Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


დასავლეთის პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოს სეპარატისტულ

რეგიონებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. სტატიებში, რომლებიც ამ თემას ეძღვნება, მკითხველს განუმარტავენ, კონკრეტულად რას გულისხმობს პრეზიდენტ პუტინის განკარგულება, როგორია რეაქცია თბილისში, რა განცხადებები კეთდება უცხოეთში.

მიუნხენში გამომავალი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” 1ი აპრილის ნომერში ორ სტატიას უძღვნის რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას. ერთი სტატია სათაურით “ვერაგობა კავკასიაში” მკითხველს აწვდის ინფორმაციას ზოგად ვითარებასა და ვლადიმირ პუტინის ბოლო გადაწყვეტილების კონკრეტულ შინაარსზე: რომ რუსეთის მთავრობას დაევალა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან ეკონომიკის, კულტურის და სოციალურ სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშროლობა, რომ რუსეთის უწყებებს დაევალათ სცნონ ორ სეპარატისტულ რეგიონში გაცემული დოკუმენტები, რომ რუსი ექსპერტები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ სასამართლოებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ამავე სტატიაში ასახულია საქართველოსა და დასავლეთის რეაქცია, ისევე როგორც გამოხმაურება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ბოლო ნაბიჯს სეპარატისტებში მოჰყვა. სეპარატისტებს საქართველოს რეაქციის არ ეშინიათ, “მათ ცოტა ხნის წინ უარყვეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმა, რომელიც მათ ფართო ავტონომიას სთავაზობსო”, წერს სტატიის ავტორი სონია ცეკრი.

იმავე “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” დაბეჭდილი მეორე სტატია ანალიტიკური ხასიათისაა. “პუტინის კავკასიური მემკვიდრეობა”, ასე ასათაურებს სტატიას შტეფან კორნელიუსი, რომელიც პუტინის ბოლო ნაბიჯს “უზარმაზარ პროვოკაციად” აფასებს.

“პუტინი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი, მათ ყოველმხრივ დახმარებას ჰპირდება, მაგრამ თავს იკავებს, აღიაროს მათი სახელმწიფოებრიობა, რაც რუსეთის ფედერაციისადმი მათი დაქვემდებარების ბოლო სიგნალი იქნებოდა. აფხაზეთიდან მოსახლეობის ქართული უმრავლესობის განდევნისა და რუსების მიერ მოწყობილი ურიცხვი პროვოკაციის შემდეგ, ეს არის ბოლო მტკიცებულება ფეთქებადსაშიშ რეგიონში წარმოებული პროვოკაციული პოლიტიკისა”.

სტატიის ავტორის შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი თავისი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს. ნატოს სამიტიდან ორი კვირის შემდეგ ისევ აშინებს ქართველებს, რადგან ზუსტად იცის, რომ ფიცხ თბილისელებს ზუსტად ისეთი უკონტროლო ქმედებებისაკენ უბიძგებს, ასე რომ აძნელებს ნატოსთან საქართველოს დაახლოებას. ამიტომ, “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი გონივრულად მიიჩნევს, რომ არა მარტო აშშ, არამედ ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოებიც, დემონსტრაციულად, მხარში ამოუდგნენ საქართველოს და ის დააწყნარონ.

“პროვოკატორი მარტო მაშინ გაიმარჯვებს, თუ მის პროვოკაციაზე წამოეგეო”, ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ასე მთავრდება: “საქართველო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი მოთმინება დაფასებულ იქნება. ხოლო რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მისი (პატარ-პატარა პროვოკაციებზე გათვლილი) პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ძალიან უარყოფითად ფასდება. ეს საკითხი ეხება გერმანიასაც, რომელმაც ჯერ, გასაგები მიზეზების გამო, ხელი შეუშალა ნატოსთან საქართველოს დაახლოებას, მაგრამ ახლა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ რუსეთმა ბოროტად არ ისარგებლოს ამ გაურკვეველი ვითარებით”. ასე ამთავრებს შტეფან კორნელიუსი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებულ სტატიას.

დასავლეთს აქტიურობისაკენ მოუწოდებს გაზეთ “ფაინენშალ ტაიმსის” ერთი პუბლიკაციის ავტორიც, მარტ ლაარი - ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რჩევა-დარიგებებით მხარში უდგას საქართველოს მთავრობას.

“დასავლეთი უნდა განთავისუფლდეს აპათიისაგან, დაგმოს პუტინის გამბიტი და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს სამშვიდობო წინადადებებს. მოსკოვის მიერ ტერიტორიების საბჭოთა სტილში მიტაცების იგნორირება კიდევ უფრო გაამწვავებს განხეთქილებას სამხრეთ კავკასიაში” - წერს მარტ ლაარი სტატიაში, რომელშიც დასავლეთს მოუწოდებს, არ გაიმეორონ შეცდომები, გასული საუკუნის 30-იან წლებში რომ იქნა დაშვებული ჰიტლერის რეჟიმთან მიმართებით, როცა მან, ჩეხოსლოვაკიაში სუდეტელი გერმანელების უფლებათა დაცვის საბაბით, 1938 წელს სუდეტელთა მიწა გერმანიას მიუერთა, თან, ის არა-გერმანელებისაგან გაწმინდა. “აფხაზეთიდან უკვე წასულია ქართველების, სომხების, ესტონელების, ბერძნებისა და რუსების უმრავლეობა - ალბათ ნახევარი მილიონი კაციო”, წერს მარტ ლაარი “ფაინენშალ ტაიმსში” და სტატიას ისევ გასული საუკუნის 30თ წლებში დაშვებულ ავისმომასწავებელ შეცდომებზე მითითებით, ვინსტონ ჩერჩილის ერთი გამონათქვამით ასრულებს: “რწმენა იმისა, რომ უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელია პატარა სახელმწიფოს მგლებისთვის მიგდებით, საბედისწერო შეცდომაა”.

დაბოლოს, სტატიის შესახებ, რომელსაც ასევე ავტორიტეტიანი გამოცემა “ეკონომისტი” აქვეყნებს. მასში გამოთქმულია შეფასება, რომ კრემლი თავისი ინიციატივით, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან, ორ შეტყობინებას აგზავნის. ერთი განკუთვნილია საქართველოსთვის: “ნატოსთან დაახლოებით ჩვენს პროვოცირებას ახდენ, აი შედეგიცო!” მეორე შეტყობინების ადრესატი კი ნატოა: “თუ მართლა გსურს საქართველოს დაცვა, მოგიწევს ფიქრი ჩვენთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხეზეო”. ამ ინტერპრეტაციას აძლევს მოსკოვის ბოლო ნაბიჯს “ეკონომისტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი.

მისი ვარაუდით, აფხაზეთი, შესაძლოა, რუსეთის ტაივანად იქცეს. ეს კრემლს საშუალებას მისცემს, მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს სოხუმთან - სამხედრო კავშირების ჩათვლით - ისე, რომ თავს აარიდებს დიდ დიპლომატიურ პრობლემებს გარე სამყაროსთან და არც სახიფათო პრეცედენტებს შექმნის საკუთარი უკმაყოფილო რეგიონებისთავის.

ამ სტატიის ავტორიც მოუწოდებს დასავლეთს, აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს, რომელიც მისთვის - თუნდაც ენერგოდერეფნის ფუნქციის გამო - უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამასთან, ეკონომისტის მიმომხილველს აუცილებლად მიაჩნია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ხელშეწყობა. “პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებიც კი აღიარებენ, რომ მას ზოგჯერ იმპულსური, წყენანარევი, მტრული რეაქცია აქვს ხოლმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის რჩევაზე”, ვკითხულობთ სტატიაში.

“ეკონომისტის” მიმომხილველი დაასკვნის: “საუკეთესო გზა კრემლის პირდაპირი და ირიბი იერიშების მოსაგერიებლად არის არა პუტინიზმის ქართული ვერსიის შექმნა, არამედ მისგან თავის განთავისუფლება. სხვაგვარად თუ ვიტყვით - პოლიტიკურად წარმატებული ქვეყნის შექმნა და არა მარტო ეკონომიკურად წარმატებულისა”.
XS
SM
MD
LG