Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია


შეერთებულ შტატებში დასრულდა შიდაპარტიული არჩევნები - პრაიმერი.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ეპიკური და დრამატული ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა სენატორმა ბარაკ ობამამ. თუმცა მის მეტოქეს, ჰილარი კლინტონს არ უღიარებია დამარცხება. 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას მეტოქე რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი იქნება.

ბარაკ ობამას გამარჯვებით დასრულდა 16-თვიანი დაძაბული, სასპენსით აღსავსე კამპანია, რომლის მანძილზე ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა სენატორი ქარიზმატულ ეროვნულ ლიდერად იქცა მთავარი მესიჯით - ის ამერიკელებს ცვლილებას ჰპირდება.

სამშაბათს მინესოტის შტატის ქალაქ სენტ პოლში თავის მომხრეთა წინაშე გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ შეასრულებს ამ დაპირებას:

[ობამას ხმა] "დადგა ჩვენი დრო. დადგა ჩვენი დრო, რომ წარსული პოლიტიკის გვერდი გადავშალოთ. დადგა ჩვენი დრო, რომ ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით გავუსწოროთ მზერა ჩვენს გამომწვევებს. დადგა ჩვენი დრო, ახალი მიმართულება მივცეთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც გვიყვარს."

ობამას ბევრჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა მისმა მომხრეებმა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სლოგანით Yes We Can - "დიახ, ჩვენ შეგვიძლია!":

[ობამას მომხრეთა ხმა]

ეს სლოგანი ობამას მრავალი მომხრის ყურამდე აღწევს, ვინაიდან ის გამოხატავს მთელ იმ წინაღობებს, რომელთა დაძლევაც მოუწია მათ კანდიდატს ხანგრძლივი ბრძოლის მანძილზე.

თექვსმეტი თვის წინათ პოლიტიკურმა მიმომხილველებმა ნაადრევი განაჩენი გამოიტანეს, როცა წინასწარმეტყველებდნენ, რომ ყოფილი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი გახდებოდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ის საგრძნობლად ლიდერობდა, დიდი იყო მისი პოლიტიკური კავშირები და ფინანსური რესურსები.

ამის საპირისპიროდ ობამას წარმოადგენდნენ, როგორც უცნობ, ზედმეტად ახალგაზრდა, ზედმეტად გამოუცდელ პოლიტიკოსად. თანაც, მრავალთა აზრით, შავკანიანი ვერ გახდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი.

ჰილარი კლინტონმა მიულოცა ობამას გამარჯვება, მაგრამ შეჯიბრიდან გამოთიშვაზე უარი თქვა:

[კლინტონის ხმა] "ახლა გასარკვევია, აქიდან რა მიმართულებით წავალთ. და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენს მივაღწიეთ და საით უნდა წავიდეთ როგორც პარტია, ეს ის შეკითხვაა, რომელსაც იოლად ვერ ვუპასუხებ. ეს ხანგრძლივი კამპანია იყო და მე დღეს არ მივიღებ გადაწყვეტილებას."

ახლა დაიწყება მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ რა როლი შეიძლება შესთავაზონ კლინტონს, რათა შეწყვიტოს კამპანია და მხარში ამოუდგეს ობამას. მოსალოდნელია უამრავი პოლიტიკური მანევრი კულისებს მიღმა. ვინაიდან ყველა ერთი აზრისაა, რომ პარტია არ შეიძლება გახლეჩილი დარჩეს, თუკი ნოემბერში მაკკეინის დამარცხება სურს.

თავის გამოსვლაში ობამამ პატივი მიაგო ჰილარი კლინტონს. რაც შეეხება თავის მთავარ მეტოქეს, რესპუბლიკელ ჯონ მაკკეინს, ის მან მოქმედი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის კლონად წარმოადგინა. ბუშისა, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია ამერიკის ეკონომიკის ჩავარდნისთვის:

[ობამას ხმა] " ეს არ არის ცვლილება, როცა ჯონ მაკკეინმა გადაწყვიტა 95 პროცენტით ჯორჯ ბუშის გვერდით ყოფნა, რაც მან გასულ წელს სენატში გააკეთა. ეს არ არის ცვლილება, როცა იგი კიდევ ოთხი წლით გვთავაზობს ბუშის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც ვერ შეძლო კარგად ანაზღაურებული სამუშაო ადგილების შექმნა, ან ჩვენი მშრომელების დაზღვევა, ანდა ამერიკელების დახმარება კოლეჯების დარამატულად გაძვირებულ ხარჯებთან გამკლავებაში - ამ პოლიტიკამ შეამცირა საშუალო ამერიკული ოჯახის რეალური შემოსავალი, გაზარდა უფსკრული უოლ სტრიტსა და მცირე ბიზნესს შორის და ჩვენს შვილებს ვალების მთა დაუტოვა."

ერაყში ომის საკითხში ობამასა და მაკკეინის პოზიციები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუკი დემოკრატი პოლტიკოსი ომის დაწყებიდანვე ეწინააღმდეგებოდა მას, ვიეტნამის ომის ვეტერანი მაკეეინი აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში მზადაა, ასი წელი გააგრძელოს იგი.

მიმომხილველთა აზრით, მაკკეინი, მრავალი თვალსაზრისით, კლინტონზე უფრო მძიმე მეტოქე იქნება ობამასთვის.

პრაიმერიმ აჩვენა, რომ საბოლოო წარმატების მისაღწევად ობამამ ჯერ კიდევ უნდა მოიპოვოს მრავალი ამომრჩევლის გულები. ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს და ხანდაზმულ, მუშათა კლასის წარმომადგენელ ამერიკელებს.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ამერიკელი ხალხი უკმაყოფილოა დღევანდელი ვითარებით. ამას სოციოლოგიურ გამოკითხვებში პრეზიდენტ ბუშის სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელიც მოწმობს.

ნამდვილი შეჯიბრი წინაა.
XS
SM
MD
LG