Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში უკრაინისა და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას უჭერს მხარს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კიევში უკრაინის ლიდერებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილთან მიმართებით.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებები ერთი დღით უსწრებს ნატოს სამიტის დაწყებას ბუქარესტში.


ჯორჯ ბუში კიევში დიდი პატივით მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, ბუქარესტის სამიტის წინ, რომელზეც ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მეპის) მიღების სურვილი აქვს. ჯორჯ ბუში რუმინეთში სწორედ უკრაინიდან ჩავა. სამიტის შემდეგ კი მას დაგეგმილი აქვს სტუმრობა ხორვატიასა და რუსეთში, სადაც ის წარმავალ რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

მანამდე კი, 1 აპრილს, ბუშმა კიევში უკვე მერამდენედ გამოხატა პუტინისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია და უკრაინასა და საქართველოს ბუქარესტში მფარველობის პირობა მისცა:

(ბუში) "ჩვენ მხარს ვუჭერთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის. უკრაინის ხელშეწყობა – წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების გზაზე – ალიანსის თითოეული წევრის ინტერესშია. ეს განამტკიცებს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას რეგიონსა და მსოფლიოში."

ჯორჯ ბუშმა იუშჩენკოს ქვეყანა დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის შეაქო და თქვა, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ნატოს ფარგლებს გარეთ, რომელიც მონაწილეობს ალიანსის ყველა მისიაში, იქნება ეს ავღანეთი, კოსოვო თუ ერაყი. თუმცა, ალბათ, აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებულ ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი საქართველოსაც ჰყავს წარგზავნილი და საქართველოს წვლილი ალიანსს მადლიერებითაც არაერთხელ მოუხსენიებია.

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც (ახლახან ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით) ნატოში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობის 77 პროცენტს აქვს, უკრაინაში იმავე იდეას მხოლოდ 30 პროცენტი უჭერს მხარს. ეს კი კიევისთვის ერთ-ერთ დიდ ბარიერად აღიქმება ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კიევში ნატოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგები სულაც არ არის საგანგაშო მოვლენა:

(იუშჩენკოს ხმა) "ვფიქრობ, ბუნებრივია, რომ უკრაინელთა საზოგადოებაში გარკვეული ძალები არ იზიარებენ ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვის იდეას... და ეს სავსებით ბუნებრივია, რომ დღეს რამდენიმე ასეული ადამიანი წითელი დროშის ქვეშ გამოდის ნატოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე."

ნატოს წინააღმდეგ განწყობილთა ჯგუფზე მეტ პრობლემას უკრაინას რუსეთი უქმნის და ეს საქართველოსაც ეხება. მოსკოვი უკვე ძალიან დიდი ხანია ეწინააღმდეგება ამ ორი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას და მათ მიერ წინ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს. ჯერ პოსტიც კი არ დაუკავებია, მაგრამ მსგავსი შინაარსის განცხადებებს უკვე აკეთებს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი. დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ თუკი უკრაინასა და საქართველოს მიიპატიჟებს, ალიანსი "წითელ ზღვარს" გადალახავს.

გადაწყვეტილებების მიღებას ნატოს 26-ვე ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. უარი თუნდაც ერთმა ქვეყანამ რომ თქვას, დანარჩენი 25-ის ერთსულოვანი პოზიცია, ასე ვთქვათ, არაფერს ნიშნავს. მეთვალყურეები მიიჩნევენ, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გერმანიისა და საფრანგეთისგან შეხვდება. განცხადება იმის თაობაზე, რომ პარიზი უარს იტყვის საქართველოსა და უკრაინისთვის მეპის მიცემაზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა 1 აპრილსაც გააკეთა. მისი თქმით, ამ ორი ქვეყნის ნატოსთან დაახლოება დაარღვევს ძალთა თანაფარდობას როგორც უშუალოდ ევროპაში, ასევე ევროპასა და რუსეთს შორის.

თუმცა მეთვალყურეები მიიჩნევენ, რონ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს და რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხი უშუალოდ ბუქარესტის სამიტზე, 2-4 აპრილს, გადაწყდება. მოელიან, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო წუთას მიიღებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG