Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხის ამსახველ ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსი” ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა


ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ თავისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ასკვნის, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში პრესის თავისუფლების კუთხით მთელ მსოფლიოში გაუარესდა ვითარება. უკუსვლაა საქართველოშიც.

”ფრიდომ ჰაუსის” ბოლო ანგარიშში პრესის თავისუფლების კუთხით 195 ქვეყანა და ტერიტორიაა შეფასებული.

აქედან 72 ქვეყანას - ანუ მთლიანი რაოდენობის 37 პროცენტს - ”თავისუფალის” სტატუსი მიენიჭა; 59 ქვეყანა - ანუ მთლიანი რაოდენობის 30 პროცენტი - ”ნაწილობრივ თავისუფლად” შეფასდა; ხოლო 64 ქვეყანას - დარჩენილ 33 პროცენტს - ”არათავისუფალი” ეწოდა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთს, ისლანდიას, დანიას და ნორვეგიას აქვთ. სიის ბოლო ადგილებს ლიბია, თურქმენეთი, ბირმა და ჩრდილოეთი კორეა ინაწილებენ.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ ვერ შეძლო 2006 წლის მაჩვენებლის, 120-ე ადგილის, შენარჩუნება და 129-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან, მართალია, წინა წლების მსგავსად, ქვეყანა ჯერ კიდევ ”ნაწილობრივ თავისუფალის” სტატუსს ატარებს, მისი მაჩვენებელი - 60 ქულა - ერთგვარ ზღვარს აღწევს. 61 ქულიდან უკვე ”არათავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალი იწყება.

ბოლო ანგარიშზე სასაუბროდ რადიო ”თავისუფლება” ”ფრიდომ ჰაუსის” კვლევების დირექტორს, კრისტოფერ უოკერს, დაუკავშირდა. საქართველოს მაჩვენებლის გაუარესება უოკერმა ასე ახსნა:

”საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ პრესის თავისუფლების განმტკიცების პროცესი პრობლემურად წარიმართა, გასული წელი კი, ჩვენი აზრით, განსაკუთრებულად დაძაბული იყო მედიისთვის. ჩვენ დავასკვენით, რომ ამ წელს მედიის სფეროში პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდა და იყო რამდენიმე უკან გადადგმული ნაბიჯიც - უწინარესად, ”საგანგებო მდგომარეობის” შემოღების შედეგად. ამდენად, მთლიანობაში თუ შევხედავთ, გასული წელი დაღმასვლის წელი იყო, რამაც საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი” ქვეყნების მიჯნაზე მოათავსა.”

”ფრიდომ ჰაუსის” თანახმად, გასული წელი დაღმასვლის პერიოდი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმეტესობისთვის - საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყნის მაჩვენებელი გაუარესდა. იმ 10 ქვეყნიდან, სადაც პრესის თავისუფლების კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა შექმნილი, სამი - ბელორუსია, უზბეკეთი და თურქმენეთი - პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარეობს. კრისტოფერ უოკერს მოუსმინეთ:

”ყოფილი საბჭოთა კავშირის კონტექსტში ჩვენ რამდენიმე ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციაზე დავწერეთ. ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ გამოვაკლებთ, დარჩენილი 12 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან 10-ს ”არათავისუფლის” სტატუსი მიენიჭა, ორს - საქართველოსა და უკრაინას - ”ნაწილობრივ თავისუფლის” სტატუსი. გასული წლის მანძილზე - ანუ 2007 წელს, რაც ამ ანგარიშში აისახა - ამ 12 ქვეყნიდან 10-ის მაჩვენებელი გაუარესდა.”

უკრაინა, საქართველოს მსგავსი ”ნაწილობრივ თავისუფლის” სტატუსით, 113-ე ადგილზეა და საქართველოს მაჩვენებელს 16 ადგილით უსწრებს. მესამე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ”ფერადი რევოლუციების” ტალღა შეეხო - ყირგიზეთი - 156-ე ადგილით, ”არათავისუფალი” ქვეყნების რიცხვში მოხვდა. კრისტოფერ უოკერის აზრით, ეს ამ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ტრადიციების განსხვავებულმა სიმყარემ
განაპირობა:

”[უკრაინისგან განსხავებით], საქართველოში - და კიდევ უფრო მეტად ყირგიზეთში - მედიის თავისუფლებას ისეთი მყარი ფესვები არ ჰქონდა და ამიტომაც ახლა ამ ფესვებს ნამდვილი გამოცდის პერიოდი აქვს.”

აქვე შეგახსენებთ, რომ “ფრიდომ ჰაუსი” - დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია - 1941 წელს დაარსდა აშშ-ში და მსოფლიოში თავისუფლების დაცვაზე, დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებაზე მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტიან ორგანიზაციად არის აღიარებული.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG