Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 747-ე გამოშვება

წამყვანი:

ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს ისევ დავუბრუნდებით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თემას, მიმოვიხილავთ საქართველოში მოქმედი “შრომის კოდექსის” მწვავე კრიტიკის მიზეზებს, გამოვეხმაურებით “ოჯახის საერთაშორისო დღეს”, რომელიც ხუთშაბათს აღინიშნა დაბოლოს, მოისმენთ ინტერვიუს ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტთან კანის კინოფესტივალზე.

[მუსიკა]

რა ნიშნით უნდა ირჩევდნენ მოქალაქეები პარლამენტს

წამყვანი:
მომავალ კვირაში საქართველოს მოქალაქეები ახალ, ამჯერად 150 წევრიან, პარლამენტს აირჩევენ. მისი კონკრეტული შემადგენლობის შერჩევით ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ განსაზღვრავს პარლამენტის და, შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის კურსს. რამდენად გათვითცნობიერებულია ეს მისია საქართველოში და პოლიტიკური კულტურის რა დონე ვლინდება საარჩევნო პროცესში?

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,, დრამატული წრე არ არის აქ და ის, რა ქვია? - ჭრა-კერვის კურსები. აქ არის კანონპროექტების განხილვა. ჭრა-კერვის კურსებზე რომ ვიყოთ აქ, მაშინ სხვა საკითხი არის! ყველა უნდა იყოს მზად, რომ აქ ვმუშაობთ და ეს მინდა ყველამ გაიგოს, რომ პარლამენტის სხდომა არ არის სამოყვარულო ფეხბურთი.” (სტილი დაცულია)

ნინო როდონაია:
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის მსგავსი შენიშვნები მის კოლეგებს არცთუ იშვიათად მოუსმენიათ. რა არ არის პარლამენტი? - ამის შესახებ საუბარი საქართველოში უწევთ ხელისუფლების იმ შტოში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. კონსტიტუციით, პარლამენტს ეს ფუნქცია აქვს საქართველოშიც, რომელიც ამჟამად სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად ემზადება. ვითარებას, რომელიც ამ მხრივ არსებობს, სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნიკო მელიქაძე წარმოუდგენელს უწოდებს:
[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,რაც ჩვენი საპარლამენტო არჩევნების პროცესში ხდება, ეს რომ ითარგმნოს და მსოფლიოში გავიდეს, - რას ამბობენ ისინი, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებს, რას სთავაზობენ ხალხს, როგორია მათი მიდგომები, როგორია ხედვა, რა ელანდებათ საპარლამენტო საქმედ და თავის საქმიანობად პარლამენტში, - ეს ყველაფერი, ნუ, შემაძრწუნებელია.” (სტილი დაცულია)

სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ უდიდეს ნაწილს იმ ადამიანებისა, რომლებსაც დეპუტატობა სურთ, პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე, წარმოდგენა, პრაქტიკულად, არა აქვთ: [ნიკო მელიქაძის ხმა] ,,საინტერესო სცენას ვუყურებდი. ერთ-ერთი პარტიის დეპუტატობის კანდიდატი გამოდის და ამბობს, რომ მე გამოცდილება მაქვსო, სადღაც იქ ვმუშაობ და ამის გამო, რეგულარული ურთიერთობა მაქვს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი ის პრობლემები, სახურავში ვის გასდის წყალი და ვის წყალი, საერთოდ, ონკანშიც არ მოსდის. ანუ ნაძალადევის პრობლემების სპეციალისტი ვარ და მე რომ მოვალ პარლამენტში, ხელისუფლებაში, ამ პრობლემას მოვუვლი. ეს ტიპიურია და იმიტომ ვამბობ - ამ კაცს წარმოდგენა არა აქვს, სად მიდის სამუშაოდ. რომ ის სადაც მიდის, ანუ პარლამენტში, იქ არც ერთი სოციალური პრობლემა არ წყდება. იმისთვის ადგილობრივი ხელისუფლებაა და საკრებულოები აქვს იმას. აი, ამ კაცს თურმე არ გაურჩევია ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო ქვეყნის პარლამენტისაგან.” (სტილი დაცულია)

ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლების ყველა შტოს საკუთარი ფუნქცია აქვს და ეფექტი სწორედ ამგვარ განაწილებას მოაქვს, პარლამენტი უნდა ქმნიდეს სისტემას, რომელიც პრობლემას დეპუტატის ჩარევის გარეშე მოაგვარებს. ამგვარი სისტემის აგება კი მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის პროფესიონალებს შეუძლიათ. საქართველოსგან განვითარებულ სახელმწიფოებს ისიც გამოარჩევს, რომ იქ პარლამენტის წევრებად - მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალიზმის ნიშნით - ცნობილ სპორტსმენს, მსახიობს, მუსიკოსს ან არქეოლოგს არავინ მიიწვევს: [ნიკო მელიქაძის ხმა] ,,არქეოლოგს, იმ ელექტროინჟინერსაც და იმ გამომცემელსაც აქვს თავისი ფუნქცია. ეს არის მთავარი. მაგრამ არა ის, რასაც ის ჩემულობს. უნდა დაინახოს, სად არის მისი ადგილი. დღეს ჩვენ გვჭირდება ინფორმირებული ამომრჩეველი. ისევე როგორც ინფორმირებული დეპუტატობის კანდიდატი. ინფორმირებული თავისი როლის, ფუნქციის, იმ ინსტიტუტის ფუნქციის, როლის, საქმიანობის, სადაც მიდის. აი, ეს არის საჭირო! მაშინ არ გაბედავდა ის! მე რომ არქეოლოგს ვთხოვო, გლანდების ოპერაცია გამიკეთე, რა! - დამთანხმდება?! თუ გლანდების ოპერაცია რთულია და სახელმწიფოს მოწყობა - მარტივი?! სახელმწიფოს მოწყობა საყველაო საქმეა, ანუ ზოგადი განათლება... კი ბატონო, ბრწყინვალე არქეოლოგი, არაჩვეულებრივი გამომცემელი, ნუ, გადასარევი ელექტროინჟინერი... ძალიან კარგი! მერე, აქედან რა?!” (სტილი დაცულია)

სახელმწიფოს მართვის ყველა მონაწილეს საკუთარი ფუნქცია გააზრებული უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, ნიკო მელიქაძე განსაკუთრებით საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, საზოგადოებას სჭირდება თუნდაც მინიმალური ცოდნა იმის თაობაზე, თუ რა ადგილი აქვს პარლამენტს სახელისუფლებო სისტემაში და რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მომავალი საქმიანობისთვის აუცილებელ პროფესიულ მოთხოვნებს. და კიდევ, საარჩევნო პროგრამა, რომლის გარეშეც არჩევნებში მონაწილეობის პრეტენზია არ უნდა არსებობდეს:
[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,ვინც ჩემულობს პარლამენტში ადგილს, ყველა იმას დაწერილი პროგრამა არ გააჩნია. ამიტომ, უბრალოდ, იმან ვერ უნდა გაბედოს, წესით, პრეტენზიის გამოცხადება. საზოგადოებრივმა კულტურამ იმ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, როცა ვერავინ დღეს ვერ გაბედავს სადღაც, ბაზრის მოედანზე გამოვიდეს და ხმამაღლა ამტკიცოს, რომ ორჯერ ორი არის თვრამეტი. დაწერილი პროგრამის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. ამას თავისი სტრუქტურა აქვს, თავისი ფორმა, თავისი არგუმენტაციის წესი, რომელიც საშუალებას იძლევა გაიგო, არა მარტო რას ამბობ, არამედ ამოიკითხო და გაშიფრო ისიც, რასაც არ ამბობ, რაც აუცილებელი თანმხლებია პოლიტიკაში.” (სტილი დაცულია)

ნიკო მელიქაძე მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოებას დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრება სურს, ჩვეული არგუმენტები: მომწონს, ვენდობი, კარგი ქართველია, ან ჩემი მოყვარეა - არჩევნებისას არგუმენტად აღარ გამოდგება. ამ ვითარებაში არჩევანისთვის მოსახლეობას უნდა ეხმარებოდნენ პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი ექსპერტები და მასმედია, რომლებიც, სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასებით, ამ ფუნქციას სრულფასოვნად და მიუკერძოებლად ჯერჯერობით ვერ ასრულებენ.

ნინო როდონაია, რადიო “თავისუფლება", თბილისი
[მუსიკა]

ევროკავშირმა საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი დაიწუნა

წამყვანი:
,,ევროპის სოციალური ქარტია” საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წელს არის რატიფიცირებული, საქართველო მიუერთდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 16 კონვენციასაც - ნაკისრი აქვს ამ კონვენციებით გათვალისწინებული ნორმების დაცვა, რაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაგრამ, სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროკავშირის ახლახან გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობის მისამართით ყოველი მხრიდან ისმის უარყოფითი შეფასებები. რას უწუნებენ რეალურად საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ამ კანონმდებლობას? რა პრობლემებია შრომითი უფლებების დაცვის სფეროში და რას უქადის მომავალში ეს საქართველოს? ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

[იხ. აუდიოვერსია]

”მამობა” საქართველოში

წამყვანი:
ხუთშაბათს, 15 მაისს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ”ოჯახის საერთაშორისო დღე” აღინიშნა - დღე, რომელიც 1993 წელს გაერომ დააწესა და რომელიც მას შემდეგ ყოველ წელს განსხვავებული თემატიკის აქცენტირებით აღინიშნება ხოლმე. წელს ეს დღე მამებს მიეძღვნა - ოჯახში მათ როლს და ფუნქციას და აგრეთვე იმ ემოციურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც მამებს თითქმის ყველა კულტურაში უწევთ. როგორია ეს როლი საქართველოში - და რა სირთულეები ხვდებათ იქ სხვადასხვა თაობისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელ მამებს? ამის გარკვევას სალომე ასათიანი შეეცადა

სალომე ასათიანი:
ტრადიციული მნიშვნელობით, ოჯახში მამის როლისა და ფუნქციის განსაზღვრა ძნელი არ არის. მამა ეკონომიკური ბურჯი, მორალური პრინციპების გამტარებელი და დისციპლინის დამცველი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე - მარტივად და მკაფიოდ - არის მამის როლი ჩამოყალიბებული ტრადიციულ, სტერეოტიპულ და ერთგვარად იდეალიზებულ წარმოდგენებში.

მაგრამ, ალბათ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რეალურ, ყოველდღიურ ყოფაში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. მეტიც, ოჯახის ფენომენის მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, მამებს თითქმის ყველა ქვეყანასა თუ კულტურაში უამრავი ემოციური, ეკონომიკური და სოციალური სიძნელის გადალახვა უწევთ. ბევრი მამაკაცისთვის მამობრივი პასუხისმგებლობის შესრულება უკვე თავისთავადაა რთული ამოცანა. ხშირია, როდესაც მამა ოჯახიდან მიდის; უკიდურეს შემთხვევაში, მამა ოჯახში ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის დამამკვიდრებელ ფიგურადაც კი გვევლინება ხოლმე.

თუმცა, სიძნელეთა მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ საკითხებზე სოციოლოგები, ფსიქოლოგები თუ ანთროპოლოგები მსოფლიოში სულ ორიოდე ათწლეულია, რაც აქტიურად ალაპარაკდნენ. მანამდე, ტრადიციულად, ოჯახების შესახებ ჩატარებულ კვლევებში მთავარი აქცენტი ქალის როლსა და დედისა და შვილის ემოციურ ურთიერთობაზე კეთდებოდა. დღეს ოჯახში მამის როლის ირგლივ მკვლევართა ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება და, შესაბამისად, სულ უფრო ბევრი საინტერესო და პრობლემური ასპექტი გამოდის სააშკარაოზე.

დაახლოებით ასეთივე სურათი გვაქვს საქართველოში, სადაც, ამ საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, მამის სახე და ფუნქცია ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ და მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს მოუსმინეთ:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] ”მამა ნორმატიულად ქართულ კულტურაში ითვლება ოჯახის - და არამარტო ოჯახის - ლიდერად, სახედ, ხელმძღვანელად, უფრო ჭკვიან და უფრო ”სრულყოფილ” არსებად, ვიდრე ქალი, დედა. მაგრამ, რეალურად, დედას აქვს მეტი ფუნქცია, მეტი დატვირთვა და ამის ილუსტრაციაა, დავუშვათ, ქართვლის დედა - ეს არის ქალი, რომელსაც მამაკაცის ატრიბუტები აქვს. რეალურ ცხოვრებაშიც ირკვევა, რომ ლატენტური ლიდერი ოჯახში ხშირად არის ქალი. ის განსაზღვრავს შვილმა სად ჩააბაროს, სად იმუშაოს, ვინ შეირთოს, ვინ არ შეირთოს და ასე შემდეგ. მამის სოციალური როლი საქართველოში არის სუსტი. ცნობილია, რომ ისეთ კულტურებში, სადაც ასეა, მაღალია საზოგადოებაში აგრესიის დონე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, რისი მოწმეებიც ვართ საქართველოში.”(სტილი დაცულია)

ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც, მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, მამაკაცებს მამის ფუნქციის შესრულებას ურთულებს, ოჯახის წევრებთან - და განსაკუთრებით შვილებთან - ღრმა და უწყვეტი ემოციური ურთიერთობის დამყარებაა. მამა, რომელიც, პატრიარქალური ნორმების თანახმად, ძლიერი უნდა იყოს და ოჯახში დისციპლინას და მორალურ წესრიგს ამკვიდრებდეს, ხშირად ვერ ახერხებს ემოციების გამჟღავნებას. ფემინისტი და ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მამებისა და შვილების ურთიერთობაზე:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”თანამედროვე კვლევებით დადასტურებულია, რომ შვილებს მამის ფუნქციის აღწერა უფრო უჭირთ, ვიდრე დედის. ვთქვათ, მამის დახასიათებაც - ემოციურ პრედიკატებს იშვიათად იყენებენ, რაციონალურ პრედიკატებსაც. მამა მამაა, ავტორიტეტია; ის, რომ ის ჩემი მამაა - ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. თვითონ აღწერაც თავიანთი ემოციური დამოკიდებულებისა მამასთან ძალიან უჭირთ, მაშინ როდესაც დედის ფუნქციას, დედასთან დამოკიდებულებას უფრო ხატოვნად, უფრო სისხლსავსედ აღწერენ.”(სტილი დაცულია)

გაგა ნიჟარაძის აზრით, მამის ფუნქციისა და მამობის არსის გაგება საქართველოში მჭიდროდაა გადაჯაჭვული ”მამაკაცობის” შესახებ არსებულ უფრო ზოგად წარმოდგენებთან - ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულ სირთულეებს აჩენს მამებისა და შვილების, განსაკუთრებით კი მამებისა და ვაჟიშვილების, ურთიერთობაში:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ჩვენთან მამაკაცობის ატრიბუტები სხვა არის და დასავლეთში სხვა არის - თუმცა იქაც ასეთი იყო. ჩვენთან არის ფიზიკური სიძლიერე, სექსუალობა, აგრესია და არ არის, ვთქვათ, რაციონალობა, დაგეგმვის უნარი, ნებისყოფა და ასე შემდეგ, რაც არის მამაკაცობის ატრიბუტები თუნდაც, ვთქვათ, გერმანულ კულტურაში, ან ჩრდილოევროპულში. აგრესიულობა და სექსუალობა შვილებშიც მაღალ დონეზეა და ეს ითვლება, რომ არის კაცური კაცობა.” (სტილი დაცულია)

ეს აგრესია, ფსიქოლოგის აზრით, ქართულ რეალობაში საკმაოდ სპეციფიკური სიტყვიერი ფორმით ვლინდება:

”დავუშვათ, გავრცელებული გინება საკუთარ დედასთან მიმართებით, რომელიც, ასე ვთქვათ, სიტყვის მასალად იქცა უკვე, სინამდვილეში არის მამის შეურაცხყოფა და არა დედის. ”ჩემი დედა” - ნიშნავს რომ მამას წავართვი დედა.”

ცხადია, ისევე როგორც, ალბათ, ყველა სხვა ტრადიციული წარმოდგენა თუ სტერეოტიპი, მამისა და მამობის შესახებ შეხედულებებიც ტრანსფორმაციას ექვემდებარება. ოჯახების მოდელსა და სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფართო სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ კონტექსტში მიმდინარე ცვლილებები.

საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით მასშტაბური ტრანსფორმაციები განხორციელდა, რაც, ცხადია, ოჯახის სტრუქტურაზეც აისახა. ლელა გაფრინდაშვილის თქმით, დღეს საქართველოში ბევრი ოჯახია, სადაც მამისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას - ოჯახის ეკონომიკურ უზრუნველყოფას - დედა ახორციელებს. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, ეს ოჯახის შიგნით ძალაუფლების გადანაწილებაზე ნაკლებად ახდენს გავლენას:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”ამ ბოლო წლების ყბადაღებულმა, როგორც უწოდებენ, გარდამავალმა პერიოდმა, ბუნებრივია, შეცვალა რაღაცები ქართულ ოჯახშიც. მაგალითად, ოჯახის ეკონომიკური დონორი, უმრავლეს შემთხვევებში... - რეგიონული ჭრილიც აქვს ამას: არის რეგიონები, სადაც შრომითი მიგრანტი ქალების რაოდენობა ბევრად მეტია, მიგრანტ მამაკაცთან შედარებით - იქ ოჯახის ეკონომიკური დონორი, ძირითადად, არის ქალი, მაგრამ რაც შეეხება მის სტატუსს, სოციალურ სტატუსს, ეს სტატუსი მაინც დაქვემდებარებულია მამაკაცთან. ოჯახის უფროსად მაინც მამაკაცი ითვლება.”(სტილი დაცულია)

15 მაისს ”ოჯახის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტში გაერო წერს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა და სქესობრივი თანასწორობის ცნების საერთაშორისო აღიარებამ ბევრ კულტურაში მამის ინსტიტუტის ძირეული ცვლილება მოიტანა. ბევრ ქვეყანაში მამები თანაბრად მონაწილეობენ საოჯახო საქმიანობაში და, სირთულეების მიუხედავად, მაინც ცდილობენ შვილების აღზრდასთან დაკავშირებული ემოციური თუ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობის მიღებას.

საქართველოში ჯერჯერობით ამგვარი გადაფასება, ალბათ, არ მომხდარა. მაგრამ, ლელა გაფრინდაშვილს თუ დავუჯერებთ, ცვლილებები, შესაძლოა, არც იქ იყოს შორს:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] ”თუ დავაკვირდებით შედარებით ახალგაზრდა ოჯახებს საქართველოში, ვნახავთ, რომ რაღაცნაირ მოდადაც კი იქცა ახალგაზრდა მამების მხრიდან მზრუნველობა თავიანთ პირმშოზე, თუ მეორე და მესამე შვილზე. ეს სიმპათიურადაც კი განიხილება ახალგაზრდებში. მაგრამ საშუალო ასაკის ადამიანებში ჯერ კიდევ მუშაობს სტერეოტიპი და, ვთქვათ, უფრო ჭარმაგი ასაკის ადამიანებში მაინცდამაინც არ ითვლება სიმპათიურად ის, რომ მამა ძალიან ჩართული იყოს შვილების აღზრდაში.”(სტილი დაცულია)

სალომე ასათიანი, რადიო “თავისუფლება” პრაღა
[მუსიკა]

წამყვანი:
გადაცემის ბოლოს კინოზე ვილაპარაკებთ კანის კინოფესტივალთან დაკავშირებით. კანში - საფრანგეთის ამ, როგორც ამბობენ, მშვენიერ ქალაქში - ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო კინოფესტივალი, მსოფლიოში უდიდესი და ერთ-ერთი წამყვანი კინოფესტივალი, რიგით უკვე 61-ე, რომელიც ოთხშაბათს დაიწყო. მასთან დაკავშირებით კანშია მივლინებული, სპეციალური კორესპონდენტის რანგში, ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია. მას გადაცემის დაწყებამდე დავურეკე და თავდაპირველად ვთხოვე მოეთხრო ფილმების შესახებ, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში ჩართული. გთავაზობთ გიორგი გვახარიასთან საუბრის ჩანაწერს.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
კანის კინოფესტივალის შედეგებზე ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი გიორგი გვახარია “მეათე სტუდიის” შემდეგ გამოშვებაში გვიამბობს.

ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG