Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„არჩევანი– მოსალოდნელი, დრო– მოულოდნელი“ - გაზეთ ”24 საათის” მოწინავე სტატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილების ერთგვარი შეფასებაა.

სტატიის თანახმად, ნინო ბურჯანაძემ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც, ყველა წინასწარი მონაცემით, ნაციონალების წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში შთამბეჭდავი იქნება არა მათი რეიტინგის განსაკუთრებული ზრდის, არამედ ოპონენტთა რეიტინგის ვარდნის ხარჯზე: „ ამ სიტუაციაში პარლამენტის თავდმჯდომარე პოსტიდან გადადგომას არ გეგმავს და აცხადებს, რომ იგი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის გარანტი იქნება. ბურჯანაძის ეს ფრაზა აშკარად თავსატეხია იმათთვის, ვინც ამ პოლიტიკური ფიგურის მომავალ ბედზე პროგნოზების გაკეთებას ცდილობს.“ გაზეთ ”24 საათის” სტატიის თანახმად, გარკვეული თავსატეხი შეიძლება იყოს ისიც, დამწვარია თუ არა ხიდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის. ამ კითხვაზე პასუხად, გაზეთი ”ალია“ ერთ–ერთ ვერსიას შემდეგნაირად აყალიბებს: „ ნინო ბურჯანაძემ უკვე უნდა დაიწყოს მომავალი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშები. ეს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტობისთვის ჩალიჩს ნიშნავს. სააკაშვილის შემდეგ კი პრეზიდენტის სავარძელს ბევრი ეზომება. პოლიტიკაში ყველაფერი რომ ხდება, დღესაც დადასტურდა. ამიტომაც ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. გამორიცხული არც ისაა, რომ, საბოლოო ჯამში, სააკაშვილმა ფსონი ბურჯანაძეზე გააკეთოს.“ გაზეთ „ალიას“ შეფასებით, ბოლო დროს ნინო ბურჯანაძის რეიტინგმა საკმაოდ აიწია, საქართველოს პრეზიდენტი კი რეიტინგებს მუდმივად აკონტროლებს.
„ნაციონალური შოკის“ თემაზე წერს გაზეთი „რეზონანსიც”, რომლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბურჯანაძეს პირველ ოცდაათეულში 15 ადგილს დაჰპირდა, მაგრამ ბოლო წამს უარი უთხრა, რის მიზეზადაც პარტიის სხვა წევრების გადაწყვეტილება იქცა. კონკრეტულად ვინ ჰყავდა ბურჯანაძეს სიაში და აქედან ვინ არ მოეწონათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, გაზეთ „რეზონანსისთვის“ უცნობია. თუმცა გაზეთი მაინც ჩამოთვლის იმ სავარაუდო გვარებს, რომელთა გამოც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. ესენი არიან დეპუტატები: ნინო ნაკაშიძე, ირინა ქურდაძე და ირაკლი კოვზანაძე, პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი, სემეკის ყოფილი წევრი დავით პატარაია და სხვები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომავალი პარლამენტის მიღმა დარჩენის თემა წარმმართველია 22 აპრილის ქართულ გაზეთებში. რაც შეეხება არანაკლებ მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მათგან გაზეთი ”რეზონანსი” აფხაზეთში ვითარების გამწვავებას ვრცელი პუბლიკაციით ეხმიანება. „ოჩამჩირის პორტში იარაღი შეაქვთ, ქართული მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა მიგმა–ჩამოაგდო“– ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, უპილოტო თვითმფრინავის წარმომავლობისა და ჩამოგდების დეტალების მიმოხილვის გარდა, აღნიშნულია ისიც, რომ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სწავლებაში 2500 ჯარისკაცი მონაწილეობს და მანევრების დროს მობილიზაციისა და მოტომსროლელი ნაწილების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ამოცანები შესრულდება.

აფხაზეთის თემაზე გაზეთ „ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კი აღნიშნულია, რომ აფხაზეთში პასპორტიზაციის პროცესი განახლდა და, რუსეთის ხელისუფლებიდან მიღებული დავალების შემდეგ, სერგეი ბაღაფშმა გამგებლებს მითითებები მისცა. მათ გადაეცათ სპეციალური ბლანკები, რომელიც ყველა წვევამდელმა უნდა შეავსოს, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად ხდებიან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში გადანაწილდნენ და სკოლის მოსწავლეებსაც აიძულებენ საბუთები შეავსონ. ვინც ამას არ გააკეთებს, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვებით ემუქრებიან, იუწყება გაზეთი „ახალი თაობა.“
XS
SM
MD
LG