Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება გაეროსგან მოითხოვს შექმნას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების მექანიზმი


გაეროს გენერალური ასამბლეა აფხაზეთიდან დევნილების შესახებ მომზადებულ რეზოლუციას განიხილავს.

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ გაეროს გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების მექანიზმების შექმნას. ოფიციალურმა თბილისმა გაეროს საკუთარი პროექტიც კი შესთავაზა. ოფიციალურად დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგნი არც რუსეთში არიან, თუმცა რუსი პოლიტიკოსების ნაწილი ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას მოითხოვს. მინდა აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების რუსული და ქართული პროექტების შესახებ გესაუბროთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველი ექვსი თვის შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავს და სპეციალურ რეზოლუციას გამოსცემს. უკანასკნელ რეზოლუციაში კი, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასული წლის ოქტომბერში მიიღო, ხაზგასმულია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა საკუთრების დაცვისა და დევნილთა დაბრუნების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პირიქით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება სულ უფრო მწვავდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, საქართველო გაეროსგან იმ კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრას მოითხოვს, რომლებმაც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ეს არის როგორც ერთობლივი ქართულ-აფხაზური პოლიციური სტრუქტურის შექმნა, ასევე გაეროს ეგიდით პოლიციური კომპონენტის დამატება და ზოგადად არის ისეთი მიდგომა, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე და ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციაში.”(სტილი დაცულია)

ოფიციალური თბილისის პოზიციის მეორე ნაწილზე გაერო ოდნავ მოგვიანებით, თვის ბოლოს, იმსჯელებს. ამ დროისთვის დსთ-სა და გაეროს სამშვიდობო მისიის საქმიანობის შეფასებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხს, მისი წინააღმდეგი არც ოფიციალური მოსკოვია, მაგრამ იქ, სხვადასხვა პოლიტიკოსების დონეზე, ეთნიკური ბალანსის შენარჩუნებას მოითხოვენ. ასეთი რამ ჟურნალისტებს ”პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა და რუსეთის დუმის წევრმა სერგეი მარკოვმა განუცხადა:

[სერგეი მარკოვის ხმა] ”რა თქმა უნდა, თავიანთ ადგილებზე უნდა დაბრუნდნენ ქართველი დევნილები. და რუსეთს ეს პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთანაც. მაგრამ ქართველი დევნილების დაბრუნებამ არ უნდა გამოიწვიოს ეთნიკური ბალანსის შეცვლა.”

თბილისში კი გაეროს დონეზე აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის როლის გამოკვეთას ცდილობენ და სხვადასხვა რეზოლუციებს სწორედ რუსეთის კრიტიკის საშუალებად განიხილავენ. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”უთუოდ იქნება მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ რეალისტურად შეხედონ ლტოლვილების პრობლემას, რომელთა დაბრუნებას ხელს უშლის როგორც აფხაზური ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, ფაქტიურად, რუსეთის ხელმძღვანელობა.”(სტილი დაცულია)

ოპტიმისტურია საქართველოს საგარეო უწყების პოზიციაც, რომელიც მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ გაახმაურა:

[გრიგოლ ვაშაძის ხმა] ”როდესაც ეს რეზოლუცია იქნება მიღებული, დევნილების დაბრუნების საკითხის უკან მთელი გაეროს ავტორიტეტი იქნება.”(სტილი დაცულია)

თბილისში ვარაუდობენ, რომ გაერო აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების რეალურ მექანიზმებსა და გეგმას ოქტომბრის რეზოლუციის მიღებამდე მოამზადებს.
XS
SM
MD
LG