Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გვინდა, გავაგებინოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ საქართველოში არის მოძალადე რეჟიმი": საპროტესტო აქცია ვაშინგტონში


ხუთშაბათს, ვაშინგტონში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დაწყებამდე, საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქცია მიმართული იყო საქართველოში სახელმწიფო ტერორისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის მწერალ ირაკლი კაკაბაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ აქციის მონაწილეები - ამერიკაში ქართული დიასპორის ნაწილი - სოლიდარობას უცხადებენ მოშიმშილეებს საქართველოში და აქცია მიმართულია სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ჩვენ გვინდა, რომ გავაგებინოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ საქართველოში არის მოძალადე რეჟიმი, რაც მათ, რა თქმა უნდა, უკვე იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ. და აგრეთვე მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალადობას შეეშვას და მოშიმშილეთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
[რადიო თავისუფლების შეკითხვა] “როგორ გინდათ ეს გააგებინოთ? ტრანპარანტები გაქვთ?”
[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “მშვიდობიანი ფორმით. რა თქმა უნდა, ტრანსპარანტები გვაქვს.”
[რადიო თავისუფლების შეკითხვა] “და თქვენ გინდათ, რომ ხმა მიაწვდინოთ ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს საელჩოში მივა იმისთვის, რომ სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდეს?”
[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ჩვენ გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ ყველას საერთოდ, რომ ეს ძალადობა უნდა შეწყდეს და უნდა აღდგეს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მოშიმშილეების მიმართ ძალადობაც უნდა შეწყდეს და უნდა გათვალისწინებული იქნას ქართველი ხალხის მოთხოვნები”.

ვაშინგტონში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორს, ირაკლი კაკაბაძემ ვკითხეთ ასევე, როგორ აფასებს მოსაზრებას, რომ ახლა- ისტორიულ მომენტში, როცა საქართველოს ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების შანსი აქვს - მიზანშეწონილი არ არის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ასეთი მკვეთრი ფორმით გამოხატვა, რომ ამის გაკეთება, თუნდაც, მერე შეიძლება. ირაკლი კაკაბაძის პასუხი:
[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ეს აბსოლუტურად საბჭოთა აზროვნებაა! ადრე ესე ამბობდნენ, რომ კომპარტიამ მოგვცეს გარდამავალი დროშა და ჩვენ ყველანი აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ და დავემორჩილოთ ცეკას მდივანსო. აი, ასეთი აზროვნებაა ეს! რას ქვია “ისტორიულ მომენტში”? ყოველთვის ექნება სააკაშვილს რაღაცა სათქმელი თავისი პოლიტბიუროს სხდომებზე, რომ ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, ჩვენი მტერია. ეს არის საბჭოთა, სტალინური აზროვნება, რომელიც ჩვენს თავში უნდა მოვსპოთ თვითონ ჩვენ. უნდა მიესალმებოდეს ყველა ნორმალური მთავრობა განსხვავებულ აზრს და, აქედან გამომდინარე, პირიქით, მათთვის უნდა იყოს სასიხარულო, რომ მათი მორჩილი აგრესიული უმცირესობა არ იყოს იქ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არაფერი, პირიქით - ეს არის საბედნიერო, რომ საქართველოში არსებობს აზრი და მოსახლეობის უმრავლესობა მონურ პოლიტიკას არ მისდევს”.

ირაკლი კაკაბაძის გარდა, საშუალება გვქონდა, ტელეფონითვე გვესაუბრა ხუთშაბათის საპროტესტო აქციის მთავარ ინიციატორ ნანა ტატიაშვილთან, რომელიც უკვე 12 წელია ცხოვრობს შეერთებულ შტატებში.

[ნანა ტატიაშვილის ხმა] “დღევანდელი აქციის მოწყობის პირველი და მთავარი მიზანი არის საქართველოში მოშიმშილეებისთვის მხარდაჭერისგამოხატვა და, პარალელურად, აგრეთვე არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მაქვს, იცით - პრეტენზიები არ ქვია ამას, მაგრამ საშინლად არ მომწონს ის, რაც ხდება საქართველოში”.
[რადიო თავისუფლების შეკითხვა] “შეიძლება, უფრო დააკონკრეტოთ, რა არ მოგწონთ ასე ძალიან?”
[ნანა ტატიაშვილის ხმა] “არ მომწონს ბევრი რამ, განსაკუთრებით მეორე ვადით ჩატარებული არჩევნების დროს საშინელი გაყალბება, იდევნება თავისუფალი აზრი, ძალიან დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრები საქართველოში და საერთოდ, უკანონობა სუფევს - მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს აქედან”.

ვაშინგტონში გამართული საპროტესტო აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ - მამუკა მჭედლიშვილმა კი ტელეფონით გვითხრა:

[მამუკა მჭედლიშვილის ხმა] “ძაან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რომ ვხედვათ, რა ხდება დღესდღეობით სააკაშვილის მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ აქციაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს არა მხოლოდ სიტყვიერი თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ საქმითაც კეთდებოდეს ეს”.

ასეთი იყო იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც 20 მარტს ვაშინგტონში შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე საქართველოს საელჩოსთან, ვიდრე დაიწყებოდა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG