Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთში ახალი ელჩის გასაგზავნად ემზადება


აშშ-ს ახალი ელჩი ეყოლება რუსეთში. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯონ ბეირლის კანდიდატურა წამოაყენა, რის შემდეგაც ის სენატში დამტკიცებას საჭიროებს.

ჯონ ბეირლი - თუ სენატმა დაამტკიცა მისი კანდიდატურა - დაიკავებს ვაკანტურ ადგილს, განთავისუფლებულს მას შემდეგ, რაც რუსეთში აშშ-ის ელჩი უილიამ ბერნსი ვაშინგტონში გადაიყვანეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ პოლიტიკურ საკითხებში.

ბეირლის დიპლომატიური კარიერა 1983 წელს დაიწყო იმ ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ევალებოდა საბჭოთა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება ჩვეულებრივი შეიარაღების შეკვეცის საკითხზე.

მოგვიანებით ჯონ ბეირლი მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, მუშაობდა მრჩევლად ჩეხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოში.

ამჟამად კი ჯონ ბეირლი ბულგარეთში აშშ-ის ელჩია. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ გამოსვლაში მან ქალაქ პლოვდივში ბულგარულ ენაზე მიმართა სტუდენტებს მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა, ისევე როგორც ხორვატიამ და უნგრეთმა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.

[ბეირლის ხმა] “ამ მომენტში ისე ჩანს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა ხელს არ უწყობს სტაბილურობას რეგიონში. სამწუხაროდ, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტის მომსწრე გავხდით. მაგრამ დროთა განმავლობაში კოსოვოს დამოუკიდებლობა - როგორც კოსოვოელებს, ისე სერბებს - ევროპული ოჯახის წევრობის სამომავლო პერსპექტივებს გადაუშლის”.

სხვათა შორის, ჯონ ბეირლის კანდიდატურა წამოყენებულ იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ახალ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს და ასევე ახალ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის პირველი საუბარი მედვედევთან, პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ და საგულისხმო დეტალი, რომელის შესახებაც უკვე ვიუწყებოდით: ბუშმა ამ, პირველ საუბარში, მედვედევისთვის მილოცვისა და წარმატებული საქმიანობის სურვილის გამოთქმის შემდეგ, საქართველოს საკითხიც წამოჭრა.

აი, რა თქვა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დანა პერინომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და მისი რუსი კოლეგის ამ, 12 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარზე: [პერინოს ხმა] “პრეზიდენტმა ბუშმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს ინაუგურაციის მისალოცად. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ამერიკა -რუსეთის ურთიერთობის მნიშვნელობას (...) მათ მოკლედ განიხილეს ბოლო შეთანხმება ატომური ენერგიის შესახებ, რომელზე ხელმოწერაც გასულ კვირაში მოსკოვში გაიმართა. და პრეზიდენტმა ბუშმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და გამოთქვა იმედი, რომ ყველა მხარე მუშაობს დაძაბულობის განსამუხტად”.

ამ სატელეფონო საუბრის დროს, რომლის შინაარსიც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა მიმოიხილა, როგორც ჩანს ამერიკის ახალი ელჩის საკითხსაც შეეხნენ, რახან ამის შემდეგ დასახელდა ჯონ ბეირლის კანდიდატურა რუსეთში ამერიკის ელჩის პოსტზე.

54 წლის ჯონ ბეირლი, რომელიც კარგად ფლობს რუსულს, ამერიკელი დიპლომატებიდან ყოფილი კომუნისტური ბლოკის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG