Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემა რუმინეთის დედაქალაქში მიმდინარე


დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემა რუმინეთის დედაქალაქში მიმდინარე ნატოს სამიტია

და ამ სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი. გაზეთ „24 საათის“ შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ძალისხმევა ბუქარესტში წარმატებული გამოდგა და ნატოში ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე საქართველოს გადასვლა გადაიდო, ეს მოსკოვის მხოლოდ დროებითი წარმატება იქნება, რადგან თავად სკეპტიკოსი ქვეყნების წარმომადგენლებიც და ალიანსის მაღალჩინოსნებიც აღიარებენ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დროის საკითხია.

ნატოს სამიტთან დაკავშირებული პუბლიკაციების სიმრავლით გაზეთი ”24 საათი” დღეს ლიდერია. გაზეთში წაიკითხავთ უცხოელი ავტორების პუბლიკაციებსაც - მათ შორის, ანდრე გლუქსმანისა და ბერნარ–ანრი ლევის ღია წერილს ანგელა მერკელისა და ნიკოლა სარკოზისადმი. „ნუ შეგაშინებთ პუტინი“, მიმართავენ ცნობილი ფრანგი ინტელექტუალები გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს: „ შესაძლო უარი, ჩვენი აზრით, კატასტროფული სიგნალი იქნება ნაციონალ–კაპიტალისტური რუსეთის ახალი მეფეებისთვის, მოახდენს ჩვენი სისუსტის დემონსტრირებას და მათ დაარწმუნებს არა მხოლოდ იმაში, რომ საქართველო და უკრაინა ის მიწებია, რომელთა დაპყრობაც შეიძლება, არამედ იმაშიც, რომ ჩვენ მზად ვართ ისინი მსხვერპლად მივიტანოთ მზარდი იმპერიული ამბიციების მქონე კრემლის საკურთხეველზე.“
გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით კი, შექმნილმა სიტუაციამ, გამომდინარე იქიდან, რომ ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ კონსენსუსით იღებს, გარკვეული სკეფსისი გააჩინა, განსაკუთრებით საექსპერტო წრეებში. თუმცა, მათგან განსხვავებით, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ხელისუფლებაში. ამის მაგალითად გაზეთს მოჰყავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეიძლება შეაფერხოს, მაგრამ ხელს ვერ შეუშლის.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც ასევე აღმოჩნდა 2 აპრილის ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში, მათგან ”რეზონანსი” გამოყოფს ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის განახლების გადადებას. გაზეთთან საუბარში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი შენიშნავს, რომ არხი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩაირთვება. მაუწყებლობის განახლების გადავადება კი, ძირითადად, ფინანსური დავალიანების პრობლემამ გამოიწვია. ბიძინა ბარათაშვილი ამბობს, რომ დავალიანების გადასახდელად ბადრი პატარკაციშვილის ქონების განმკარგავი და „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯოზეფ ქეია მზად.

ვინ იქნება ვაკის მაჟორიტარი – გამყრელიძე თუ გაჩეჩილაძე? ამ შეკითხვას გაზეთი „ახალი თაობა“ სვამს. კითხვაზე გაზეთს „ახალი მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე უპასუხებს: „ რატომაც არა დავით გამყრელიძე ვაკის მაჟორიტარად, თუკი ეს დიდი ერთობა მოხდა და ლევან გაჩეჩილაძემ სხვაგან იყარა კენჭი. ამ აზრს არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ამ თემაზე არ ვმსჯელობთ, იმიტომ რომ გაცილებით აქტუალური მსჯელობის თემაა გადასაწყვეტი. ერთ კვირაში იწურება ბლოკის ფორმირების ვადა. დროც კი გვკარნახობს იმას, რომ ჯერ ამაზე ჩამოვყალიბდეთ და მერე ვიფიქროთ სხვა რაღაცეებზე.“
XS
SM
MD
LG