Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდის მსახიობების ფოტოების გამოქვეყნებისთვის ირანის ხელისუფლებამ ჟურნალები დახურა


გასულ კვირაში ირანის ხელისუფლებამ დახურა 9 ჟურნალი, რომელმაც ჰოლივუდის მსახიობების (თეირანის შეხედულებით "ამორალური") ფოტოები დაბეჭდა

და მკითხველს მათი პირადი ცხოვრების შესახებ მოუთხრო. დანარჩენი 13 გამოცემა კი, თეირანმა ამით სასტიკად გააფრთხილა – თუ არ გინდათ, რომ ლიცენზია თქვენც დაკარგოთ, მსგავსი ფოტოებისა და სტატიების გამოქვეყნება არ გაბედოთო...

ირანის ხელისუფლებამ ჟურნალები მხოლოდ იმიტომ დახურა, რომ მათ ფურცლებზე ადგილი დაეთმოთ ჰოლივუდის მსახიობებს, მაგალითად - ანჯელინა ჯოლისა და კამერონ დიასს. თეირანი მათ "ამორალურ და კორუმპირებულ" ადამიანებად მოიხსენიებს და თვლის, რომ ჰოლივუდელები ირანელებს ცხოვრების წესის ცუდ მაგალითს აძლევენ. ფოტოებზე, რომელთა გამოქვეყნების გამოც ჟურნალები ასე დაისაჯნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავებს უჩვეულოდ სადად ეცვათ. შეიძლება ითქვას, კანი თითქმის არ უჩანდათ; მაგრამ თეირანის გასაბრაზებლად ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცნობილი მსახიობები ფოტოებზე თავსაბურავის გარეშე იყვნენ აღბეჭდილი.

იმის გამო, რომ ირანში პოლიტიკური სტატიების შექმნა ნამდვილი გმირობაა, გამოცემათა უმრავლესობამ ცხოვრების სტილზე, ოჯახურ ისტორიებზე თუ კინოზე დაიწყო წერა. თუმცა არც ეს აღმოჩნდა მთლად უსაფრთხო საქმე.

ირანის პრესის თავისუფლების ასოციაციის წარმომადგენელი მაშალა შამს-ალ-ვაეზი ამბობს, რომ ირანის ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც მის პრინციპებს უსიტყვოდ არ ემორჩილება:

[მაშალა შამს-ალ-ვაეზის ხმა] "პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჟადის მთავრობა ხელს უშლის ყველაფერს. ეს მხოლოდ პოლიტიკას არ შეეხება. ხელისუფლება ლიტერატურული და კულტურული გამოცემებისგანაც მკაცრად მოითხოვს სამთავრობო კურსის დაცვას. ეს გამოცემებიც სწორედ იმიტომ დახურეს, რომ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას არ ითვალისწინებდნენ."

დახურული ჟურნალები "ჰაფტი" და "თალაში" დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ირანელ ახალგაზრდებს შორის. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტოს აზრით, გამოცემების დახურვა გავლენას ვერ მოახდენს ახალგაზრდების მისწრაფებაზე, რადგანაც მსგავსი ტიპის ინფორმაციები, კინოსა თუ ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებზე, უხვად არის მაგალითად ინტერნეტში. სამაგიეროდ, როგორც შამსოლვაეზინი ფიქრობს, ხელისუფლება, ჟურნალების დახურვით, ზეგავლენას მოახდენს თავად ჟურნალისტებზე და მათში თვითცენზურას განამტკიცებს. ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ამ ნაბიჯით ხმამაღლა უთხრა - თუ გინდათ, რომ იმუშავოთ და სამსახური არ დაკარგოთ, წერეთ ისე, როგორც ეს ჩვენ მოგვეწონებაო:

[მაშალა შამს-ალ-ვაეზის ხმა] "ჟურნალების დახურვის შედეგად, ასობით ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური. ისინი იძულებული არიან, შეიცვალონ პროფესია ან დატოვონ ქვეყანა. ამის შემხედვარე სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც ჯერ ისევ მუშაობენ, თვითცენზურის მექანიზმი აუმუშავდებოდათ. ეს არის პირდაპირი შედეგი. ხოლო არა-პირდაპირი შედეგი საზოგადოებრივ აზრზე აისახება. ხალხს უნდა, რომ თავის საყვარელ გამოცემებს კითხულობდეს, მაგრამ მთავრობა საზოგადოებას ამ უფლებას ართმევს."

ის, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ირანის ხელისუფლების მიერ ჩვეულ სტილში გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ამაში უკეთ დავრწმუნდებით, თუკი ვიტყვით, რომ 2005 წლის შემდეგ ქვეყანაში ბეჭდვითი მედიის 50 გამოცემა დაიხურა. ციხეში ჩასვეს არაერთი რედაქტორი თუ ჟურნალისტი. მათი მისამართით წაყენებული ბრალდები სრულიად გაურკვეველია. როგორც პარიზში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" აცხადებს, ირანში ჟურნალისტებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ "ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ."

ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ავღანეთის, ირანისა და ტაჯიკეთის საკითხებში რეზა მოენიმ რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას ახლახან დაჭერილი ორი ქალის, ინტერნეტ-ჟურნალისტების ბედი გაიხსენა. ჯელვერ ჯავაჰერი და მარიამ ხოსინხა მასშტაბური თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლათ, რადგანაც მათი არაერთი კოლეგა ჯერ ისევ ციხეში ზის:

[რეზა მოენის ხმა] "ჩვენ ირანს ვუწოდებთ "ჟურნალისტების უდიდეს ციხეს ახლო აღმოსავლეთში", რადგანაც ბოლო წლებში სწორედ ირანშია ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი. მაგალითად, შარშან ირანში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაიჭირეს, გაასამართლეს და ჩასვეს ციხეში. მათთვის გამოტანილი განაჩენი მრავალფეროვანია - სამი თვით თავისუფლების აღკვეთიდან სიკვდილით დასჯამდე."

დაკავება ჯერჯერობით არ შეხებიათ ბოლოს დახურული 9 ჟურნალის თანამშრომლებს, თუმცა, როგორც ჩანს, გამოცემები მუშაობის განახლებას ვეღარ შეძლებენ. ირანის პრესის თავისუფლების ასოციაციას ეეჭვება, რომ ჟურნალებს ხელისუფლება ოდესმე მისცემს ლიცენზიის განახლების საშუალებას. ასოციაციის ინფორმაციით, ირანის პრესის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელმაც ეს 9 ჟურნალი დახურა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლებამოსილება არ ჰქონდა. თუმცა ირანში ყველამ იცის, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს პრეზიდენტს სურს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG