Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა


4 ივნისს ერაყში, დაიალას პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა "ქლეარის" მახლობლად,

ერთ-ერთი გამშვები პუნქტის დაბომბვისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ბატალიონის ათეულის მეთაური, 28 წლის ირაკლი კორძაია, დაიღუპა. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფმა საქართველოს სამხედრო კონტინგენტმა უკვე მესამე ჯარისკაცი დაკარგა. რამ გამოიწვია მსხვერპლი და რას ფიქრობენ რიგითი მოქალაქენი ერაყში საქართველოს სამხედრო მისიის შესახებ?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერაყში სამხედრო ბაზა "ქლეარის" მახლობლად ერთ-ერთი გამშვები პუნქტის დაბომბვისას ქართველი ჯარისკაცების დამხმარე ჯგუფი გამოიძახეს. სწორედ ამ დროს, განმეორებითი დაბომბვისას, დაიღუპა სერჟანტი ირაკლი კორძაია. შემთხვევა 4 ივნისს ერაყში, ადგილობრივი დროით, 21.00 საათზე მოხდა. ამ ფაქტის შესახებ საქართველოს საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიგა ტატიშვილმა აუწყა:

[გიგა ტატიშვილის ხმა] ”ხელმეორედ დაბომბვისას დაიღუპა მეცამეტე ბატალიონის ათეულის მეთაური ირაკლი კორძაია. აქვე მინდა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამძიმარი გამოვუცხადო მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს. რა თქმა უნდა, დადგენილი წესისამებრ, ყველა ხარჯებს გაიღებს თავდაცვის სამინისტრო.”(სტილი დაცულია)

ირაკლი კორძაიას მსგავსად, 1 თვის წინ, სწორედ ”ქლეარის” ბაზის მახლობლად სამხედრო პატრულირების დროს, დაიღუპნენ გიორგი მარგიევი და ზურაბ გვენეტაძე. როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ამ ქლეარის რეგიონში საკმაოდ დაძაბული სამხედრო ვითარებაა. ირაკლი ალადაშვილი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს თავად იმყოფებოდა ერაყში საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში და ერთი საბრძოლო მოქმედების თვითმხილველიც გახდა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ყველაზე მოქმედებს, როდესაც თავისი მეგობარი დაეღუპება ან დაიჭრება, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს ვინმეში შიშს იწვევს ან ვიღაც ფიქრობს, რომ აღარ მინდა და უნდა წავიდე სახლში. ითვლება, რომ ეს არის სამშვიდობო მისია, მაგრამ ყველა ვრწმუნდებით, რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო საბრძოლო ამოცანის შესრულება.”(სტილი დაცულია)

იმის გამო, რომ ერაყში საქართველოს ჯარისკაცების მისია სამშვიდობოდ ითვლება, მათ არ ენიჭებათ ომის ვეტერანის სტატუსი. ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ეს ნორმა უნდა შეცვალოს და ერაყიდან დაბრუნებულები ომის ვეტერანებად აღიაროს.

პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის შეთანხმების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 2000 კაციანი კონტინგენტი ერაყში მიმდინარე წლის დასასრულამდე იმსახურებს. ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის მომავალ წელსაც გაგრძელდება თუ არა ერაყში ქართველი ჯარისკაცების წარგზავნა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა შეხედულებები აქვს, რაც ჩემ მიერ ქუჩაში გამოკითხული მოქალაქეების მოსაზრებებიდანაც ჩანს:

[მოქალაქეთა ხმა] ” მძიმე გაჭირვება და ეკონომიკა აიძულებს თავი გაწირონ სხვის ქვეყანაში. ჯობია თავის ქვეყანას ემსახურონ.”

”ჩემი აზრით, ომია და მსხვერპლი გამორიცხული არ არის.”

”მსოფლიოში რაღაც წვლილი ჩვენც უნდა შევიტანოთ...”

”მე ვფიქრობ, რომ ერაყში არ უნდა იყვნენ ჩვენი ჯარისკაცები, ჯობია იბრძოდნენ თავისი ქვეყნისთვის, ვიდრე სხვისთვის.”
XS
SM
MD
LG