Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ამოიწურა


გასულ კვირაში ამოიწურა

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებად ჩამოყალიბების ვადა. 8 აპრილის 18 საათამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი შეიტანეს "ტრადიციონალისტებმა", "ჩვენმა საქართველომ" და ქალთა კავშირმა. არჩევნებში გამარჯვებას ასევე ერთად შეეცდებიან მრეწველები, ჯუმბერ პატიაშვილის "ერთობა" და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თუმცა რეგისტრაციაში გატარებული 23 პარტიიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი - ცხრა სუბიექტისაგან შემდგარი - ბლოკი გაერთიანებულმა ოპოზიციამ შექმნა. ვადის ამოწურვამდე ორიოდე დღით ადრე გაერთიანების რიგები შეავსეს ახალმა მემარჯვენეებმა, რომელთა ლიდერი, დავით გამყრელიძე, ბლოკის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

[დავით გამყრელიძის ხმა]

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი სიით გამოსვლა შესთავაზა ყოფილ პარტნიორებს - რესპუბლიკურ და ლეიბორისტულ პარტიებს, თუმცა პასუხად, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღეს უარი, რომელიც შრომის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, ასე დაასაბუთა:

[გიორგი გუგავას ხმა]

გასულ კვირაში, განცხადებების შეტანის გარდა, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის ნორმების შეჯერებითაც იყვნენ დაკავებულნი. საქმე ის არის, რომ პარტიათა უმეტესობამ ხელი მოაწერა ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების მიმდინარეობისას ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური პაექრობის ცივილიზებული ფორმების დანერგვას.

[გიგი წერეთლის ხმა]

[დავით უსუფაშვილის ხმა]

პოლიტიკური პარტიების გარდა, 21 მაისისათვის დანიშნული არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება სახალხო დამცველის ოფისიც. სოზარ სუბარმა, მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო ამომრჩეველთა ერთიანი და დამატებითი სიების ასლები რამდენიმე საარჩევნო უბნიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა.

[სოზარ სუბარის ხმა]

სოზარ სუბარისაგან განსხვავებით, გასულ კვირაში მოსამართლეები სარჩელებით არ შეუწუხებიათ იმ ადვოკატებს, რომლებმაც, პროტესტის ნიშნად, სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ადვოკატმა ნონა ფილაურმა განაცხადა, რომ მოსამართლეების ტენდენციურობის გამო სასამართლო პროცესებში ადვოკატების როლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

[ნონა ფილაურის ხმა]

თუმცა ადვოკატთა გაფიცვა მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა. შესაბამისად, ადვოკატების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა სამშობლოს ღალატში ბრალდებულ იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა პროცესი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში 11 აპრილს გაიმართა. განსასჯელ მაია თოფურიას ამერიკელმა ადვოკატმა ლორენს ბარსელამ აღნიშნა, რომ სასამართლომ პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ადვოკატის თქმით, ბრალდების ვერსია, რომ იგორ გიორგაძის მომხრეები 2006 წლის 4 მაისს ამბოხების დასაგეგმად შეიკრიბნენ, ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული.

[ლორენს ბარსელას ხმა]

თუმცა ქართულმა მედიამ იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა სასამართლო პროცესს ჯეროვანი ყურადღება გასულ კვირაშიც არ დაუთმო. სამაგიეროდ, ქართული საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო იმ ქვეყნისკენ, რომელსაც გიორგაძე წლების განმავლობაში წარმატებით აფარებს თავს. ლაპარაკია რუსეთზე, რომელიც, თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძეს დავესესხებით, აფხაზეთის სამართლებრივი სივრცის ლეგალიზებას გასულ კვირაშიც ცდილობდა.

[დავით ბაქრაძის ხმა]

დავით ბაქრაძე და მისი კოლეგა-მინისტრები ასევე აღაშფოთა გასულ კვირაში გალის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირის, მამა პიმენის, ჯერ გატაცების, შემდეგ კი რაიონიდან გაძევების ფაქტმა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

[თემურ იაკობაშვილის ხმა]

გასული კვირა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა დედაქალაქის თვითმმართველობაში. ლადო კახაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ზაზა ბეგაშვილის შემდეგ თბილისის საკრებულოს რიგით მეოთხე თავმჯდომარედ მწერალი ზაალ სამადაშვილი აირჩიეს. სულ ბოლოს კი, კვირის მიწურულს, თავი გამოიჩინეს ქართველმა სპორტსმენებმა. ჯერ იყო და, 11 აპრილს ლისაბონში ევროპის ჩემპიონატი მოიგო ძიუდოისტმა ზაზა კედელაშვილმა, შემდეგ კი, 12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა კრასნოიარსკში, დათოვლილ მოედანზე, თვრამეტით თორმეტი სძლიეს მასპინძელ რუსეთის ნაკრებს და ერთი ტურით ადრე მოიპოვეს ევროპის ერთა თასი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG