Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვარი რკინის ვაგონებიდან თანამედროვე საგუშაგოებამდე


საქართველოს სასაზღვრო პოლიცია,

რომელიც, სხვა გასამხედროებულ სტრუქტურასთან შედარებით, ბოლო დრომდე ერთგვარად გერის მდგომარეობაში რჩებოდა, როგორც იქნა, სახელმწიფო პრიორიტეტში მოხვდა. ამიტომ 21 მარტს პროფესიულ დღესასწაულზე მესაზღვრეებს ნამდვილად ჰქონდათ მიზეზი მოკრძალებულად ეზეიმათ დაარსების მე-16 წელიწადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დაცვის პირველ ეშელონში მყოფი სამხედროების მდგომარეობა იდეალურისგან ჯერ კიდევ შორსაა. მინდა სასაზღვრო პოლიციის დანიშნულებასა და მის დღევანდელ მდომარეობაზე გესაუბროთ.

[ოფიცრის ხმა] ”დადექ! სწორდი, სმენა! გიბრძანებთ გახვიდეთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად, ამოცანით, არ დაუშვათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა.....”

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე ძირითადი საგუშაგოდან სასაზღვრო პოლიციის ყარაული სახელმწიფო საზღვრის დასაცავად ყოველდღიურად ასეთი რიტუალის თანხლებით გადის. მისია რთულია და სახიფათო - სახელმწიფო საზღვარზე ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სხვადასხვა სამართალდარღვევა ხდება, რაც, აღუკვეთელობის შემთხვევაში, ნიშნავს დამნაშავეობის ზრდას ქვეყნის შიგნით. საქართველოს 2 ათას კილომეტრიანი სახმელეთო საზღვრის დაცვას სასაზღვრო პოლიციის 12 რეგიონალური სამმართველო და 13 სასაზღვრო სექტორი ემსახურება, მაგრამ აქედან მხოლოდ 5-ში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალი ბადრი ბიწაძე არ მალავს, რომ ზოგჯერ მესაზღვრეთა საგუშაგოები იმპროვიზებულ რკინის ვაგონებში აგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა მათი რაოდენობა წელს მინიმუმადე შემცირდება:

[ბადრი ბიწაძე] ” ჯერ კიდევ არიან ვაგონებში ჩვენი მესაზღვრეები, პირობები ჯერ კიდევ არ არის ახლოს იმ სტანდარტებთან, მაგრამ გასული წლის ბიუჯეტმა მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ დავიწყეთ 6 სექტორის მშენებლობა. წელს კიდევ ვგეგმავთ 4 სექტორის მშენებლობას. 7 სექტორი ამერიკელების მხარდაჭერით რემონტდება. აჭარაში ასევე ყველა სექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. ასე რომ, წლის ბოლოს, იმედი მაქვს, რომ პირობები ჩვენი მესაზღვრეების რადიკალურად შეიცვლება.” (სტილი დაცულია)

სტრუქტურული სრულყოფის კვალობაზე, სასაზღვრო პოლიციის ფილტრში ყოველ წელს საზღვრის რეჟიმის სულ უფრო მეტი დამრღვევი ექცევა. სამაგიეროდ, მინიმუმამდე იკლო იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შემთხვევებმა. თითქმის აღარ ხდება უკანონო შემოსვლა ტერიტორიულ წყლებშიც. სანაპირო დაცვის ძალებმა ფოთში შეძლეს მკაცრ კონტროლზე აეყვანათ შავი ზღვის აკვატორია და საბოლოოდ ამოუკვეთეს ფეხი ”დაუპატიჟებელ სტუმრებს” აფხაზეთის მიმართულებით, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გულუამ. გენერლის თქმით, სულ მალე სასაზღვრო პოლიციის სარადარო პლანშეტზე აისახება ვრცელი ტერიტორია, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას აკონტროლოს შავი ზღვის აკვატორია აფხაზეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ:

[დავით გულუა] ”ჩვენ სანაპირო ზოლის სარადარო დაკვირვებისა და კონტროლის სისტემის შეკვრას უკვე ვამთავრებთ. ეს მოგვცემს იმას, რომ დაწყებული გონიოდან, ანაკლიის ჩათვლით, ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველა სასაზღვრო სადგურის და ერთიანი მართვისა და კონტროლის ცენტრის მშენებლობა დამთავრდება. მეორე - მთლიანად მთავრდება სარადარო სისტემა და კომუნიკაციებისა და დაკვირვების სისტემა. და მესამე - წელს ჩვენ ვამთავრებთ - და შემდგომ მოხდება გადახალისება - მცურავი საშუალებებით სანაპირო დაცვას.”(სტილი დაცულია)

როგორც რეპორტაჟის დასაწყისში ვთქვით, საზღვრის დაცვა, თავდაცვასთან ერთად, პრიორიტეტულ სახელმწიფო ამოცანად იქცა, რაც დაფინანსებაზეც აისახა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, 2008 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა და 80 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის წყალობით, სასაზღვრო დაცვის სისტემა მთლიანად გადავიდა საკონტრაქტო სისტემაზე, ხოლო რიგითი მესაზღვრის ანაზღაურება პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურისას გაუტოლდა. საბიუჯეტო თანხით მესაზღვრეებს სულ მალე თანამედროვე საპატრულო გემი ეყოლებათ, რომელიც თურქეთის გემთმშენებელ ქარხანაში მზადდება. უმეტეს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დასრულებულია პირის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის (PIRS) იმპლიმენტაცია. თუმცა, რასაც ჯერ კიდევ ვერ სწვდება სახელმწიფოს ბიუჯეტი, ის პარტნიორი ქვეყნების, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, სამხედრო დახმარებით კომპენსირდება. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბადრი ბიწაძის თქმით, ამერიკული დახმარების ფარგლებში წელს ორი კატარღის რემონტი იგეგმება:


[ბადრი ბიწაძე] ”7 წელია არსებობს ასეთი საზღვრისა და კანონის განმტკიცების პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სანაპირო დაცვა. ჩვენ დღეს, ფაქტიურად, გვაქვს სრულყოფილი სანაპირო დაცვა, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეუძლია. და ეს, ძირითადად, არის ამერიკის მხარის დამსახურება. მათი დახმარებით მოხდა როგორც ინფრასტრუქტურის დახვეწა, ასევე მცურავი საშუალებების შეძენა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თანამშრომლობის ხელშეკრულება რუს მესაზღვრეებთანაც აქვთ გაფორმებული, თუმცა, არასახარბიელო პოლიტიკური ურთიერთობისა და მოსკოვიდან წამოსული ბრალდებების გამო, რუსი და ქართველი მესაზღვრეები ვერ ახერხებენ თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს სასაზღვრო უწყების თავკაცის ბადრი ბიწაძის თქმით, მისთვის სრული მოულოდნელობა იყო მისი რუსი კოლეგის, გენერალ ევნევიჩის, ამასწინანდელი განცხადება, თითქოს პანკისის ხეობის მიმართულებით კვლავ შეიმჩნეოდეს ჩეჩენი პარტიზანებისა და იარაღის მოძრაობა:

[ბადრი ბიწაძე] ”ერთი კვირის წინ ჩვენ გვქონდა ერთობლივი შეხვედრა, სადაც ასეთი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მაგრამ რატომღაც უცებ აღმოჩნდა, რომ ესეთი პრეტენზია აქვთ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, განსაკუთრებით ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე, რაიმე შემთხვევა, რომ იქ შეიარაღებული პირები ან ტერორისტები ყოფილიყვნენ შემჩნეულნი, არ მომხდარა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი და, შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ფედერალურ სასაზღვრო უწყებას სრულიად ახალი ტიპის თანამშრომლობას სთავაზობს:

[ბადრი ბიწაძე] ”მეტსაც გეტყვით: ამ ხელშეკრულებაში ჩადებული გვაქვს, რომ, თუ არ იქნება ნდობის ფაქტორი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისას, მაშინ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოავლინონ ოფიცრები და ჩვენს სექტორებზე დააკვირდნენ გადაადგილებას.”(სტილი დაცულია)

ცხადია, ასეთ შეთავაზებაზე რუსეთის მხარე არ თანხმდება იმ მარტივი მიზეზით, რომ მაშინ, პოლიტკორექტულობის მოთხოვნით, ქართველ მესაზღვრეებსაც უნდა მიეცეთ მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს კი არ შედის კრემლის ინტერესებში, კრემლისა, რომელსაც რუსი დეპუტატები სულ სხვა რამისკენ მოუწოდებენ - გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მიზანშეწონილობის საკითხი, როგორც ეს 21 მარტს მოხდა. მეზობელ რუსეთთან ასეთი გაურკვევლობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცხოვრებაზეც აისახება. სასაზღვრო უწყება იძულებულია ძირითადი რესურსი მიმართოს სწორედ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთისკენ, რომელიც მხოლოდ კავკასიონის გასწვრივ თითქმის 900 კილომეტრს შეადგენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG