Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის იხდის სასჯელს ცნობილი არქიტექტორი?


კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ კანონების მიღებითაც გაამკაცრა. გარდა იმისა, რომ შესწორებები შევიდა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში,

პარლამენტმა მიიღო კანონი "ორგანიზებულ დანაშაულთან და რეკეტთან ბრძოლის შესახებ", თუმცა, კანონიერი ქურდების გარდა, ხშირ შემთხვევაში ამ ბრძოლას უდანაშაულო ადამიანებიც ეწირებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის დამტკიცებას შეეცადა სტუდია „მონიტორი“, რომლის წევრებმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ცნობილი არქიტექტორი, დოცენტი, სამოცი წლის მერაბ გაგნიძე სასჯელს მხოლოდ იმის გამო იხდის, რომ მონაწილეობას იღებდა „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის სახლად ცნობილი შენობის მშენებლობაში. მინდა გაცნობოთ, თუ რას ედავებიან ცნობილ არქიტექტორს და რა ხარვეზები უპოვეს „მონიტორის“ ჟურნალისტებმა გამოძიებას.
არქიტექტორ მერაბ გაგნიძეს საზოგადოება პარლამენტის სხდომათა დარბაზის, არაერთი ეკლესიისა და ლარსის სამონასტრო კომპლექსის პროექტების ავტორად იცნობს, თუმცა იგი ამჟამად მოწყვეტილია პროფესიულ საქმიანობას და სასჯელს ცრუ ჩვენების მიცემისთვის იხდის. საქმე ის არის, რომ მერაბ გაგნიძე იმ შენობის დამპროექტებელიც არის, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, ”კანონიერ ქურდს” შაქრო კალაშოვს ეკუთვნოდა. ადვოკატი დავით კორკოტაშვილი განმარტავს:

[დავით კორკოტაშვილის ხმა]

ეკუთვნოდა თუ არა სახლი შაქრო კალაშოვს? - სტუდია „მონიტორის“ გამოძიებიდან ირკვევა, რომ სახლმა მშენებლობის პროცესში მფლობელი სამჯერ შეიცვალა. 2000 წელს მშენებარე სახლი წყნეთში მცხოვრები მოქალაქეებისაგან იყიდა კალაშოვის ძმამ, აზიზ კალაშოვმა, რომელმაც ორი წლის შემდეგ თითქმის მთლიანად დასრულებული შენობის გაყიდვა გადაწყვიტა. არქიტექტორ მერაბ გაგნიძის შვილი იხსენებს:

[მერაბ გაგნიძის შვილის ხმა]

სახლის ახალი მფლობელები - არქიტექტორი მერაბ გაგნიძე, სამორინე „აჭარის“ მფლობელი თემურ უგულავა და ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე - ორი წლის თავზე იღებენ გადაწყვეტილებას და სახლს თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს მიხეილ მდინარაძეს უთმობენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2006 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შაქრო კალაშოვს დაუსწრებლად 18 წელი მიუსაჯა, პროკურატურა იმის დასაბუთებას შეეცადა, რომ სახლის შეძენა-გაყიდვა ფიქტიურად ხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ ბრიფინგიც კი გამართა:

[კახა კობერიძის ხმა]
მოგვიანებით მერაბ გაგნიძე პროკურატურასა და სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით არაერთხელ დაიბარეს. არქიტექტორისგან გამოძიება მის მიერ დაპროექტებული სახლის რეალური მეპატრონის დადგენას ითხოვდა. მერაბ გაგნიძის მეუღლე, მანანა გაგნიძე, იხსენებს:

[მანანა გაგნიძის ხმა]

მერაბ გაგნიძისგან განსხვავებით, სხვა მესაკუთრეებმა - უგულავამ და კალანდაძემ -განაცხადეს, რომ წყნეთში სახლს არ ფლობდნენ და ფიქტიურ გარიგებაში შაქრო კალაშოვის ახლო ნათესავის, კაკი ოზმანოვის, თხოვნით მონაწილეობდნენ. ადვოკატი პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ ჩვენების მიცემის დროს მოწმე კალანდაძე პატიმრობაში იმყოფებოდა.

[პაატა კიკნაველიძის ხმა ]

სამაგიეროდ, ცრუ ჩვენების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მერაბ გაგნიძის წინააღმდეგ. 2007 წლის 6 ივნისს მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მოგვიანებით წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. ადვოკატი დავით კორკოტაშვილი ამბობს, რომ ხანდაზმულმა არქიტექტორმა ყველა ჩვენებაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე თქვა:

[დავით კორკოტაშვილის ხმა]

მერაბ გაგნიძის ადვოკატები და ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ სიმართლის დამტკიცებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უფრო შეძლებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG