Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მიმდინარე სამიტი მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკაზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირებას


რა გზებით შეუძლია ევროკავშირს რუსეთის ენერგეტიკასა და მისი ტრანსპორტირების გზებზე დამოკიდებულების შემცირება?

ეს გახლავთ მთავარი საკითხი, რომელსაც კიევში მიმდინარე ორდღიან სამიტზე განიხილავენ. ღონისძიებას ექვსი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან - მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი.

მიმდინარე სამიტით უკრაინა კვლავ ცდილობს დამკვიდრდეს სატრანზიტო დერეფნად, რომელიც კასპიის ზღვიდან ნავთობს აღმოსავლეთ ევროპაში გაიტანს. ეს მცდელობა კი რეგიონში რუსეთის ტრადიციული ენერგეტიკული დომინაციის დასუსტებას ისახავს მიზნად.

საქართველოს, აზერბაიჯანის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტების გარდა, სამიტს 30 ქვეყნის მაღალჩინოსნები ესწრებიან. იქვე არიან ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამიტის მონაწილე ქვეყნების ნაწილი მოსკოვს ენერგეტიკის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. რუსეთის ენერგეტიკასა და მის სატრანსპორტო საშუალებებზე დამოკიდებულების ხარისხი ევროკავშირსაც აშფოთებს.

სამიტის მონაწილეებს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯები საფრთხეს უქმნის ერთიანი ენერგეტიკული სივრცის იდეას:


"რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელი ქმედებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გაუქმებას უკავშირდება და რომლებსაც - მსოფლიო თანამეგობრობის პროტესტის მიუხედავად - საქართველოში ჯარების შეყვანა მოჰყვა, ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას, არღვევს ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრებულ სისტემას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ენერგეტიკული დერეფნის იდეას, ერთიანი ენერგეტიკული სივრცის იდეას."

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრა:

"საქართველოში სულ ახლახან გაიხსნა ახალი ნავთობტერმინალი, აზერბაიჯანის მონაწილეობით. ეს აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ახლა ჩვენ გვაქვს სამი წერტილი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნავთობის გატანა: სუფსა, ბათუმი და ყულევი. გაგვყავს რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, შუა აზიას, საქართველოსა და თურქეთს დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს და რომლის მშენებლობაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში დასრულდება."

კიევში მიმდინარე სამიტი პარასკევს მთავრდება. ღონისძიების მთავარი მიზნები უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ასე შეაჯამა:

[იუშჩენკოს ხმა]
”გთავაზობთ ჩვენი სამიტის პირველი დოკუმენტის მიღებას. დოკუმენტი ღონისძიებაში ჩართული ქვეყნების ექსპერტების მიერ იქნება შემუშავებული. ეს იქნება ერთობლივი დეკლარაცია ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების ენერგეტიკული სივრცის შექმნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის განხორციელება ბიძგს მისცემს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების შექმნას. განვითარდება ტექნიკური შესაძლებლობები წარმოების, ტრანზიტისა და კასპიის ქვეყნებიდან და სხვა რეგიონებიდან ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის.”

უკრაინას სურს, კასპიის ზღვის ნავთობი 670 კილომეტრიანი ნავთობსადენით შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესიდან პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ბროდში ჩაიტანონ. ეს გეგმა კი, თავის მხრივ, ოდესა-ბროდის პროექტის კიდევ უფრო გაფართოებას და მასში პოლონეთის საპორტო ქალაქ გდანსკის ჩართვას ითვალისწინებს.

თეორიულად, ნავთობი ოდესაში საქართველოდან შევა, შემდეგ კი ჩეხეთის, გერმანიისა და უკრაინის გადასამუშავებელ ცენტრებში გადანაწილდება. ვიქტორ იუშჩენკო ამ პროექტს კასპიის ზღვის ნავთობის ევროპაში გატანისთვის ყველაზე ეკონომიკურ გზად მიიჩნევს.

ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენის ამუშავებით უკრაინა, ცხადია, დიდ ეკონომიკურ მოგებას ნახავს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს პროექტი ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებასა და ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება;

ილჰამ ალიევმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა აზერბაიჯანის ინტერესი ამ პროექტის მიმართ:

[ალიევის ხმა]
”რაც შეეხება აზერბაიჯანულ ნავთობს, მისი ტრანსპორტირება შავი ზღვის აუზში თავისუფლად ხდება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება ოდესა-ბროდის ნავთობსადენის შესავსებად. მაგრამ ჩვენ თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო ფორმატზე ვსაუბრობთ, რომელიც მოიცავს გადამუშავებას, დისტრიბუციას. აზერბაიჯანის ნავთობი შევა უკრაინის ბაზარზე და, შესაძლოა, მის მეზობელ ქვეყნებშიც.”

თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროექტის განსახორციელებლად, ეს არც იუშჩენკოს და არც ალიევს არ დაუკონკრეტებია. თუმცა იუშჩენკომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს 5 ივლისს კიდევ ერთხელ შეხვდება. ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი ორი ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები პროექტის განხორციელების პერსპექტივებზე ანგარიშს წარმოადგენენ.

პროექტის მიმართ ინტერესს ყაზახეთიც იჩენს და მისი ჩართვა ვიქტორ იუშჩენკოსაც სურს.

მაგრამ ლონდონში განთავსებული ჯეინის საინფორმაციო ჯგუფის ანალიტიკოსის, მეთიუ კლემენტსის, აზრით, ასეთ პროექტში ყაზახეთის მონაწილეობა ძალიან შორეული პერსპექტივაა:

[კლემენტსის ხმა]
”ეს სამომავლო პერსპექტივა უფროა, რადგან ცენტრალური აზიის ნებისმიერი ქვეყნისგან ნავთობის და გაზის ევროპასა ან უკარინაში გატანა რეალურად ძალიან რთულია, თუკი ამის გაკეთებას რუსეთის გვერდის ავლით ცდილობთ. კასპიის ზღვის გასწვრივ, ბაქოს ჩათვლით, ტანკერების სამოძრაო მარშრუტები მოქმედებს, რომელიც მათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან აკავშირებს - შემდეგ თურქეთთან და მერე ევროპასთან.”

სავარაუდოდ, ევროკავშირი პროექტს აქტიურად დაუჭერს მხარს მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი და ევროკავშირის წევრი ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნები ეცდებიან თანამშრომლობა გააღრმავონ უკრაინასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან - ქვეყნებთან, სადაც გავლენის შესანარჩუნებლად ან დასაბრუნებლად რუსეთი დაუღალავად იბრძვის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG