Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მაისს ერაყში, ბაღდადის მახლობლად, ნაღმზე სამხედრო ავტომობილის აფეთქების შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

და ერთი დაიჭრა. ერაყის სამხედრო კამპანიაში 2003 წელს ჩართვიდან 2008 წლის 2 მაისამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არც ერთი ჯარისკაცი არ დაუკარგავს. რამ გამოიწვია მსხვერპლი ერაყში მყოფ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა შორის? ბაღდადიდან 35 კილომეტრის მოშორებით, დაიალას პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ბატალიონის კონვოი პატრულირებას ახორციელებდა, როდესაც ერთ-ერთი სამხედრო ავტომობილი ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ამ ინციდენტის შესახებ საქართველოს მოსახლეობას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიგა ტატიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ამცნო:

[გიგა ტატიშვილის ხმა] ”მოხდა სამწუხარო ფაქტი: ერაყში - დაიალას პროვინციაში - დისლოცირებული მეცამეტე ბატალიონის ერთ-ერთი საპატრულო კონვეირების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა ერთ-ერთი საბრძოლო ჰამერი. დაღუპულია ორი სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან ოცმეთაური ლეიტენანტი მარგიევი გიორგი და კაპრალი გვენეტაძე ზურა. დაჭრილები არიან მირცხულავა თენგიზი და არაბი თარჯიმანი.”(სტილი დაცულია)

გიგა ტატიშვილმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

თუ რა საპასუხისმგებლო და სახიფათო მისიის განხორციელება უწევდათ ქართველ ჯარისკაცებს, ამის შესახებ სამხედრო ჟურნალისტი გიორგი თუხარელი საუბრობს. მან საკუთარი თვალით ნახა ის სირთულეები, რომელთაც ჯარისკაცები პატრულირებისას აწყდებიან.

[გიორგი თუხარელის ხმა] ”კონვეირების მთავარი ამოცანა ეს არის განსაკუთრებული მარშირება, როდესაც დაჯავშნული მანქანების კოლონა მოძრაობს და ეს კოლონა ლოგისტიკურ მომსახურებას უწევს ქართულ ჩეკპოინტებს, რომლებიც მიმობნეულია პროვინციაში. კიდევ ემატება ერთი ფუნქცია, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება შეაქვთ ერაყულ სოფლებში.”(სტილი დაცულია)

ასეთი მისიის განხორციელებისას არაერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე დამდგარა საფრთხის წინაშე. იყო უამრავი აფეთქების ფაქტი და რამდენიმე ჯარისკაცის დაჭრის შემთხვევაც. გასულ წელს ერაყში საქართველოს ორი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, არც ერთი მათგანი საბრძოლო ოპერაციის დროს მტრის ტყვიით არ დაღუპულა. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის აზრით, ბოლო დროს მსხვერპლის რისკი ერაყში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობასთან ერთად იზრდებოდა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”მეტ-ნაკლებად ამის პროგნოზირება შეიძლებოდა, რადგან რაც უფრო მეტია კონტინგენტი, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ ეს მოხდება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის სამხედროები, რომლებიც იქ მიდიან, საკმაოდ დიდ საბრძოლო გამოცდილებას ღებულობენ და ასეთი საბრძოლო გამოცდილება ყველამ ვიცით, რომ უსისხლოდ იშვიათად მთავრდება.”(სტილი დაცულია)

როგორც არაერთი თვითმხილველი ამბობს, ქართველი ჯარისკაცები მაღალ დონეზე და პირნათლად ასრულებენ ერაყში დაკისრებულ მისიას. ამაზე საუბრობს სამხედრო ჟურნალისტი გიორგი თუხარელიც:

[გიორგი თუხარელი] ”ქართველი, ამერიკელი სამხედრო, მე და ერაყელი სოფლის გამგებელი ვსაუბრობდით. და ამ გამგებელმა გვითხრა, ისე გვიყვარს ქართველი ჯარისკაცებიო, რომ რომ გავიგო, მათ ვინმემ თვითნაკეთი ნაღმი დაუდო და რაიმე დაუშავა რომელიმე ქართველსო, მეორე დღესვე ქართულ ”ჩეკპოინტებზე” იმ ერაყელების თავებს დაგიყრითო.”(სტილი დაცულია)

ამ ეტაპზე ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება. მათი მისია მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში იწურებოდა, მაგრამ, პრეზიდენტების ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეთანხმებით, საქართველოს სამხედრო ნაწილები ერაყში წლის ბოლომდე დარჩებიან.
XS
SM
MD
LG