Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მზვერავი უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ დაუდასტურებელი ცნობის განხილვით

იწყებს სტატიას 4 მაისს “ინტერნეშენელ ჰერალდ ტრიბუნი”, რომელსაც მოჰყავს სეპარატისტთა წარმომადგენლებისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები. სტატიაში არაა დასახელებული ვინაობა რუსი მაღალი რანგის ოფიციალური პირისა, რომელსაც უთქვამს, რომ მოსკოვი ყველაფერს იღონებს, რათა საქართველო და უკრაინა ნატოში არ მოხვდნენ. სტატიის ბოლოს კვლავ ანონიმი რუსი ოფიციალური პირის ნათქვამია მოყვანილი, რომ თუკი საქართველო ნატოს შეუერთდება, მან უნდა დათმოს თავისი სეპარატისტული რეგიონები.
იმავე ოთხ მაისს გერმანული “ფრანკფურტერ ალგემაინე” მოკლე ცნობას ავრცელებს და თან იქვე შენიშნავს, რუსეთის მედიას ვეყრდნობითო. საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის - მთავრობა შიშობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს დაესხმება ამ დღეებში. იქვე აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად წარმოდგენილი მერაბ ქიშმარიას მუქარის სიტყვებია მოყვანილი, “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით, თავდასხმის შემთხვევაში, ქუთაისისკენ გავიჭრებითო.
“ნიუ იორკ ტაიმსი” სარედაქციო სტატიას ასე ასათაურებს: “საქართველო, ნატო და ბატონი მედვედევი”. რუსეთი კატათაგვობანას ეთამაშება მეზობელ საქართველოს და თუკი ყველა მეტ სიფრთხილეს არ გამოიჩენს, ეს შეიძლება ძალიან სწრაფად სასიკვდილო თამაშად გადაიქცესო. სტატიაში რუსეთის ახალი პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულია რჩევა, თავის ხელქვეითებს მოსთხოვოს ნაკლებად მძაფრი გამოთქმები იხმარონ და, ამასთან, მაღალ დონეზე დაიწყონ საქართველოსთან დიალოგი. “ ნიუ იორკ ტაიმსს” მიაჩნია, რომ საქართველოს ოცნება ნატოში შესვლაზე გაქარწყლდება, თუკი მოსკოვთან ომში ჩაება.
“ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბუნში” რვა მაისს წერილი დაბეჭდა ალექს რონდოსმა, საბერძნეთის ყოფილმა ელჩმა, რომელიც ამჟამად საქარაველოს მთავრობის მრჩეველია. სტატია ასეა დასათაურებული: “ვის მხარეს ვართ?” რონდოსი წერს, თუკი დასავლეთის ქვეყნები არ იმოქმედებენ, არის სერიოზული საფრთხე, რომ მცირე ომი დაიწყოს ევროპის აღმოსავლეთ საზღვართან და ის სისხლიანი იქნებაო. ომი გააფუჭებს რუსეთთან ურთიერობას და ავნებს დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს: გაყოფს ევროპის კავშირს რუსეთის საზღვართან ძველ და ახალ, გაღიზიანებულ, წევრებად. კავკასიის ქვეყნები და კასპიის მიღმა სახელმწიფოები დაკარგავენ დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ყველა იმედს.

“ვაშინგტონ პოსტმა ” გამოაქვეყნა ენ ეპელბაუმის წერილი, შეკითხვა-სათაურით “მოსკოვის გამარფთხილებელი გასროლა?”
ეპელბაუმი ძალიან მოკლედ აცნობს მკითხველს აფხაზეთის ფენომენს, წერს რა, რომ ეს არის საქართველოს პროვინცია, რომელმაც 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა მცირე ომი და ქართველთა ეთნიკური წმენდა. შემდეგ იყო გაეროს მცდელობა დაემყარებინა მშვიდობა, საქართველო ცდილობდა აფხაზებისთვის შეეთავაზებინა ფართო ავტონომია, მაგრამ საქართველო და აფხაზეთი მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაც უკიდურესად რთულ ჩიხად იქცა. ჩვეულებრივ, განაგრძობს ეპელბაუმი, ეს უკიდურესად რთული, გამოუვალი მდგომარეობა ხელს აძლევს ხოლმე რუსეთს, რომელიც აფხაზეთის მჭიდრო სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირეა და დიდი ხანია დაინტერესებულია დესტაბილიზაცია შეიტანოს პროამერიკულ, პროდასავლურ, ნატოს მომხრე საქართველოში. ეპელბაუმი გამოთქვამს სტატიაში შემდეგ მოსაზრებას: თუკი ვინმეს სურს აფხაზეთი ომის საბაბად გამოიყენოს, ამ სურვილმა შეიძლება ვერ იმუშაოს, რადგან ქართველებს არ სურთ ომის გამოცხადება. მაგრამ თუკი პროვოკაციამ იმუშავა, თუკი რუსეთი შეიჭრა საქართველოში, განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც ნატოს მოკავშირეა, რომელსაც ჯარი ჰყავს ერაყში და რომელსაც ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან გარანტიები აქვს მიღებული უსაფრთხოების შესახებ, მაშინ დასავლეთს მთავარი პასუხისმგებლობა დაეკისრება - თუ სამხედრო არა, პოლიტიკური და დიპლომატიური მაინც.
აშშ-ში გამომავალი ჟურნალი, “ნეშენელ ინტერესტი”, ასევე აფხაზეთის თემაზე აქვეყნებს ბრუკ ლიონარდის სტატიას, რომელიც რეაქციაა ენ ეპელბაუმის წერილზე, ზემოთ რომ გაგაცანით მოკლედ. ლიონარდი წერს, სამწუხაროდ, ეპელბაუმის ანალიზი ვითარებას ნათელს ვერ ჰფენს - ის ამერიკის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ, მედიაში არსებულ მოდას მიჰყვება, წარმოადგენს რა გამარტივებულ და, ამდენად, შეცდომაში შემყვან ანალიზს საგარეო პოლიტიკის სფეროშიო. ამ, ენ ეპელბაუმისადმი კრიტიკულ, წერილში წაიკითხავთ, რომ აფხაზეთი არ არის, როგორც ეპელბაუმი წერს, საქართველოს პროვინცია, რომელმაც 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ქართველების ეთნიკური წმენდა მოაწყო. რეალობა უფრო კომპლექსურიაო, წერს სტატიის ავტორი და საბჭოთა კავშირის საწყის ეტაპზე აფხაზეთისა და საქართველოს თანასწორ სტატუსს იხსენებს. ლიონარდი ასევე არასწორად მიიჩნევს ფორმულირებას, რომ რუსეთი შეიჭრება საქართველოში. ის აზუსტებს, რუსეთი რომ შეიჭრას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი აკონტროლებს, ამას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაქცია მოჰყვებაო; ენ ეპელბაუმის სხვა თვალსაზრისების საპირისპირო არგუმენტების მოხმობის შემდეგ, ჟურნალ “ნეშენელ ინტერესტში” ბრუკ ლიონარდი წერს, მართლაც საწყენია, რომ აშშ-ის გაზეთებში გამარტივებული არგუმენტებით ლაპარაკობენ, ძირითადად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენ კი მზად ვართ შევეგუოთ ამ კომფორტულ ისტორიებს და გამოვიყენოთ ისინი სხვა დიდ სახელმწიფოებთან დიალოგისას, ხოლო ბოლოს, როცა იმას არ მივიღებთ ხოლმე, რაც გვსურს, გაკვირვებული ვრჩებითო.
“უოლ სტრიტ ჯორნალმა” დაბეჭდა პარასკევს სტატია, სათაურით “საქართველო საფრთხის წინაშე”. მასში ვკითხულობთ: “დასავლეთს მეტის გაკეთება შეუძლია, ნატომ უნდა ნათლად გამოაცხადოს, რომ ის არ იქნება უქმად, თუკი რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება უშუალოდ თუ აფხაზეთის გზით. და ამერიკასაც შეუძლია გააფართოოს საქართველოს მიმართ თავისი, როგორც მრჩევლის, როლი სამხედრო სფეროში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG