Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ ოპოზიციის პროტესტს და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის ძიებას.

”რეზონანსი” წერს, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ პარლამენტში ადგილების დამატების შესახებ პრობლემის გადაწყვეტის იმედი გაჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა, შიმშილობა კი გრძელდება. გაზეთის თქმით, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, რომელსაც ავტორი ”კურიოზულს” უწოდებს. .”რეზონანსი” წერს: ”ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი სხვადასხვა აზრს აფიქსირებს. გუშინ კოკა გუნცაძემ ისიც კი განაცხადა, პარლამენტის რაოდენობის საკითხი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანიო”. სრულად სტატიას დღვანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

”24 საათი” კი მოწინავე გვერდზე აქვეყნებს სტატიას რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული ახალი საარჩევნო სისტემის მოდელის შესახებ. სტატიას ”რესპუბლიკელების მოძებნილი ახალი გამოსავალი ეწოდება”. ავტორი წერს: ”შეძლებენ თუ არა ისინი ამ იდეის გარშემო პოლიტიკური პარტნიორების, ანუ ოპოზიციური ძალების, გაერთიანებას, ჯერჯერობით უცნობია.”

გაზეთი საპარლამენტო არჩევნების მოდელის თემას მეორე სტატიასაც უთმობს მოწინავე გვერდზე, სათაურით ”მაჟორიტართა კვოტა - დილემა” და ქვესათაურით: ”ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს”.

”ყველა სიახლე” კი ყურადღებას ოპოზიციის ნაწილის მეორე მოთხოვნას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას, აპყრობს. ”როდესაც ”რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი ბურჯანაძეს საჯაროდ უწოდებს მატყუარას და ნაირ-ნაირი მწარე ეპითეტებით ამკობს, ერთი კვირის თავზე კი მისი მეუღლე დავით უსუფაშვილი, ვითომც არაფერი, ბურჯანაძესთან მოსალაპარაკებლად მიდის, ეს საზოგადოებისათვის ძნელად ამოსახსნელი რებუსია”, - წერს ავტორი და სტატიის ბოლოს ასკვნის: ”ნებსით თუ უნებლიეთ, ბურჯანაძეზე შეტევით ოპოზიციამ სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი. საყურადღებოა, რომ სააკაშვილს ერთი სიტყვაც არ დასცდენია ბურჯანაძის დასაცავად”, - ამას დღევანდელი ”ყველა სიახლე” წერს.

მეორე დიდი თემა ქართული გაზეთებისათვის, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტი გახდა. ”რას ჩამოიტანს სააკაშვილი ამერიკიდან?” - კითხულობს ”ყველა სიახლე” და წერს: ”ზოგიერთი ინფორმაციით, სააკაშვილისა და ბუშის დღის წესრიგი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ნატოს, მაპისა და კონფლიქტების მოგვარების თემატიკით. შესაძლოა, ამერიკელებმა სააკაშვილს მის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის სცენარი შესთავაზონ”, - წერს ”ყველა სიახლე”.

”რეზონანსი” ამ თემას სხვა კუთხით აშუქებს, სტატიის სათაურად გამოტანილია ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები: ”მჯერა, რომ მაპს მიიღებთ”. ”24 საათის” მასალას კი ”ნათელი და არაორაზროვანი მხარდაჭერა ჰქვია”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG