Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში სამხედრო წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას არ გამორიცხავს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს აფხაზეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა და ბოლომდე შეავსოს კოლექტიური სამშვიდობო ძალებისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 1994 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებული ლიმიტი.

მაქსიმალური კვოტა, როგორც ცნობილია, 3000 კაცია... თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებით, კონფლიქტის ზონაში არ შეიძლება იდგეს 3000-ზე მეტი მშვიდობისდამცველი, თბილისში კი ირწმუნებიან, რომ კვოტა აფხაზეთში უკვე დარღვეულია. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის განმუხტვა ვერ ხერხდება.. მინდა რუსეთის მიმართ საქართველოს მორიგ პრეტენზიებზე გესაუბროთ.

საქართველოს მხარის მიერ არაერთხელ გამოხატული პროტესტის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება უარს არ ამბობს ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა აფხაზეთში, სამშვიდობო ძალების საფარქვეშ... რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო გააძლიერებს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კვოტას ბოლომდე შეავსებს... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადგენილი ლიმიტით, მაქსიმალური ზღვარი 3000-ია...
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში უკვე დაარღვია აფხაზეთში ეს ზღვარი.. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ცალმხრივი ნებით, საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, სამშვიდობო ძალების გაძლიერება იყო და არის საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხემებების - მათ შორის, მოსკოვის შეთანხმების - დარღვევა... კვოტა რომ უკვე დარღვეულია, ამის შესახებ 8 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”მათ უკვე გადაჭარბებული აქვთ კვოტისთვის კარგა ხანია. ასე რომ, ნებისმიერი დამატებითი ჯარისკაცი იქნება კიდევ მეტი გადაჭარბება..
თუმცა რუსეთის მხრიდან იმდენად გიჟური ნაბიჯები ვიხილეთ, არც ეგ იქნება გასაკვირი. ”(სტილი დაცულია)

”რუსეთის სამშვიდობო ძალები აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას, მოქმედებენ რა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური ძალების მანდატისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად”, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ხუთშაბათს სამშვიდობო კონტინგენტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების ალბათობასთან დაკავშირებით აღნიშნა:

[თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის თანამშრომლის ხმა] ” ლაპარაკია გაძლიერებაზე აუცილებლობის შემთხვევაში. ზღვარი მითითებულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ზღვარი დაწესებულია მანდატით,.. ამ დღეებში , როცა მიმდინარეობდა კონტინგენტის გაძლიერება, ეს იცოდა გაეროს მისიამ და გაეროს მისიამ ეს დაუშვა. ამჯერად აფხაზეთის ტერიტორიაზე მშვიდობის დამცველთა რიცხვი 2542 -ია.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კონფლიქტის ზონაში შეყვანილი დამატებითი კონტინგენტი, ძირითადად, ტყვარჩელის რაიონის სამშვიდობო პოსტების გაძლიერების ამოცანას ემსახურება... რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ რუსი ჯარისკაცები შეუდგნენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის პირობითი საზღვრისა და ზემო აფხაზეთის, კოდორის ქედის მიმდებარე ტერიტორიის, პატრულირებას.

რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა უარყო უსაფრთხოების ზონაში აკრძალული შეიარაღებისა და ტექნიკის შეტანა... თუმცა რუსეთის საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ, სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტინგენტის გარდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან შეყვანილია მედესანტეები, რომელთა ხელშიც არის საარტილერიო იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა... საგულისხმოა, რომ რუსეთის ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალება აფხაზეთში მედესანტეთა შეყვანაზე საუბრისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის სერგეი მირონოვის განცხადებას ეყრდნობა. განცხადებაში მირონოვი ადასტურებს, რომ სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტინგენტის კვალზე აფხაზეთში შესულია 440 მედესანტე. ”სამხედროებმა იციან რა ძალაა ეს ორი ბატალიონი”, - აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული გაფრთხილების მიუხედავად, თბილისში მაინც იტოვებენ იმედს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ გადადგამს მორიგ არასწორ ნაბიჯს და საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად სამშვიდობო კონტინგენტს კიდევ უფრო მეტად აღარ გაზრდის.
XS
SM
MD
LG