Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ბოიკოტი


ოპოზიციის ბოიკოტის თემა საქართველოს პარლამენტში არახალია, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი მაინც განსხვავებულია:

21 მაისს არჩეული პარლამენტის ოპოზიციური სპექტრი, არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით, მთლიანად ემიჯნება საკანონმდებლო ორგანოს და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოდის. საპარლამენტო ბოიკოტის მონაწილეთა საერთო რაოდენობა, წინასწარი მონაცემებით, 31 დეპუტატია. მათ გარეშე საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის ახალ წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ. 26 მაისის მდგომარეობით, ამ მოწმობების მიღებასა და, საერთოდ, საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე უარს აცხადებენ გაერთიანებული ოპოზიციის, ლეიბორისტული პარტიისა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები. ამ ჩამონათვალში არიან რესპუბლიკელებიც, რომლებმაც სავალდებულო ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ მაჟორიტარული წესით ახალი მოწვევის პარლამენტში 2 დეპუტატი გაიყვანეს. 21 მაისის არჩევნების შედეგებით, 150 მანდატი პარლამენტში, სავარაუდოდ, შემდეგნაირად გადანაწილდება:

[ლევან თარხნიშვილის ხმა]“ ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით არ არსებობს. არსებობს წინასწარი შედეგები. წინასწარი შედეგების მიხედვით, დაახლოებით 119 დეპუტატი ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, 17 - გაერთიანებულ ოპოზიციას, 6–6 - ქრისტიანულ–დემოკრატიულ მოძრაობა-თარგამაძეს და ლეიბორისტულ პარტიას და 2 - რესპუბლიკურ პარტიას.“

ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომლისთვისაც გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც 21 მაისის არჩევნების შედეგების დაჯამებამდე ატყდა. მისი თქმით, საარჩევნო პროცედურების ვადების თანახმად, 31 მაისამდე შედეგები საოლქო კომისიებმა უნდა დაამტკიცონ, 8 ივნისამდე კი - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამ დროისათვის, დარღვევების გამო, საარჩევნო კომისიების მიერ გაუქმებულია 30 უბნის - ხოლო სასამართლოს მიერ 3 უბნის -მონაცემები. საჩივრების განხილვის პროცესი გრძელდება. ამ პროცესში ჩართული დამკვირვებელი ორგანიზაციის, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამ ეტაპზე, ვიდრე საჩივრების განხილვა ბოლომდე არ არის დასრულებული, არჩევნების შედეგების ზოგადი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასაწყებად ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება:

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“რეალურად რა მოხდება, ჩემთვის უცნობი, - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის პოლიტიკური სუბიექტები დეპუტატის მანდატთან მიმართებაში, - მაგრამ ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ორი მესამედის უფლებამოსილების აღიარება თუ მოხდა, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს შეუძლია შეუდგეს თავის საქმიანობას.შემდგომში ეს რა შედეგებს გამოიწვევს, ამაზე ვერ გეტყვით.“

იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდგომში, თავისი პასუხი აქვს რესპუბლიკური პარტიის წევრს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]“ეს არის პოლიტიკური აქცია, რაც ქმნის პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობას, წმინდად ფორმალურ–იურიდიულად ეს არაფერს ხელს არ უშლის, ვინაიდან ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიღებული მანდატების ორ–მესამედზე მეტი.“

ვახტანგ ხმალაძის აზრით, პოლიტიკური კრიზისის საფუძველია არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა და, შესაბამისად, ოპოზიციის მიერ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება.“ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში კი მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას, საპროტესტო აქციების ფონზე“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე. 26 მაისს კი საზოგადოების პოლარიზაცია სამხედრო აღლუმის დამსწრეებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორისაც იგრძნობოდა. რუსთაველის გამზირზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ნაკადი ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით უსწორდებოდა. იყო ურთიერთგაგების იშვიათი გამონაკლისიც.

[მოქალაქის ხმა]“ რა არის, იცით, ყველას თავისი პოზიცია აქვს. ვერ გაამტყუნებ. მე მაგათ ვერ ვამტყუნებ, მაგალითად. ეტყობა, იყო ისეთი დარღვევები, რომლებმაც ეს ხალხი გამოიყვანა წყობიდან. ეხლა არშესვლა პარლამენტში, ცოტა რთული საკითხია, რამდენად დადებითად იმოქმედებს გინდათ მათ იმიჯზე და გინდათ საქართველოს კეთილდღეობისთვის. რთულია ამაზე ერთაზროვნად რაიმეს თქმა.“ (სტილი დაცულია)

გვითხრა 26 მაისს ერთ–ერთმა მოქალაქემ ოპოზიციის მიტინგის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე. აქცია კი, სავარაუდოდ, 10 ივნისის ღამემდე დაიშალა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ 10 ივნისს დაინიშნება 21 მაისს არჩეული პარლამენტის პირველი სესია. სესიის ღამეს ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები, მხარდამჭერებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან და ერთობლივი ძალით შეეცდებიან პარლამენტის შენობაში არ შეუშვან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

XS
SM
MD
LG