Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ''ძველი ევროპის'' მხარდაჭერის გაძლიერებას ელის


ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა დღეს თბილისში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ოპოზიციის სხვადასხვა წევრებმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნეს. სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან რობერტ სიმონსის შეხვედრის ძირითარი თემა კონფლიქტები და მათთან დაკავშირებით პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები იყო. მოგითხრობთ ამ შეხვედრის შესახებ და იმაზეც, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოს მიმართ ძველი ევროპის მხარდაჭერა გაძლიერდეს.

საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებს ნატო მთლიანად უჭერს მხარს; ასევე, ნატოში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდება და მშვიდობიანადვე მოწესრიგდება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ეს იყო ის კომენტარი, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა... შეხვედრაზე კი, თემურ იაკობაშვილის თქმით, განხილული იქნა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარება, კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო წინადადებები, ასევე, კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეცვლის საკითხი. მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ და რით შეუძლია ნატოს საქართველოს დახმარება სამშვიდობოების შეცვლასა და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში. რადიო ”თავისუფლება” დაინტერესდა და სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს ჰკითხა, რა კონკრეტული დახმარების გაწევა შეუძლია ალიანსს ამ მიმართულებით არაწევრი სახელმწიფოსთვის. ”პირველი, რა მიმართულებითაც ნატოს აქვს საქართველოს დახმარების რესურსი, საჰაერო უსაფრთხოებას უკავშირდება”, - გვითხრა თემურ იაკობაშვილმა. ის ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის საერთაშორისო თავდაცვის სისტემაში, ნატოს სისტემაში, ჩართვა, რათა მომავალში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები დაადასტუროს არა მარტო საქართველოს რადარებმა, არამედ ნატოს რადარებმაც. სახელმწიფო მინისტრის აზრით, ამას დიდი შემაკავებელი ფუნქცია ექნება. კიდევ რით შეუძლია ნატოს საქართველოს დახმარება კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით? ამაზე საუბრისას თემურ იაკობაშვილი გამოყოფს მეორე მიმართულებას:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”ნატოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაგვეხმარონ სამშვიდობო -საპოლიციო კონტინგენტის გაწვრთნაში. ასეთი კონტინგენტის შეყვანა გარდაუვალი ხდება. ჩვენ აღარ გვჭირდება სამშვიდობოები, ჩვენ გვჭირდება საპოლიციო შენაერთები, იდეაში - ქართულ-აფხაზური, და მათ წვრთნაში შეუძლია აღმოგვიჩინოს ნატომ დახარება."

ამ მიმართულებით ნატოს მართლაც შეუძლია დახმარების გაწევა, მაგრამ იმისათვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მშვიდობა მაღალ დონეზე გაწვრთნილმა ქართულ-აფხაზურმა საპოლიციო შენაერთებმა დაიცვან, საქართველოს 2 ამოცანა აქვს შესასრულებელი: არ აჰყვეს პროვოკაციას აფხაზეთში, არ დაუშვას კონფლიქტის ზონებში სამხედრო ესკალაცია და მიაღწიოს კონფლიქტის ზონებიდან რუსეთის სამშვიდიბო ძალების გაყვანას.. გარკვეული იმედები წარმოშვა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მიერ კომუნიკეს მიღებამ, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა, მეგობართა ჯგუფში რუსეთის იგნორირებით, რუსეთს მოუწოდეს გააუქმოს საქართველოს კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით მიღებული ცნობილი გადაწყვეტილება. კომუნიკე თემურ იაკობაშვილმა კონფლიქტების მოწესრიგების ისტორიაში ახალი ერის დაწყების ნიშნად მიიჩნია, ნიშნად იმის, რომ ძველი ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა სიმართლეს თვალებში შეხედეს და თქვეს, რომ რუსეთი არ არის მიუკერძოებელი მხარე საქართველოს კონფლიქტებში. უფრო ფრთხილია შეფასებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე რონდელი.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ადრე უფრო მიჩუმათების პოლიტიკა იყო ძველი ევროპის ქვეყნების მხრიდან. შეიცვალა ვითარება, მაგრამ კარგი იქნება, თუ ძალიან შეიცვლება. შემოტრიალებაზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია, მაგრამ მიჩუმათებას თავი დაანებეს."

სამშვიდობო ოპერაციაზე გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს, ამის მიღწევა კი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები სამშვიდობო ოპერაციის შეცვლასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ორმხრივ ფორმატში უნდა წარიმართოს და, თუ რაიმეს მიღწევა სურს, დასავლეთმა სერიოზული დიპლომატიური რესურსი უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ რუსეთი აიძულოს პროცესში კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს.
XS
SM
MD
LG