Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგის განახლებისთვის სოხუმში წამოყენებული მოთხოვნები თბილისისთვის მიუღებელია..


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მეთიუ ბრაიზასა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაციის შეხვედრები აფხაზეთის

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან მიზნად ისახავდა ვითარების ადგილზე გაცნობასა და ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლების ერთგვარ სტიმულირებას. ამერიკელი მაღალჩინოსანი შეეცადა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დიალოგის განახლების აუცილებლობაში დაერწმუნებინა... მაგრამ პირობა, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების განახლებისთვის წამოაყენეს, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია... კომპრომისზე ორიენტირებული დიალოგი ასეთი მოთხოვნების პირობებში გამორიცხულია, - აცხადებენ თბილისში, სადაც 12 მაისს, საქართველოს მხარდასაჭერი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სლოვენიის, ლიტვის, ლატვიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს.

5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ერთდღიანი ვიზიტით მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის ეწვივნენ.. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების პირობებში, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს საქართველოში ერთად სტუმრობით გამოეხატათ მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნისთვის, გამოეხატათ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებისთვის მოეწოდებინათ, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე; იმავდროულად, ეთქვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ევროპული სტანდარტების დაცვა.

[კარლ ბილდტის, შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხმა] "ჩვენი - და ჩემი, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის - ამოცანაა, გარკვევით ვუთხრათ საქართველოს ხელმძღვანელობას, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ევროპული სტანდარტების დაცვა და, აგრეთვე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში."

შეგახსენებთ: შვედეთის, ლიტვის, პოლონეთისა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ლიტვამ მოხსნა ვეტო ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას. ვეტო მოიხსნა, მაგრამ ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ ლიტვის მოთხოვნები, ამ მოთხოვნებს შორის კი ერთ -ერთი საქართველოსა და მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების მოგვარებაა.. ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში გაყინული კონფლიქტების თემის შესაძლო აქტუალიზაციას თბილისში მიესალმებიან.. თუმცა მაინც ეეჭვებათ, რომ, ლიტვის მოთხოვნის თანახმად, ევროკავშირმა სერიოზული გავლენა მოახდინოს რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოსა და მოლდავეთის კონფლიქტების მიმართ. მაშინ ევროპამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს და აღიაროს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო სტატუსი, აღიაროს აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდა, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში,სადაც, სოხუმის მიერ წამოყენებული მოთხოვნების გამო, სკეპტიკურად უყურებენ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებას.

მოთხოვნები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სერგეი ბაღაფშმა და სერგეი შამბამ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მეთიუ ბრაიზასა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დელეგაციასთან შეხვედრებზე ჩამოაყალიბეს. ამერიკელი სტუმრების მცდელობას დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკების განახლების აუცილებლობაში დაერწმუნებინათ, შედეგად მოჰყვა ის, რომ ბაღაფშმაც და შამბამაც განაცხადეს, თუ თბილისი არსებულ შეთანხმებებს არ შეასრულებს, ბრაიზას ვიზიტი თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის აღდგენის საქმეში გადამწყვეტ წვლილს ვერ შეიტანსო.

სოხუმი დიალოგის განახლებისთვის მოითხოვს კოდორის ხეობაში ძველი სტატუს კვოს აღდგენას, ირწმუნება რა, რომ კოდორის ხეობაში, იმავე ზემო აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის შეთანხმებას.
საქართველოს ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოს ზემო აფხაზეთში შეთანხმებით გათვალიწინებული მოთხოვნები არ დაურღვევია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა ამ საკითხის განმარტებისას გაეროს მისიის მონიტორინგის დასკვნებს იშველიებს და სოხუმის მოთხოვნასთან დაკავშირებით ნათქვამს დასძენს:

[ნიკა რურუას ხმა] ”მათი თვალსაწიერით, მათი შეფასების კრიტერიუმებით ჩვენ ვერ ვისარგებლებთ. ისინი წარმოადგენენ უკანონო წარმონაქმნს და მათი მოთხოვნებიც, სამწუხაროდ, არის ირაციონალური. ამიტომ მათ ლოგიკაში ჩვენ ვერ შევალთ. ამ უაზრო მოთხოვნებს ერთი დანიშნულება აქვს - რეალური დიალოგი, კომპრომისზე ორიენტირებული დიალოგი გამორიცხული იქნება მანამდე, სანამ ასეთი მოთხოვნები დადგება. ” (სტილი დაცულია)

სოხუმში გამართული შეხვედრის შემდეგ მეთიუ ბრაიზამ რუსეთს მოუწოდა უკან გაიწვიოს აფხაზეთში გაგზავნილი დამატებითი სამშვიდობო ძალები. სოხუმიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მას ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან და მათთან შეხვედრებზეც დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის აქტიური როლი შეასრულოს თბილისსა და სოხუმს შორის მოლაპარაკების განახლებაში.
XS
SM
MD
LG