Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო აქტივობები


21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ასევე ოპოზიციის აქტივობა პიკს აღწევს.

შესაბამისად, ეს დღეები სავსეა საარჩევნო ყრილობებითა და სხვადასხვა სახის პრეზენტაციებით. თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტი უამრავ დაპირებას იძლევა და ამომრჩევლებთან სხვადასხვა პროექტების ინიცირების იდეით გამოდის. მაგალითად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ქუთაისის განახლების 100 დღიანი პროგრამა წამოიწყო. რა საპასუხო ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია და, საერთოდ, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია?

”ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი” - ამ დევიზით საქართველოს ხელისუფლებამ ქუთაისში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი წამოიწყო. ამ ქალაქში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, საგზაო დეპარტამენტისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყების გადატანის გარდა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც დაიწყო. ეს პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 მაისს საზეიმო ვითარებაში გახსნა. ასევე საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მშენებლობის დაწყება. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”დაახლოებით 6 თვეში აი, აქ აშენდება ეს შენობა, სადაც მოხდება ავტომობილების განბაჟება, გაფორმება...”

ქუთაისში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაიწყო - წყალმომარაგება, გაზიფიცირება და სხვ. დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების გაზიფიცირება იყო 16 მაისს ზუგდიდში საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს კომუნისტური ხანის გაზგამანაწილებელი ქსლის აღდგენა დასრულდება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ წინსვლას. ეს არის სასიცოცხლო საკითხი.”

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მთავარი კონკურენტი, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, მთავრობის რეგიონალურ აქტივობებს მმართველი პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანიას უკავშირებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”არჩევნების წინ კიდევ ერთხელ უნდათ მოატყუონ მოსახლეობა. არ უშველით არაფერი, რაც არ უნდა ატყუონ ამომრჩეველი ასფალტების დაგებით, მთავრობის გასვლითი სხდომებით არაფერი გამოუვათ.”

ზვიად ძიძიგური და მისი პოლიტიკური ძალა 18 მაისს თბილისში,სპორტის სასახლესთან,ოპოზიციის მომხრეების თავყრილობას აწყობს. ძიძიგურის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია,რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების გაყალბება ვერ გაბედოს.

კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა კი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია,17 მაისს სპორტის სასახლეში შეიკრიბა და პარტიული ყრილობა მოაწყო. ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციას სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”ჩვენი პრობლემა, ძვირფასო პოლიტიკოსებო, -ოპოზიციას მივმართავ, - არ არსებობს. არსებობს სააკაშვილის პრობლემა და ეს პრობლემა ერთდ მოვაშოროთ ჩვენს სამშობლოს...”

რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობას, ის 17 მაისს სხვადასხვა რეგიონის ამომრჩევლებთან შეხვედრებით შემოიფარგლებოდა.
XS
SM
MD
LG