Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ისრაელს “მომაკვდავად” მოიხსენიებს


ამ დღეებში ისრაელი დაარსების 60-წლიან იუბილეს აღნიშნავს - 6 ათწლეულია გასული მას შემდეგ, რაც გაერომ მხარი დაუჭირა პალესტინის გაყოფას

ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად. და მაინც, ამ წლების მანძილზე ისრაელმა არაერთი ომი გამოიარა, ძალადობა დღემდე გრძელდება და თან დროდადრო ისმის განცხადებები, რომ ისრაელს საერთოდ არა აქვს არსებობის უფლება. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს არაერთხელ გაუკეთებია ასეთი განცხადებები, რომელთაც ახლა კიდევ ერთი დაემატა. აჰმადინეჟადმა ისრაელს “მომაკვდავი” უწოდა, 60-წლიანი იუბილის აღნიშნვა კი ისრაელის “განადგურების” თავიდან აცილების მცდელობად მოიხსენია.

აჰმადინეჟადის განცხადება “მომაკვდავი” ისრაელის შესახებ ოთხშაბათს გავრცელდა - იმ დღეს, როცა მრავალი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტები, ისრაელში შეიკრიბნენ 60-წლიანი იუბილისადმი მიძღვნილ ზეიმთან დაკავშირებით.

“სიონისტური რეჟიმი კვდება. ამ კრიმინალურ ელემენტებს გონიათ, რომ ზეიმით შეძლებენ შავ-ბნელი სიონისტური რეჟიმის ხსნას სიკვდილისა და განადგურებისაგანო” - ეს სიტყვები აჰმადინეჟადმა, როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ ირანში გამოსვლისას წარმოთქვა. მას, სავარაუდოდ, არავინ გაუკვირვებია: ირანი არ აღიარებს ებრაულ სახელმწიფოს, პრეზიდენტი აჰმადინეჟადი არ მალავს, რომ ისრაელის მოსპობის მომხრეა, ჰოლოკოსტი მას “მითად” აქვს მოხსენიებული.

2005 წელს ბევრის აღშფოთება გამოიწვია ირანის ლიდერის გამოსვლამ: ისრაელი” მსოფლიოს რუკიდან უნდა აღიგავოსო”. მასვე ეკუთვნის, ასე ვთქვათ, ინიციატივა, რომ ისრაელი მსოფლიოს რომელიმე სხვა კუთხეში “გადაიტანონ”. [აჰმადინეჟადის ხმა] “კარგი, თუ დანაშაული გავქთ ჩადენილი ებრაელთა წინააღმდეგ (როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს), მაშინ თქვენი ტერიტორიის ნაწილი მიეცით -შეერთებული შტატების, ან ევროპის, ან კანადის, ან ალასკის ნაწილი - რათა იქ შექმნან თავიანთი სახელმწიფო”.

ასეთი განცხადებები ბევრჯერ დაუგმიათ დასავლეთში - თუმცა რეაქციები, შესაძლოა უკვე “დაგმობას” გასცდეს. ოთხშაბათს ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს აჰმადინეჟადს უჩივლოს ისრაელის წინააღმდეგ ძალადობისაკენ მოწოდების გამო - კერძოდ, განიხილავს საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის საკითხს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ კევინ რადის შეფასებით, აჰმადინეჟადის გამოსვლები განსაკუთრებით სახიფათოა იმის გამო, რომ გავლენას ახდენს ისლამურ სამყაროზე - პირველ რიგში, ადამიანებზე, რომელთა პოზიციაზეც გადამწყვეტი მნიშვნელობის გავლენა აქვს სწორედ ირანს.

ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული პალესტინელების დღევანდელი აქციაც: ის ეძღვნება ე.წ. “ნაყბას”, ანუ კატასტროფას , რადაც მიიჩნევენ ისრაელის შექმნას 60 წლის წინ - ასიათასობით არაბის დევნილებად ქცევის გამო. პალესტინელები ირწმუნებიან, რომ ისინი გააძევეს, აიძულეს მიეტოვებინათ მშობლიური მიწა-წყალი. ისრაელი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ არაბების განდევნის გეგმა არ არსებობდა, რომ ისინი თვითონვე გაიქცნენ, როცა ისრაელში 5 არაბული ქვეყნის არმიები შეიჭრნენ.
XS
SM
MD
LG