყო, ეს კაცი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ და თუ სააკაშვილთან ერთად შენ წყვეტ რაღაც საკითხებს, ჯდები და მასთან დიალოგზე მიდიხარ, ესე იგი ხსნი ამ მოთხოვნას და მაშინ აქ არ არის მათი ადგილი.“(სტილი დაცულია)

ამბობს კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ, სულ მცირე, 31 მარტამდე გაგრძელდება. განაცხადი აქციის გაგრძელების შესახებ თბილისის მერიაში 13 მარტს შევიდა. შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ აპირებენ არც სხვა პოლიტიკური სუბიექტები, კერძოდ, ახალი მემარჯვენეები და ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. ასეთ ფონზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ ძალებს საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების ინიციატივით მიმართავს:

[შალვა ნათელაშვილის ხმა]“ ყველამ გამოვუცხადოთ ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებს. თუ ერთი ორმა პარტიამ მაინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ბუნებრივია, ჩვენ ქვეყანას ვერ დავტოვებთ იმ ორი-სამი მოღალატე პარტიის იმედად და ჩვენ აუცილებლად შევიჭრებით ბრძოლის ველზე. ჩვენთან დალაპარაკებას და კონსულტაციებს არანაირი შეფერხება და ბარიერი არ ექნება, მზად ვართ გახსნილად ველაპარაკოთ ყველას, ყველა ოპონენტს, ყველა ოპოზიციურ ძალას, რათა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დადგეს გაზაფხული.“(სტილი დაცულია)

ლეიბორისტთა ლიდერის მოწოდებას ოპოზიციური ძალები სკეპტიკურად შეხვდნენ იმ ძირითადი ფაქტორის გამო, რომ ხელისუფლებას სატელიტი პარტიების შექმნის შესაძლებლობა ყოველთვის ექნება. მათი აზრით, იდეა კარგია, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი. რა განვითარებას პოვებს ლეიბორისტთა ინიციატივა უახლოეს მომავალში, ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე კი ოპოზიციას საპროტესტო რეჟიმიდან კონკურენციის რეჟიმში გადასვლისაკენ 12 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუწოდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არის მემორანდუმის სხვა პუნქტებში, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაცია, ხოლო რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს ან არაკოლეგებს, ვინც ახლა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, ნამდვილად მოვუწოდებ. ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მოსახლეობა მათ მხარს უჭერს. მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ აქციები და დაიწყონ მზადება საარჩევნო კამპანიისათვის. როცა ესეთი დარწმუნებული ხარ, რომ მოიგებ, უნდა მართლაც მთელი ძალა და ენერგია მიმართო იმისაკენ, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყოს და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში შევეჯიბროთ ერთმანეთს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, თუ ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის გამოწვევა არ სურს, მაშინ ისინი დიალოგზე უნდა წავიდნენ. შეკითხვით, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს მივმართეთ. მისი თქმით, ამჟამად რესურსი კრიტიკულად დაბალია, ანუ იმ ნიშნულზეა, რომ მისი დაცემა წარმოუდგენელია:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა]“ინიციატივა ეკუთვნის ჩვენს ხელისუფლებას, რადგან ოპოზიციის მოთხოვნები ცნობილია მათთვის. ისინი თითქოს მზად იყვნენ ამ მოთხოვნების თაობაზე სასაუბროდ. მე ისიც მახსოვს, რომ 15 მარტიდან უნდა შეცვლილი ყოფილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, ასეთი დაპირებაც იყო გაჟღერებული. თუ რაიმე არსებული მოთხოვნებიდან ხელისუფლების მიერ შესრულდება, იმედი მაქვს, რომ გაჩნდება დიალოგის შესაძლებლობა.“
XS
SM
MD
LG