Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - როგორი უნდა იყოს მისი საპროტესტო კამპანია


26 მაისს თბილისის ცენტრში მოწყობილი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ოპოზიციური ძალების გაერთიანებამ საპროტესტო მიტინგი


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოაწყო და კიდევ ერთხელ მოითხოვა მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნება. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემდგარ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ არ შეეგუებიან ხელისუფლების უზურპაციას, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და არ დაუთმობენ ქვეყანას არჩევნების გამყალბებლებს.. მაგრამ როგორი უნდა იყოს მათი ბრძოლის გზა, როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა?


ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლების პასუხი ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ასეთია:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”მთავარი გეგმა არის ის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის გაგრძელება. ”

ამას ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი.
მოძრაობა ”საქართველოს გზის” ლიდერი, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ლეგალურად, მაგრამ ჩვენ ლეგალურად არ დავუთმობთ არავის არაფერს, არც პარლამენტს, არც პირველ არხს და არც ქვეყანას. ”

უფრო მეტს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვერც ლეიბორისტი იოსებ შატბერაშვილი ამბობს:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] ”კონსულტაციები მიდის პერმანენტულად. ყოველ წუთს რაღაც იცვლება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ერთია: არ შევიდეთ პარლამენტში, სანამ არ დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.”

იოსებ შატბერაშვილის მიერ ნახსენები გადაწყვეტილების ერთგულება, არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა 26 მაისს მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს. ხელმოწერებს ”ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის” თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის ხელმოწერა აკლია. თუმცა, როგორც ცნობილია, 26 მაისს ის შეუერთდა ოპოზიციის საპროტესტო აქციას და თქვა ისიც, რომ ქრისტიან-დემოკრატები არ აპირებენ ახალ პარლამენტში მარტო დარჩენას ნაციონალური მოძრაობის პირისპირ... მემორანდუმის ხელმოწერისგან თავის შეკავებამ მაინც ბუნდოვანი დატოვა პასუხი შეკითხვაზე, იტყვიან თუ არა უარს დეპუტატების მანდატებზე ქრისტიან- დემოკრატები. მემორანდუმის დათქმა სწორედ ეს არის: ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალებმა უარი თქვან პარლამენტის წევრობაზე, უარი თქვან ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატებზე. ასეთი ქმედების საპირწონედ, იმის დასანახვებლად, რომ ხალხის ოპოზიციონერი რჩეულები არ აპირებენ ბრძოლას მხოლოდ ქუჩაში, ”გაერთიანებულ ოპოზიციაში” ალტერნატიული პარლამენტის შექმის იდეა გაჩნდა. მის არსს მანანა ნაჭყებია ასე განმარტავს:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] ” ამ პარლამენტს იმის სიამოვნებას არ მივანიჭებთ, რომ არ ვაკონტროლოთ რა კანონებს მიიღებენ, არ ვაკონტროლოთ ბიუჯეტს როგორ დახარჯავენ. ოპოზიციური ძალებისგან, რომლებიც გასული არიან პარლამენტში, შეიქმნება ალტერნატიული პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. ”

მაგრამ სწორედ ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეა დაასახელა მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ მიზეზად გადაწყვეტილებისა, დაეტოვებინა ”გაერთიანებული ოპოზიციის” რიგები. ალტერნატიული პარლამენტის შექმნა დავითაიამ დაუშვებლად მიიჩნია, მისივე სიტყვებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. დავითაია მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციის საპროტესტო აქციებში, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, თუმცა პასუხისმგებლობას არ აიღებს ალტერნატიული პარლამენტის შექმნაზე.

მანანა ნაჭყებიას მიერ განმარტებულ იდეასთან დაკავშირებით ”გაერთიანებული ოპოზიციის” შეკრებაზე შეკითხვების დასმას აპირებს გია ცაგარეიშვილი. ამის შესახებ მან რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა :

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ” რა საწყისებზე შეიქმნება? ვინ იქნებიან წარმომადგენლები? როგორი იქნება სამუშაო გრაფიკი? რას ვაპირებთ ზაფხულში? ზაფხული არის მკვდარი სეზონი. სექტემბერ-ოქტომბერში ხალხის გამოღვიძება ძნელი იქნება. პროცესები ძალიან დინამიურად წარიმართება. მე მინდა, რომ ჩვენ არ მოვწყდეთ ამ პროცესს და არ აღმოვჩნდეთ თამაშგარე მდგომარეობაში. მე თუ ამ ხიფათს დავინახავ, ამაზე ვისაუბრებ და არ მოვერიდები არავის და არაფერს. ”

მოკლედ, მოქმედების გეგმასა და სტრატეგიასთან დაკავშირებით ოპოზიციის რიგებში არსებობს განსხვავებული ხედვები.. ორიოდე კვირაში კი ახლად არჩეული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.. ოპოზიცია აპირებს მოახდინოს პარლამენტის შეკრების ბლოკირება... სახელისუფლებო ძალა კი მის წარმომადგენლებს პარლამენტში მუშაობისკენ მოუწოდებს, ხოლო ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეასთან დაკავშირებით შეახსენებს, რა მოიტანა მსგავსი იდეით მოქმედებამ 90-იან წლებში.


XS
SM
MD
LG