Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ლიბერალურია საქართველოს ”ლიბერალური” საგადასახადო კოდექსის ჯარიმების სისტემა


საქართველოს მთავრობა ხშირად თავს იწონებს ლიბერალური საგადასახადო კოდექსით. დაბალი გადასახადები და გადასახადის გადახდის პროცედურების სიმარტივე

არაერთხელ აღუნიშნავთ უცხოელ ექსპერტებსაც. მაგრამ, ამ დადებითი შეფასებების გარდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმართ ბევრი უარყოფითი შენიშვნაც გამოითქმის, ძირითადად, მცირე თუ საშუალო მეწარმეების მხრიდან. მათი გულისწყრომის მთავარი მიზეზი საგადასახადო კოდექსის ჯარიმების სისტემაა. რატომ უჩივიან ბიზნესმენები ”ლიბერალურად” ცნობილ საგადასახადო კოდექსს?

საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იქნება ეს მილიონიანი თუ ათასლარიანი შემოსავლის მქონე ბიზნესმენი, ერთნაირად ისჯება აღრიცხვის წესების დარღვევისთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ მეწარმეს სამშენებლო მასალებში 10 ლარიანი ნივთის დანაკლისი აღმოუჩინეს, მას მინიმუმ 1000 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ასეთი ჯარიმით დაზარალებული მეწარმე არცთუ მცირეა, მაგრამ ისინი საჯარო გამოსვლებს ერიდებიან. ის, ვინც საგადასახადო კოდექსის საჯარიმო სისტემით მიყენებულ ზარალზე ინტერვიუს დათანხმდა, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

[მეწარმის ხმა] ”ერთი პატარა ავეჯის ცეხი გავხსენი, სულ ორნი ვმუშაობთ და ჯერ ბუღალტერიც არ გვაყვს. ამას წინათ საგადასახადომ შეგვამოწმა და დე-ეს-პეს დანაკლისი გვიპოვეს - 3-4 კვადრატული მეტრით მეტი იყო, ვიდრე ჩანაწერებში,და ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. მაგ თანხა ჩემი 2 თვის შემოსავალია და ლამისაა ცეხი დავხურო. არც იმის დრო და საშუალება მაქვს, სადმე ვიჩივლო და ვინმე შევაწუხო. ასე მითხრეს, 3000 ლარიან ჯარიმას გადარჩენილხარო.”(სტილი დაცულია)

ეს მეწარმე რომ ერთადერთი არ არის და ანალოგიური ჯარიმების სიმკაცრე სხვა ბიზნესმენებმაც გამოსცადეს, ამაზე არაერთი ექსპერტი საუბრობს. მათ შორისაა დამოუკიდებელი აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. მისი განცხადებით, ათასლარიანი ჯარიმის გარდა, აღრიცხვიანობაში დაშვებული მცირედი შეცდომის გამო, მეწარმე შეიძლება სამი ათასი ლარითაც დაჯარიმდეს:

[ირაკლი შავიშვილის ხმა] ”თუ მეწარმის შეცდომამ საგადასახადო ბაზის შემცირება გამოიწვია, ეს იწვევს დაჯარიმებას გადაუხდელი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა. ანუ ფაქტია, რომ დანაკლისის აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს აღრიცხვის წესების დარღვევად და ამაზე პირდაპირ არის მითითებული ამ მუხლში.”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი შოთა გვენეტაძე ნაწილობრივ იზიარებს იმ აზრს, რომ საგადასახადო ჯარიმების მიმართ მცირე ბიზნესი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თუმცა კი ფიქრობს, რომ ზოგადად ჯარიმების სისტემა საკმაოდ ოპტიმალურია:

[შოთა გვენეტაძის ხმა] ”ჯარიმების მოცულობა, რაც საგადასახადო კოდექსში არის ჩადებული, საკმაოდ ოპტიმალურია. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჯარიმის მოცულობა რომელიმე კონკრეტული ბიზნესისთვის მგრძნობიარე იყოს, მაგალითად, მცირე ბიზნესის შემთხვევაში. თუმცა მოტივაცია და მიზანი ამ ჯარიმებისა ის არის, რომ აღკვეთილი იქნას ასეთი ტიპის დარღვევები. ამას პრევენციის ფუნქციაც აქვს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ეს პრევენციული ჯარიმები, ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ექსპერტის თემო ყანჩაველის აზრით, ძალიან მკაცრია:

[თემო ყანჩაველის ხმა] ”ძალიან მკაცრია, ზოგიერთი ჯარიმა ცდომილების 300 პროცენტამდეც არის. ვთქვათ, დღგ-ს ჩასათვლელი თანხა გაიზარდა, პირობითად, 10 ლარით, ამაზე უწევს დაახლოებით 300 პროცენტიანი ჯარიმა. მცირე მეწარმეებისთვის ძალიან ძნელია ასეთი ჯარიმების გადახდა, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი მოცულობისაა და შეიძლება მცირე ბიზნესმა ფუნქციონირებაც კი შეწყვიტოს.”

მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, საქართველოს ხელისუფლებას დაგეგმილი არა აქვს, ლიბერალურობით სახელგანთქმული საგადასახადო კოდექსის მკაცრი ჯარიმების სისტემის შეცვლა.
XS
SM
MD
LG