Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასთან დაკავშირებული მოლოდინები


საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები ცალკე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ცალკე თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან სხვადასხვა მიმართულებებს უკავშირდება, მაგრამ ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ განხორციელებულ ამ ვიზიტს საქართველოში მაინც განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს იმ მხრივ, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის დიდი სტრატეგიული მოკავშირე გავლენა მოახდინოს ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებზე მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას.

საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 17 მარტს დაწყებული ვიზიტის დღის წესრიგში შეხვედრების თანმიმდევრობა ასე განისაზღვრა: შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში ლინ პასკოსთან; შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან; შეხვედრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან. ექსპერტები ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას ორ ასპექტს უსვამენ ხაზს. ერთი იმას, რომ ის წინ უსწრებს ნატოს ბუქარესტის სამიტს. მეორე, აღნიშნავენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილის მიწვევა იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერის მორიგი დადასტურება. ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება ჯერ კიდევ რთულია, როცა რუსეთი კიდევ უფრო აშიშვლებს თავის პოლიტიკას საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების მიმართ და როცა საქართველო, მისი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეწევა გააფთრებულ მუშაობას ნატოს ბუქარესტის სამიტზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის MAP-ი, ანუ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა? როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა აღნიშნავს:

[ ნიკა რურუას ხმა] ”პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ არის პანაცეა, რომელიც გადაჭრის ყველა პრობლემას. იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, რომ არ არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტები გადაულახავი ბარიერი ქვეყნისთვის, რომ ეს ქვეყანა დაუახლოვდეს ნატოს. ”(სტილი დაცულია)

”ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იქნება ცალსახა და მხარდამჭერი, ის მხარს დაუჭერს უკრაინისა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას, მაგრამ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ იქნება გადამწყვეტი”, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნატოში გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით იღებენ. საკმარისია ერთი წევრის უარი და გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. საქართველოს შანსებზე საუბრისას პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი განსაკუთრებით გერმანიის პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას:

[ალექსანდრე რონდელი ხმა} ” იქ გერმანიის პოზიციაა მნიშვნელოვანი, დანარჩენები უფრო უჯერებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა არც საფრანგეთია მაინცდამაინც დაინტერესებული. მაგრამ შეერთებული შტატების მცდელობა მოახდინოს ზეწოლა ევროპის წამყვან სახელმწიფოებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.. ” (სტილი დაცულია)

ამავდროულად, არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის განსახილველი საკითხები, მნიშვნელოვანი საკითხები, - დასძენს ნათქვამს ალექსანდრე რონდელი ... რუსეთი რჩება საქართველოს წინაღობად როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე , ისე ტერიტორიული კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში.. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, როგორც უკვე ვთქვით, დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანსა და მის მოადგილესთან.

[ალექანდრე რონდელის ხმა] ”უნდა დროდადრო შეახსენო გაეროს, რომელიც ჩაფლულია რუტინაში, რომ პრობლემა არსებობს, მოსთხოვო რაღაც. იქ ჭიდაობა რუსების წინააღმდეგ ძნელია, მაგრამ მინიმუმი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური მიწოლით.” (სტილი დაცულია)

რის შესახსენებლად ხვდება საქართველოს პრეზიდენტი ბან კი მუნს? ამაზე საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების მიმართ რუსეთის პოლიტიკას ახსენებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნის თაობაზე:

[ნიკა რურუას ხმა] ”ამაზე ლაპარაკი იქნება, ასევე ლაპარაკი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე, იმიტომ რომ ეს თემა ყველა საზღვარს გადასცდა, პრეზიდენტი ამ თემას ძალიან გულით ეკიდება და აუცილებლად იქნება ლაპარაკი არსებული ფორმატის შეცვლაზე.” (სტილი დაცულია)

”მყისიერ გადაწყვეტილებებს ნაკლებად ველით, მაგრამ რადგან რუსეთმა თავად დაიწყო არსებული ფორმატის გადახედვა, გაძლიერდა საქართველოს პოზიციაც არსებული არაეფექტიანი ფორმატის გადახედვის მოთხოვნასთან დაკავშირებით”, - დასძენს ნათქვამს ნიკა რურუა.

პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 მარტს დასრულდება. შეხვედრა ჯორჯ ბუშთან 19 მარტს არის დაგეგმილი. მასზე განსახილველი საკითხებია: ერაყის ოპერაცია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობა და ასე შემდეგ. ნატოს ბუქარესტის სამიტი, ბუნებრივია, არ იქნება განხილვის ერთადერთი თემა...
მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი დარწმუნებულია, რომ, თუ არა ნოემბრის ცნობილი მოვლენები, საქართველოს შანსი ბუქარესტის სამიტზე გაცილებით მაღალი იქნებოდა... და როგორია დღევანდელი შანსი? როგორც ნიკა რურუა ამბობს, ძალიან სასურველია საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მიიღოს MAP-ი, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, საქართველო იქნება ძალიან აქტიური ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნება ბუქარესტის სამიტის შემდეგ ნებისმიერ მინისტერიალზე.
XS
SM
MD
LG