Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”წინასაარჩევნო ტერორის ქრონიკა” - ასე ჰქვია დღევანდელი ”რეზონანსის” სტატიას,


სადაც წერია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით - განსაკუთრებით კი რეგიონებში - საგრძნობლად იმატა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე ზეწოლისა და ამა თუ იმ მიზეზით დაპატიმრების შემთხვევებმა.

გაზეთი წერს, რომ დაკავების მოტივები სხვადასხვაა - ნარკოტიკების მოხმარებით დაწყებული და მოქალაქეებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დამთავრებული. ”რეზონანსი” წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ ფაქტს ათეულობით ასახელებენ და რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

”24 საათი” კი წერს, რომ საპროცენტო განაკვეთები ყველა სახის საბანკო სესხებზე 2-3 პროცენტით გაიზარდა. ექსპერტები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ფული გლობალურად ყველგან გაძვირდა, გაძვირდა ნავთობი, ამერიკაში რეცესიაა და გაუფასურდა დოლარი. გაზეთის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ტიპის სესხებზე ერთნაირად არ გაზრდილა - ზოგ შემთხვევაში მატება უმნიშვნელოა, სხვაგან კი პროცენტმა მეტად მოიმატა. იპოთეკური სესხი, 13-14 პროცენტის ნაცვლად, 16-18 პროცენტით განისაზღვრა.

”ყველა სიახლე” კი სვამს შეკითხვას, იმეორებენ თუ არა ”გირგვლიანის საქმით” ცნობილი პირები ”შარდენ ბარის” ისტორიას ”მეტეხის ჩრდილში”. გაზეთს მოჰყავს სატელევიზიო ეთერში ლევან ბერძენიშვილსა და გიორგი გაბაშვილს შორის გამართული დიალოგის სტენოგრამა, სადაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რესტორანში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე, გირგვლიანის საქმით ცნობილი იგორ მელნიკოვი და დათა ახალაია ისხდნენ, მათ მიერ შეკვეთილი ”მიშა მაგარიას” მეათედ დატრიალება გვერდით მაგიდაზე მსხდომებმა გააპროტესტეს, რის შემდეგაც მათგან ერთ-ერთი სუფრიდან გაქრა და ის მხოლოდ გიგა ბოკერიას ჩარევის შემდეგ დააბრუნესო. ”ახალი ვერსია” ბეჭდავს ლევან ბერძენიშვილის ამ ვერსიას და გიორგი გაბაშვილის პასუხს, რომ ის აჭარბებს და სინამდვილეში ეს უბრალო ინციდენტი იყო ორ შემთვრალ ჯგუფს შორის. გაზეთი ამატებს, რომ არავინ იცის ეს ინციდენტი რითი დასრულდებოდა, მისი მონაწილე პირი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაცნობი რომ არ ყოფილიყო; იხსენებს რამდენიმე დღის წინ პატრულის მიერ მოკლულ გიორგი გამცემლიძეს და წერს: ”მკვლელი რომ დაპატიმრებულია, დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან გირგვლიანის თუ რობაქიძის მკვლელებს იმდენი აქვთ მისჯილი, რომ დღე-დღეზე ციხიდან გამოვლენ და, წესით, არც იმ სუფრებს უნდა დააკლდნენ, მომავალში რომ გაიშლება ქართულ რესტორნებში. ხინკალი ცხელი მიირთვით, რომ სულის შებერვის ხმამ ძლიერნი ამა ქვეყნისა არ შეაწუხოს”. სტატიას დღევანდელ ”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ.

ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით ”ალია” არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო ჯანგირაშვილს გაესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ დაზიანდა მათი გადამცემი, არც სარეზერვო ნაწილმა იმუშავა და არხის მაუწყებლობა ორ დღეში აღდგება, მას შემდეგ, რაც ახალი ნაწილი ჩამოვა უცხოეთიდან. კითხვას, იყო თუ არა ეს წინასაარჩევნო დივერსია, ნინო ჯანგირაშვილმა ასე უპასუხა: ”ლოგიკურად გამოვრიცხავ. არა მგონია, ხელისუფლებას აწყობდეს ”კავკასიის” გათიშვა.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG